უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შესახებ პეტიცია გამოჩნდა. პეტიციის ავტორი წერს, რომ სააკაშვილმა სამთვიანი გუბერნატორობის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთი პირობის შესრულება, ამიტომაც უნდა გადადგეს.
"ოდესის მოსახლეობა რეალურ რეფორმებს ვერ ხედავს. სააკაშვილის ყველა რეფორმა მხოლოდ სიტყვებია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუებში ხდება, ინტერვიუების მიცემა კი გუბერნატორს ძალიან მოსწონს", - წერს პეტიციის ავტორი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ რეგიონში ინვესტიციებს მიიზიდავდა, ოდესაში "ერთი ინვესტორიც" კი არ გამოჩენილა.
"ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს, გადააყენოს სააკაშვილი თანამდებობიდან. ექსპერიმენტმა არ გაამართლა. დროა, ეს გულწრფელად ვაღიაროთ", - ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციას ამ დროისათვის 100-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული ინიციატივა განიხილოს, საჭიროა 25 000 ხელმოწერის შეგროვება.
პეტიცია ვებგვერდზე 15 სექტემბერს აიტვირთა და ის 90 დღის განმავლობაში იქნება. აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოჩნდა კიდევ ერთი პეტიცია, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშნვნას ითხოვდნენ. პეტიციას საკმარისი ხელმომწერი უკვე ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივა მთავრობაში უნდა განიხილონ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორად მაისში დანიშნეს.