პროკურორი - ექსპერტმა დაადასტურა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის თავიდან ამოღებული ტყვიის შეცვლას სთხოვდნენ

პროკურორი - ექსპერტმა დაადასტურა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის თავიდან ამოღებული ტყვიის შეცვლას სთხოვდნენ

ექსპერტმა დაადასტურა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის თავიდან ამოღებული ტყვიის შეცვლას სთხოვდნენ, რაც არ გააკეთა, - ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმედგ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, პროცესზე დაიკითხა 4 მოწმე, მათ შორის ორი ექსპერტი, ერთი სოდ-ისა და ერთი კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. პროკურორის ინფორმაციით, დაკითხულმა ექსპერტმა ლეილა მეშველიანმა განაცხადა, რომ მას ტყვიის შეცვლას სთხოვდნენ, რათა გასროლა სპეცრაზმს დაბრალებოდა, რომელსაც ამაზე პასუხი არ მოეთხოვებოდა. კერძოდ, მისი თქმით, ექსპერტს დასკვნაში უნდა ჩაეწერა, რომ გასროლა ვაზაგაშვილის მისამართით არა ორი მეტრიდან, არამედ უფრო დიდი მანძილიდან მოხდა და ეს არ განუხორციელებია პოლიციას და გასროლა მოახდინა სპეცრაზმმა. 

"ვაზაგაშვილის გაკვეთის შემდეგ მისი თავიდან ამოღებული მაკაროვიდან გასროლილი ტყვია ექსპერტს უნდა შეეცვალა, რომ არ გამოაშკარავებულიყო პოლიციელი, რომელმაც გასროლა მოახდინა. ასეთ შემთხვევაში თუკი გამოაშკარავდებოდა, პოლიციელს პასუხი მოეთხოვებოდა და გასროლა უნდა დაბრალებოდა სპეცრაზმს, რომელსაც ამაზე პასუხისგებაში არ მისცემდნენ. ანუ ექსპერტს მაკაროვიდან გასროლილი ტყვია უნდა შეეცვალა სპეცრაზმის მიერ გასროლილი ტყვიით. ეს ექსპერტმა არ შეასრულა. შემდგომში ეს ტყვიები აღმოჩნდა იდენტიფიცირებისთვის უვარგისი", - განაცხადა პროკურორმა. 

გარდა ამისა, დღეს დაიკითხა სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი იოსებ ზამთარაშვილი. დაცვის მხარის წარმომადგენელი ადვოკატის, დავით ხაჟალიას განცხადებით, ზამთარაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ ირაკლი ფირცხალავას ძმის, ლევან ფირცხალავას შესახებ ინფორმაციის წყარო იყო ხუბულოვი. 

"ამ მოტივმა, რასაც გამოძიება ცდილობს, რომ დაამტკიცოს, კიდევ ერთხელ ფიასკო განიცადა. ექსპერტების დაკითხვით ბევრი რამ გამოიკვეთა. ბრალდება ამტკიცებს, რომ ვაზაგაშვილის ავტომობილიდან არ ყოფილა პოლიციის მისამართით გასროლა, მაგრამ მივალთ დასკვნამდე და ეს დადასტურდება და შესაბამისი ზომებიც იქნება მიღებული. ჩემი ღრმა რწმენით გამოკვეთილი მტკიცებულებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ განზრახ მკვლელობას, მით უმეტეს დამამაძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად, ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა დავით ხაჟალიამ. 
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მომდევნო სხდომა ბრალდების მხარის დაკითხვის ეტაპით 14 სექტემბერს, 11:00 საათზე განახლდება.