Presage.tv-ს ინფორმაციით, რომელიც უშუალოდ „ნაციონალების“ აქტივისტებმა მოგვაწოდეს, ხელისუფლებამ მათ ახალი დავალება მისცა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათ „ქართული ოცნების“ წევრებზე ინფორმაციის მოპოვება ევალებათ. მაგრამ, რაც მთავარია, საკუთარი აქტივისტების გასაკონტროლებლად ახალი მექანიზმიც აქვთ შემუშავებული.
„დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს გადაბირებას შეეცდება და ვინც კი ამ თემაზე დაგველაპარაკება, ეს ჩვენს უფროსობას უნდა ვაცნობოთ. ყველას გვაქვს ეს დავალება და თან გვაკონტროლებენ. გვითხრეს, რომ შეიძლება ვინმე თავად ხელისუფლებამ გამოგზავნოს, ვითომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და ხომ ეცოდინებათ, ის რომ ჩვენთან მოვიდა და, თუკი მასზე არაფერს ვეტყვით, ხომ მიხვდებიან, რომ ეს ინფორმაცია დავმალეთ. ამიტომაც, ახლა ვინმემ გამარჯობა რომ გვითხრას, ჩვენს უფროსობას უნდა ვუთხრათ. თუ არ ვეტყვით, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, რა მოგვივა“, - გვითხრა „ნაციონალების“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, რომლის ვინაობას მისი უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ.
ამ ინფორმაციის გადამოწმება „ნაციონალების“ სხვა უბნის აქტივისტებთან ვცადეთ და, მაგალითად, გლდანში არამარტო დაგვიდასტურეს, არამედ ისიც გვითხრეს, რომ ინფორმაციის მიწოდება არამარტო იმ შემთხვევაში ევალებათ, თუ ვინმე მათ გადაბირებას შეეცდება, არამედ ვალდებულნი არიან, რომ ყოველდღიურად მიაწოდონ ინფორმაცია თუ ვინ რას ამბობს და ვის მიმართ აქვს პოლიტიკური სიმპათია. ამ ინფორმაციის არმიწოდების შემთხვევაში კი „დაისჯებიან“.
ფაქტია, რომ ხელისუფლება საკუთარ აქტივისტებსაც არ ენდობა და, წესით, ეს არც არის გასაკვირი. მაგრამ, ამაზე გაცილებით შემაშფოთებელი ის არის, რომ Presage.tv-ს ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს, რომ „ქართული ოცნების“ სახელით უკანონო ქმედებები ჩაიდინოს, რაზეც შემდეგ პასუხისმგებლობა უკვე ამ პოლიტიკურ ძალას დაეკისრება და გამორიცხული არ არის, რომ საბოლოოდ საარჩევნო რეგისტრაციაშიც არ გაატარონ.
საქმე ის არის, რომ ვიღაც ადამიანები სხვადასხვა რაიონში მიდიან მოსახლეობასთან და ეუბნებიან, რომ ივანიშვილი ხალხთან მართავს შეხვედრას და, თუ აქვთ სურვილი, წაიყვანენ და თანაც ჰპირდებიან, რომ ამ შეხვედრაზე მისასვლელად მათ 200-200 ლარს მისცემენ.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ივანიშვილის მოსახლეობასთან რაიმე შეხვედრის დაგეგმვას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას საკმაოდ ეშმაკური ჩანაფიქრი აქვს. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიას ამომრჩევლისთვის რაიმე საჩუქრის და ფულის მიცემა ეკრძალება. ამიტომაც გასაკვირი არ იქნება, თუკი ხელისუფებას სწორედ ამ სცენარის განხორციელება აქვს ჩაფიქრებული. მოსახლეობას ეტყვიან, რომ შეხვედრაზე ივანიშვილი ფულს არიგებს, მერე ამას გადაიღებენ და ეს მასალა შემდეგ უკვე იმის სათქმელად დასჭირდებათ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ძალა კანონს არღვევს.
ძნელი სათქმელია, საბოლოოდ ამას რა შეიძლება მოჰყვეს და ხელისუფლებას კონკრეტულად რა აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა მანქანა ამოქმედებულია.