ეჭვი მეპარება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს და გადაწყვეტილება შეცვლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.
"ჩვენთვის ცნობილი იყო არასაპარლამენტო ოპოზიციის თუ პარლამენტში შემავალი პარტიების პოზიციები. ისინი პროპორციული არჩევნების სისტემაზე 2016 წლისთვის გადასვლას ითხოვენ, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება ასეთია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ამოქმედდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნებისთვის. თუკი შემდგომი არჩევნები ვადაში ჩატარდება, ეს 2020 წელს იქნება, ხოლო თუკი რიგგარეშე არჩევნები გაიმართება, შეიძლება იყოს – 2017, 2018, 2019 წელს. აი ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. შესაბამისად, ეჭვი მეპარება ამ საკითხზე უმრავლესობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს და გადაწყვეტილება შეცვლოს", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
კითხვაზე, რა გარემოებები და მიზეზები უშლის ხელს იმას, რომ ახალი საარჩევნო სისტემით არჩევნები 2016 წლისათვის ჩატარდეს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ "პარლამენტში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - მათ შორის ესეც".
"აქვე მინდა დავამატო, რომ თუკი ჩვენს ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიცია დაუჭერს მხარს, მაშინ 2016 წლის შემდგომი არჩევნები პროპორციული სისტემით ნამდვილად გაიმართება, ხოლო თუკი მას საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, მაშინ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ 2016 წლის შემდგომაც კი, ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს", - განაცხადა ხმალაძემ.
პარლამენტში, 81 დეპუტატის ხელმოწერით, საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის მრავალმანდატანი პროპორციული სისტემით შეცვალს ითვალისწინებს, თუმცა მმართველი გუნდი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2016 წლის არჩევნების შემდეგ გეგმავს. მანამდე კი დაგეგმილია ამომრჩეველთა ხმების გამოთანაბრების პრინციპით, რიგი ოლქების დაყოფა და რიგი ოლქების გაერთიანება.