ფოთის რკინიგზის სადგურში სამგზავრო მატარებლისა და თბომავლის შეჯახების შესახებ სს "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები მომხდარი ფაქტის შესწავლას აწარმოებენ.
„ფოთის სადგურში გაჩერებული ელექტრო სექცია კერძო ოპერატორის კუთვნილმა თბომავალმა დააზიანა. კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა დაარღვიეს მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა აღნიშნული შემთხვევა. მომხდარის შედეგად მცირედით დაზიანდა მოძრავი შემადგენლობა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ მომხდარი ფაქტის შესწავლას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ფოთის რკინიგზის სადგურში სამგზავრო მატარებელსა და თბომავალს შორის შეჯახება მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
სამგზავრო მატარებელი თბილისი-ფოთის რეისს ემსახურებოდა. როგორც „პირWელს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათივე ცნობით, შეჯახების შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზაზე ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.