პარლამენტის აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას უსმენენ, ხმაურით მიმდინარეობს.
სამი კომიტეტის სხდომა თავიდანვე რეპლიკებისა და შეკამათების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა სიტუაცია დეპუტატ აკაკი ბობოხიძის გამოსვლის შემდეგ გამწვავდა. ბობოხიძემ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მათ შორის მეღვინეობის დარგში ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრობლემა შექმნილია იმით, რომ მმართველმა გუნდმა სწორება მთლიანად რუსულ ბაზარზე აიღო და არ სცადა ბაზრის დივერსიფიცირება.
ბობოხიძის გამოსვლას მოჰყვა დეპუტატ შოთა ხაბარელის ხმამაღალი განცხადება, შეეჩერებინათ მისთვის სიტყვით გამოსვლა, რადგან, ხაბარელის შეფასებით, ბობოხიძე მევენახეთა პრობლემას მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. კამათში ჩაერთნენ თავად კახეთიდან ჩამოსული გლეხები, რომლებიც სიტყვით გამოსვლას ითხოვენ და ამბობენ, რომ მათ აინტერესებთ კონკრეტული პასუხი ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით.
მხარეების დამშვიდებას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მანდატურები ცდილობენ. ამასთან, სხდომის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ მანდატურებს სთხოვა, დარბაზი მედიის წარმომადგენლებსაც დაატოვებინონ, ვინაიდან ისინი ინტერვიუებს სხდომის დარბაზში წერენ.