„შეწუხებულია აჭარელი გულშემატკივარი იმის გამო, რომ ხმის უფლება არ აქვთ“

„შეწუხებულია აჭარელი გულშემატკივარი იმის გამო, რომ ხმის უფლება არ აქვთ“

საფეხბურთო კლუბები „საბურთალო“ და ბათუმის „დინამო“ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ 22 კლუბთან ერთად ფედერაციაში არ აწევრიანებენ.

როგორც ისინი აცხადებენ, გადაწყვეტილება, რომლითაც 24 გუნდს ფედერაციაში გაწევრიანების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა, საფუძველს იყო მოკლებული.

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

„აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო კვლავ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა. არ დააკმაყოფილა იმ კლუბების თხოვნა, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრები არ არიან. იქნებ გვითხრან, რომელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას მივმართოთ, რომ წევრები გავხდეთ. ან როგორ უნდა მოვიქცეთ და რატომ არ უნდა ვიყოთ ფეხბურთის ფედერაციის წევრები“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, ის მიზეზი, რომელიც გუშინ ფედერაციის მხრიდან გაცხადდა, რომ რაღაც დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, არ არის მართალი. ჭუმბურიძის განმარტებით, ყველა დოკუმენტი ფეხბურთის ფედერაციის წევრებთან იყო შეთანხმებული, წინასწარ გაიარეს ყველა საკითხი და დოკუმენტები წესისამებრ ჩააბარეს. მისივე თქმით, ფედერაციის წევრებს უარის გამოცხადების არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ.

„100%-ით ვდებ თავს, რომ „საბურთალოს“ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა. ამასვე აცხადებენ სხვა კლუბის წევრები. დარწმუნებული ვარ, ყველა დოკუმენტი სწორია და თუ რომელიმე დოკუმენტი სწორი არა, მოგვწერონ და შეიძლება გავასწოროთ“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ.

მისივე განცხადებით, ფედერაციის აღმასკომის წევრებს თავიდანვე ჰქონდათ დავალება, რომ გუნდებისთვის ფედერაციაში გაწევრიანებაზე უარი უნდა ეთქვათ.

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ მოვიპოვოთ წევრობა და ხმის უფლება. ყველა ორგანიზაცია ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი წევრი ჰყავდეს, თუ ის არ არის კრიმინალი და რამე დანაშაულში არ მიუძღვის ბრალი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პირიქით, ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები წევრი ჰყავდეს“, - განაცხადა ჭუმბურიძემ და აქვე აღნიშნა, რომ განხეთქილება და დაპირისპირება ქართულ ფეხბურთს კარგს არაფერს მოუტანს.

ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენელი მალხაზ მახარაძე კი აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო, ბათუმის „დინამოსათვის“ მიუღებელია. მისივე თქმით, გუნდი რომელიც UEFA-ს ტურნირებში წელს საქართველოს წარმოადგენდა, აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრი. 

„გადაწყვეტილება გასაოცარია და მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენს გარდა კიდევ სხვა გუნდებიც არიან, რომლებსაც ხმის უფლება არ აქვთ ყრილობაზე, ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ და ეს არადემოკრატიული ნაბიჯია ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ შეწუხებულები ვართ, შეწუხებულია აჭარელი გულშემატკივარი იმის გამო, რომ ხმის უფლება არ გვაქვს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში ხმის მიცემით მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, - განაცხადა მახარაძემ.

ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ და გუნდს ხმის უფლება აუცილებლად უნდა მიეღო. მახარაძის თქმით, შემდგომში ბრძოლა გაგრძელდება.

ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ფედერაციაში გაწევრიანების მსურველი 24 გუნდის საკითხი განიხილეს, თუმცა, სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გაწევრიანების მსურველი გუნდების გაწევრიანების გადაწყვეტილება, რიგგარეშე ყრილობაზე იქნება მიღებული, რომელიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას განცხადებით, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ჩაინიშნება.

„აღმასკომმა იმსჯელა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 24 გუნდის მიერ წარმოდგენილი საბუთები ტექნიკურად სრულყოფილი არ იყო. ვერცერთმა გუნდმა ვერ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. გუნდების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე ყრილობაზე ვიმსჯელებთ, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ჩაინიშნება“, - განაცხადა ფირცხალავამ.