რუსთავის მერიის  წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტები - ხელახლა გასაკეთებელი ძალიან ბევრია

რუსთავის მერიის წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტები - ხელახლა გასაკეთებელი ძალიან ბევრია

რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა. თუმცა, სანამ მასზე სამუშაოები დასრულდებოდა, მოედანი საზეიმოდ არაერთხელ გახსნეს. ოქტომბერში “რუსთავქალაქობაზე“ ჩამოსული ვანო მერაბიშვილი მოედნის იმ მხრიდან შემოიყვანეს, სადაც ახალი ფილები უკვე დაგებული იყო. 

მერაბიშვილს, ცხადია, დიდად არც აინტერესებდა მოედანი, თუმცა რუსთაველებისთვის  საკითხი მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, რომ მოედანი საბიუჯეტო თანხებით გაკეთდა და ახლა ირკვევა, რომ გაკეთებულ მოედანზე “გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. 

რეკონსტრუირებულმა მოედანმა სამი თვეც ვერ გაძლო. მოედნის შუა და მარჯვენა მხარეს დაგებული ფილები აცვივდა და დაიწყო მუშების გაუთვაებელი “კაკუნი“.

“წუხელ მთელი ღამე მუშები კაკუნობდნენ. ალბათ, აჩქარებდნენ არ უნდოდათ ხალხს დაენახა, რას დაემსგავსა მათი ნაქები და რესტავრირებული ადგილი. ვერ მოასწრეს და აგერ კი ხედავთ, რომ კიდევ მუშაობენ. უხარისხოდ არის სამუშაოები ჩატარებული. აბა, ვის გაუგია ჩაცემენტებული ფილები ორ თვეში ძვრებოდეს?! ფული რაში დახარჯონ და საიდან რა სარგებელს გამორჩნენ, არ იციან. რაც შეეხება ყინვას, ალბათ, ისინიც იტყვიან ყინვისაგნ დაზიანდაო, სხვა მოედნებიც არის ფილებით  მოპირკეთებული, მაგრამ არსად არაფერი აცვენილა და გაუბედურებულა“- საუბრობს რუსთაველი, დავით ჩუბინიძე.   

მოედნის რეკონსტრუქციის პერიოდში პრესაგე.ტვ-მ  ამ თემაზე რუსთავის თვითმმართველობის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელი, ბესიკ თუთბერიძე ჩაწერა.

„მოედნის რეკონსტრუქციაზე 648 858 ლარი დაიხარჯება. პროექტს ახორციელებს „გზატკეცილი +“ – გვიხსნიდა თუთბერიძე. თავის მხრივ რუსთავის მერიის ახალი მოედნით ამაყობდნენ ქალაქის  პირველი პირები.

„წელს უკვე დავიწყეთ და კეთდება მერიის წინ მდებარე ცენტრალური მოედანი, ხდება მისი მოკირწყვლა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზატკეცილი +“ შემოიტანს საზღვარგარეთიდან ფილებს, რომლებიც ჩვენი მოთხოვნით საკმაოდ მაღალი ხარისხის იქნება. მთელი მოედანი მოიკირწყლება, იქნება ორნამენტები“ -უყვებოდა ადგილობრივ ჟურნალისტებს, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძე.

დღეს კი, დაზიანებულ მოედანზე კომენტარს მისი პრესსამსახური აკთებს: “ყველა ხარვეზი, რომელიც მოედანს აქვს იმ კომპანიის მიერ გამოსწორდება, ვინც მის რეკონსტრუქციაზე  მუშაობდა. საუბარია კომპანია “გზატკეცილი +“ -ზე. ჩვენ ამ სამუშაოებისთვის არაფრის გადახდა არ გვიწევს. ვფიქრობთ, რომ მოედანი ძლიერმა ყინვამ დააზიანა“.

რუსთავის მერიისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ პროექტზე მომუშავე ადამიანებს. “ჩქარა, ჩქარა-ო გვადგნენ თავზე და იმიტომ მივიღეთ ასეთი შედეგი. მშენებლობის საქმეში ყველაფერს თავისი დრო აქვს“ - უხსნიდნენ მუშები ადგილობრივ მოსახლეობას.

მოედანი არ არის რუსთავის მერიის ერთადერთი წარუმატებელი პროექტი. გასული წლის ბოლოს, თანადაფინანსებით ქალაქის რამდენიმე კორპუსის სახურავი გამოიცვალა. მოსახლეობამ ამ სამუშაოებისთვის საჭირო თანხის 10% გადაიხადა. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ბინა დაკეტილია, თითო ოჯახს 90 ლარის გადახდა მოუწია. უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ახალ გადახურული 21-ე მკ/რ, მე-10 და მე-4 კორპუსების ბინებში იატაკს ისევე წვიმდა, როგორც რეკონსტრუირებული მოედნის ფილებს.

აღმოჩნდა, რომ თანადაფინანსების პროექტში სახურავებთან ერთად საწვიმარი მილების მოწესრიგების და ყივნისგან დასაცავად  შეფუთვის საკითხი არ შედიოდა. შესაბამისად, სახურავზე დაგროვილი ნალექი დამსკდარი და გაყინული მილებიდან ვერ გამოვიდა, სამაგიეროდ კედლებს გაუყვა და მოსახლეობის საცხოვრებელ ბინებში შევიდა.