საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი იანოშ ჰერმანი დარწმუნებულია, რომ მიგრაციის კრიზისი ევროპაში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე არ აისახება.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ევროკომისია ამზადებს ანგარიშს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნიშნულების შესრულებაზე, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
"დარწმუნებული ვარ, მიგრაციის კრიზისი, რომელმაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოიცვა, ამ პროცესზე გავლენას არ მოახდენს. ევროკავშირი ძალისხმევას არ იშურებს, შეიმუშაოს საერთო პოლიტიკა მიგრაციის პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არ აისახება ევროკომისიის მუშაობაზე, შეაფასოს საქართველოს მიღწევები", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.