არქიეპისკოპოსი არისტარქი: ჯვრის მონასტრის თაობაზე  ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებზე არაფერი მსმენია

არქიეპისკოპოსი არისტარქი: ჯვრის მონასტრის თაობაზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებზე არაფერი მსმენია

 

იერუსალიმის საპატრიარქო იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული მხარისთვის გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებებს უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო   IzRus-ი ავრცელებს. საგენტოსთან საუბრისას საპატრიარქოს წარმომადგენელი არ მალავს გაოცებას თბილისში, ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებების შეინაარსთან დაკავშირებით.

არქიეპისკოპოსი არისტარქი ამბობს, რომ „ჯვრის მონასტერი თითქმის 330 წელია იერუსალიმის საპატრიარქოს საკუთრებაა“ და მას „არაფერი სმენია ქართულ მხარესთან რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოების შესახებ“.

„ასეთი მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ აუცილებლად გვეცოდინებოდა, რადგან ამ საკითხზე მოლაპარაკებების წარმოების და მისი განხილვის უფლება მხოლოდ იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოს აქვს“ - აცხადებს არქიეპისკოპოსი.

ჯვრის მონასტრის დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოს საპატრიარქოშიც.

„მის უწმიდესობას, ილია მეორეს, ვიზიტის პერიოდში შეხვედრები ქონდა როგორც სასულიერო, ისე საერო უმაღლესი რანგის პირებთან, მაგრამ ჯვრის მონასტრის შესახებ საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოს ეკლესიას ჯერჯერობით არა აქვს ინფორმაცია იმის თაობაზეც, საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს საქართველოს საპატრიარქოში.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ საუბრობს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროც.  ინტერნეტპორტალ  IzRus-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები ამ  განცხადებით გაკვირვებულები დარჩნენ.  კერძოდ, იმით, რომ , თითქოს უკვე დიდი ხანია იმართება მოლაპარაკებები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის გადაცემის თაობაზე.   ამის შესახებ რამე არც ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში იციან...

,,ჩვენთვის ეს ახალი ამბავია. მსგავსი არაფერი გვსმენია", - განაცხადა ისრაელის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა იჰალ პალმორმა.

სააკაშვილმა ინფორმაცია ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, ოკუპაციის კვირეულის  დღეებში   საქართველოს გასაბჭოების დღეს, 25 თებერვალს,  გორში  გაახმიანა.

,,რამდენიმე დღის წინ შევქმენი ჯგუფი რომელიც იმუშავებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე ქართული სახელმწიფოსთვის. ყველას მოვუწოდებთ, გვერდზე დაგვიდგეს ამ ამბავში. მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს. წელს იწყება ოშკისა და სხვა ქართული ძეგლების თურქეთის ტერიტორიაზე აღდგენა თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკების ფარგლებში“,-განაცხადა სააკაშვილმა.

აშკარაა, რომ სააკაშვილის მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული სახელმწიფოსათვის დაბრუნების საკითხზე მომუშავე ჯგუფის შექმნის შესახებ არაფერი იცოდნენ მისი მთავრობის წევრებმაც.

კულტურის მინისტრი ნიკა რურუა შეეცადა არ შეემჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადება მისთვისაც სიურპრიზი იყო. ამიტომ ჯგუფის წევრების არ დასახელების მიზეზად  „კონფიდენციალობა“ მოიშველია.

,,საქართველოსთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნება ადვილი საქმე არ არის, ეს ძალიან რთული პროცესია. ნაადრევი დასკვენების გაკეთება რეზულტატისთვის სასარგებლო არ იქნება. სამუშაო ჯგუფის წევრების ვინაობას და ტექნიკურ საკითხებს კონფიდენციალურად ვტოვებ, რეზულტატი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი სასწორზე დადება არ მიღირს“ ,- განაცხადა რურუამ.

პრეზიდენტის მიერ ჰაერში გასროლილი სიტყვებს მეტი დამაჯერებლობა  ვერც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შესძინა.  ნინო კალანდაძემ კომენტარი არა როგორც უკვე მომუშავე არამედ მომავალში შესაქმნელ ჯგუფზე გააკეთა.

,,რთული სათქმელია რა ეტაპზე არის მოლაპარაკებები. ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია. უნდა შეიქმნას  სამუშაო ჯგუფი, რომელიც  დაკომპლექტდება ორი ქვეყნის  საგარეო საქმეთა სამინისტროს,  დარგობრივი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებით.  შესაბამისად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ  პრეზიდენტის მიერ გაცხადებული  ინიციატივის შემდეგ კიდევ უფრო გავააქტიურებთ“ -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და იმედს იტოვებს, რომ    მეორე მხარე ამ საკითხს  უფრო აქტიურად გამოეხმაურება

მას შემდეგ რაც ისრაელმა ჯვრის მონასტრის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობა უარყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, კერძოდ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ჯვრის მონასტერთან დაკავშრებული საკითხები ეკლესიასთან „მჭიდრო კავშირის“ შედეგად გადაწყდება და ამ მიმართულებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

„საკითხის გადასაწყვეტად მუშაობს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ისრაელში. ეს საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, რადგან მრავალი სამართლებრივი საკითხია გადასაწყვეტი“, - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ამ საკითხზე მუშაობა „მიმდინარეობდა და მიმდინარეობს“.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ ურთიერთშეუთანხმებელი განცხადებების და ისრაელის მთავრობის წარმომადგენელთა კომენტარების შემდეგ აშკარაა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე მომუშავე ჯგუფი სინამდვილეში ჯერ არ შექმნილა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 25 თებერვალს გორში, სამხედრო აკადემიაში სტუმრობისას  გაკეთებული განცხადება სინამდვილეში მხოლოდ ქართული მხარის სურვილის გახმიანება იყო.

სურვილის, რომელიც ისრაელში ვიზიტის შემდეგ კიდევ ერთხელ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმაც გაახმიანა.

„ჯვრის მონასტერი თქვენ იცით რომ ქართული მონასტერია. ჩვენ იმედი გაგვიჩნდა რომ დაბრუნდება ის ძველი დრო, როცა ქართველები მოღვაწეობდნენ წმინდა მიწაზე“, - აღნიშნა ილია მეორემ.

ისრაელში, პალესტინაში მდებარე იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ამჟამად იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ისტორიული ცნობების თანახმად, ბერძნები ქართულ მონასტერს და მის ქონებას ჯერ კიდევ 1749 წლიდან დაეუფლნენ. შესაბამისად მონასტრის დაბრუნებისთვის ქართულ მხარეს არც თუ მარტივი სამუშაოების ჩატარება, როგორც ისრაელის, ასევე ბერძნულ მხარესთანაც მოუწევს.