დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართება

დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართება

ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 70-ე სესია გაიხსნა. როგორც გაერო-ს ოფიციალურ გვერდზე წერია, გენერალური კომიტეტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. გენერალური დებატები კი 28 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება. 

გენერალური ასამბლეა წელს საიუბილეო იქნება, მასზე დასწრებას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი გეგმავს, მათ შორის იქნება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. 

გარდა ამისა, ასამბლეაზე დასასწრებად ჩავა რომის პაპიც. ასამბლეის პარალელურად, გაიმართება ოფიციალური შეხვედრები. მაგალითად, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრა. 

გენერალური ასამბლეა გაერო-ს მთავარი სათათბირო ორგანოა, სადაც წარმოდგენლია ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანა. თითოეულ სახელმწიფოს ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვს. გენერალური დებატები წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე იმართება.