ზაზა ხუციშვილი: „ბრძოლა წესების გარეშე“ დღესაც აქტუალურია

ზაზა ხუციშვილი: „ბრძოლა წესების გარეშე“ დღესაც აქტუალურია

როკ მუსიკა ყოველთვის ითვლებოდა პროტესტის გამოხატვის საუკეთესო საშუალებად. სწორედ ამ საშუალებას მიმართავს 1996 წლიდან დღემდე, ყველასთვის კარგად ნაცნობი ქართული როკ ჯგუფი "ვაკის პარკი." იყო დიდი შემოქმედებითი პაუზა თუმცა, ამ პაუზას ჯგუფისთვის ჩვეული პროტესტით გაჯერებული ახალი ჰიტი მოჰყვა:

ვინ აიგო სასახლე და მწვანე შუშის ხიდი?
ვის ამპარტავან გონებას გადაეკრა ბინდი?
ვის უნდოდა წაგებისთვის განწირული ომი?
ვის ეყოფა ქობალიას მოზელილი ღომი? 

- მღერის ჯგუფის ვოკალისტი, სიმღერისა და ტექსტის ავტორი ზაზა ხუციშვილი ახალ სიმღერაში სახელწოდებით "მიშა გვშია!" ჩვენი საუბრის მთავარი თემაც სწორედ ეს სიმღერა, მომღერლის ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა და ახალი ალბომზე მუშაობაა...

რა იყო თქვენი შემოქმედებითი პაუზის მიზეზი?

- ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი პირადი ცხოვრება იყო, 2004 წელს დავქორწინდი, შემდეგ გაჩნდა ბავშვი და რაღაც გარკვეული დრო ამ ყველაფერს ჩამოვშორდი, სიტუაციაც არ იყო შესაფერისი, ალბათ რაღაც დრო იყო საჭირო, იმისთვის, რომ ხელახლა დამეწყო მუშაობა. პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ძალიან აღტკინებული ვიყავი, მეგონა, რომ ყველფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ პოლიტიკა რომელიც გაცხადებული იყო თავიდანვე არ შესრულდა. მოხდა შოუ ბიზნესის დაყოფა, საერთოდ ხელოვნების ყველა სფეროს მთავარი შემკვეთი სახელმწიფო გახდა, რამაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპები პირდაპირ დაარღვია და შეიქმნა არაკონკურენტიანი გარემო. 

ამას ამ ათი წლის განმავლობაში მიხვდით თუ, რამე კონკრეტული ფაქტი მოხდა?

- დრო და დრო ყველაფერს ვხვდებოდი, მაგრამ როგორც ყველას მეც მოთმინება მქონდა. ვინც არ მუშაობს შეცდომებსაც არ უშვებს. პოლიტიკურად აქტიური ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი სიმღერას პოლიტიკაში ჩარევად მითვლის. მე მხოლოდ ჩემს შეფასებებს ვაკეთებ, ხაზს ვუსვამ, იმას რაც მომწონს და არ მომწონს. არავის არაფერს არ ვუკარგავ, რადგან უმადური ადამიანი არა ვარ. რაც შეეხება პოლიტიკური შეფასებების გაკეთებასა და გააქტიურებას მედიის მიმართულებით, ჩემთვის გარდატეხის მომენტი აგვისტოს ომი იყო, რომელშიც უდიდესი დანაშაული მიუძღვის, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებას და უმძიმესი შეცდომები საქართველოს. 

თქვენი სიმღერები ყოველთვის პროტესტით იყო გაჯერებული, თუნდაც ათი წლის წინ დაწერილი სიმღერაბრძოლა წესების გარეშეგავიხსენოთ, დღესაც ზუსტად იგივე ხდება, რაც თქვენ სიმღერის ტექსტში გაქვთ აღწერილი, გამოდის, რომ ამ ათ წელს არაფერი შეუცვლია?

- სამწუხაროდ ეს სიმღერა შეიძლება დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე მაშინ, როდესაც დაიწერა. სწორედ ეს არის ახალ ალბომზე მუშაობისა და ჩემი პროტესტის ამომავალი წერტილი. 

მოდი, სწორედ ამ ალბომში შემავალ ერთ-ერთ სიმღერასმიშა-მშიასშევეხოთ, რა გამოხმაურებები მოჰყვა მას?

- ამ სიმღერის გავრცელების საშუალება, რა თქმა უნდა, არა მაქვს, გამორიცხულია ნაციონალურმა ტელე და რადიომაუწყებლებმა ეს სიმღერა გაავრცელონ, თუმცა მაინც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტის საშუალებით, სადაც მისი რეკლამირება ხდება, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მოსმენილი, პერიოდულად შევდივარ და მონაცემებსაც ვნახულობ. ახლა ვქმნით ახალ ალბომს, "ანდერგრაუნდი" სადაც სხვა რვა სიმღერასთან ერთად ეს სიმღერაც შევა. ამას, ბონუსის სახით დაემატება „ბრძოლა წესების გარეშე“ სწორედ იმიტომ, რომ დღესაც აქტუალურია. ვფიქრობ, ალბომი მარტის ბოლოს გამოვა. რაც შეეხება სიმღერას "მიშა მშია" ძალიან მინდა მასზე კლიპი გადავიღო.

ასეთი სიმღერები გარკვეულწილად გამბედაობას მოითხოვს, მეთანხმებით?

- ალბათ. იცით რაა? მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ როცა დაიწერა "ბრძოლა წესების გარეშე“ სადაც ნაკლები კონკრეტიკა იყო, მაგრამ პირდაპირ იყო მითითებული მმართველ გუნდზე („როცა სიტყვას გართმევენ, თვითონ ასჯერ ითხოვენ, როცა ხვალინდელ დღეზე აღარ ფიქრობენ, როცა ღარიბთა ხარჯზე ცხოვრებას იწყობენ“) თქვენ წარმოიდგინეთ ბევრად უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს ვიდრე დღეს.

დღეს საფრთხე გემუქრებათ?

- არა, ღმერთმა დამიფაროს, მსგავსი არაფერი ყოფილა. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ინტერვიუს შემდეგ დედაჩემი აღელვებული მირეკავს, რომ გაიგოს გზაში ხომ არ მცემეს. ნამდვილად არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება სადაც ჩემს აზრს გამოვთქვამ და მერე მირეკავენ, რომ გაიგონ მშვიდობით მივედი თუ არა სახლში.

როკი ყოველთვის იყო პროტესტის გამოხატვის საშუალება, თუმცა საქართველოში დღეს პოლიტიკური პროტესტის გამოსახატავად სიმღერას იშვიათად იყენებენ, უფრო მეტიც, პირიქით ხდება, არსებობენ ხელისუფლების მეხოტბე მომღერლები...

- კი ბატონო, ეს იმის გამო ხდება, რომ საქართველო ძალიან ღარიბი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა ჩვენი პრეზიდენტი რასაც ლაპარაკობს, ყველა მონაცემებით მოლდავეთის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლება. გარკვეული მიმართულებებით პროგრესი ნამდვილად არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დადებით მომენტებს არავის ვუკარგავ, მაგრამ სწორედ მუსიკოსების მწირი შემოსავალი განაპირობებს მათ ამ მდგომარეობას. ბევრი მათგანი კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც მათ პროდუქტს გარანტირებული შემსყიდველი ჰყავს,- სახელმწიფოს სახით, ეს მარტო შოუბიზნესს არ ეხება, ეხება მედიასაც. იცით, რომ არის რამოდენიმე ტელევიზია, რომლისთვისაც არანაირი კონკურენცია და სურვილი იმისა, რომ სხვას არ ჰგავდნენ არ არსებობს. მათ იციან რაც აქვთ გარანტირებული,- ეძლევათ ფული და აკეთებენ იმ პროდუქტს, რომელიც ვიღაცას აინტერესებს, ეს ჩემთვის აბსოლიტურად უინტერესოა და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ სამ ნაციონალურ არხს მე აღარ ვუყურებ. სამართლიანობისთვის აღვნიშნავ, რომ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას ვადევნებ თვალს. 

ჟურნალისტების მიმართაც გაქვთ სერიოზული პროტესტი, მათთვის სიმღერის მიძღვნასაც აპირებდით...

- დიახ, მაქვს ასეთი სიმღერა დაწერილი, ჯერ არ გამოქვეყნებულა. შემიძლია მისამღერის ტექსტი ექსკლუზიურად გითხრათ:

ერთხელ ცხოვრობ ქვეყნად, ჩევანიც ერთი გაქვს
ღირსეული ცხოვრებისთვის წინ რამდენი წელი გაქვს?“

- სწორედ ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა, თუ პრეტენზია გვაქვს, რომ ვართ მართლმადიდებლური აღმსარებლობის ერი. უნდა ვიცოდეთ, რომ ცილისწამება უდიდესი ცოდვაა. ყველაფრის თქმა არ შეიძლება ეს სამშობლოს ღალატი და დაქცევაა. მხოლოდ სამთავრობოებზე არ მაქვს საუბარი, რადგან არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს.

ამ ბოლო დროს, ხშირად პოლიტიკური პროტესტის გამომხატველ სიმღერებს ოპოზიციური პარტიების პიარკამპანიად მიიჩნევენ, თქვენ თუ გსმენიათ საკუთარ შემოქმედებაზე მსგავსი რამ? 

- დიახ, ჩემს შემთხვევაში გავიგე, რომ მსგავსი სიმღერები ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის პარალელურად დამიწყია. ხანდახან, რაოდენ არასასიამოვნოც არ უნდა იყოს თავის მართლება გიწევს. ფიცილს ხომ არ დავიწყებ არა? ეს აბსოლიტურად უსარგებლო რამა ამ შემთხვევაში, ვინც არ მიცნობს იმათ გასაგონად ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ იმ წლის დასაწყისში ნინო ქაჯაიას პროექტში "ცხოვრება მშვენიერია" შევასრულე ერთი მსგავსი სიმღერა, შემდეგ 2009 წლის მიტინგზე, თეატრალური საკანი გაკეთდა რუსთაველის თეატრის წინ და იქ გამოვედი, ორი საპროტესტო სიმღერით.ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია, მაგრამ ეს ალიბი მაქვს. თუ იმის მტკიცებულება უნდათ, რომ ჩემი პროტესტი დღეს არ დაწყებულა. ძალიან გამიხარდება თუ ჩემს პროექტებს ვინმე დააფინანსებს, თუნდაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ან, სხვა ქართველი ბიზნესმენები, რომელთაგანაც ვიცი, რომ ძალიან ბევრს მოსწოს "ვაკის პარკის" მუსიკა. შეუძლიათ იმათ დააფინანსონ კლიპი, მაგრამ ახლავე გეტყვით არავინ გააკეთებს ამას, იმის გამო, რომ ხელისუფლება არ გააღიზიანონ. 

-არის თუ არა შანსი, რომ მალე რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გიხილოთ?

-ასეთ რამეს არ ვაპირებ, არც მიფიქრია და შემოთავაზებაც არ მქონია. ყველა პოლიტიკური პარტიის საბოლოო მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, მე კი, იქ ჩემ თავს ვერ ვხედავ. მომავალში არ ვიცი რა იქნება, მაგრამ დღეს უბრალოდ მინდა ქვეყანაში იყოს კონკურენტუნარიანი გარემო. ყველა მუსიკოსს ჰქონდეს თანაბარი პირობები და რეალურად გამოჩნდეს ვის რა შეუძლია თავისი ნიჭით. არ უნდა ვიყოთ პოლიტიკური ნიშნით დაყოფილები,- ჩვენიანებად და სხვისიანებად.