თემურ ნანეიშვილი: „ამ კაცს ნათლად ეტყობა, რომ იგი წამების მსხვერპლია, მისი ოჯახი კი დატერორებულია“

თემურ ნანეიშვილი: „ამ კაცს ნათლად ეტყობა, რომ იგი წამების მსხვერპლია, მისი ოჯახი კი დატერორებულია“

28 თებერვალს ხაშურის რიაონის სოფელ ქვიშხეთის მკვიდრ სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებამ ქართულ საზოგადოებაში უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქიმერიძე ბინის ქურდობაში იყო ბრალდებული და ხაშურის რაიონის პოლიციაში იგი დასაკითად ყავდათ მიყვანილი, რის შემდეგაც ქიმერიძე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან მეორეზე ჩამოსვლისას კიბიდან გადმოვარდა და შენობის ვესტიბიულში დაეცა. შსს-ს ინფორმაციით სწორედ ასე მიიღო ქიმერიძემ დაზიანებები და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თუმცა მედიის საშუალებით გარდაცვლილი ქიმერიძის გავრცელებული ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ მას სხეულზე ისეთი დაზიანებები აქვს, რასაც კიბიდან გადმოვარდნისას ვერ მიიღებდა.

აღნიშნულის გამო უფლებადამცველები ითხოვენ ქიმერიძის გვამისთვის ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს რა ტიპის დაზიანებები აქვს მას მიღებული და რა ვითარებაში შეიძლებოდა მას მიყენებოდა ეს დაზიანებები. თუმცა გარდაცვლილის ოჯახი ამაზე უარს აცხადებს, ვინაიდან, როგორც ადგილზე ჩასული უფლებადამცველები და პოლიტიკოსები აცხადებენ, ქიმერიძის ოჯახზე პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა.

პირველ მარტს, სოფელ ქვიშხეთში ქიმერიძის სამძიმარზე ჩავიდნენ უფლებადამცველები, „ქართული აკადემიის“ და პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წევრები. თუმცა მათ ადგილზე დახვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებმაც ისინი ქიმერიძეების ოჯახში არ შეუშვეს. დღეს კი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ წევრები ქიმერიძეების ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა სოფელ ქვიშხეთიდან გამოყარეს.

ქვიშხეთში 1 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით presage.tv „ქართული აკადემიის“ წევრს, თემურ ნანეიშვილს ესაუბრა.
თემურ ნანეიშვილი: „აშკარად ჩანს, რომ ეს კაცი ისე არ არის გარდაცვლილი, როგორც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოგვიდგენს, რომ თითქოს სოლომონ ქიმერიძე გადმოვარდა კიბიდან. ამიტომ ოჯახი, ჩვენს სამოქალაქო მოვალეობად მივიჩნიეთ მიგვესამძიმრებინა ოჯახისთის, რომელიც ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. „ქართული აკადემიიდან“ ხუთნი ვიყავით, ასევე იყვნენ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, ქალბატონი ნანა კაკაბაძე, ქალბატონი ქეთი დოლიძე, ასევე „ჯაზუ“-ს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

რომ ჩავედით, ჩვეულებრივად მივედით და გვეგონა, რომ ჩვეულებრივად შევიდოდით სამძიმარზე და ამ გაუბედურებულ ოჯახს მივუსამძიმრებდით. ადგილზე მისულს იქ დაგვხვდა ძალიან ძვირადღირებული, ბოლო მოდელის მანქანები, რომლებიც წარმოუდგენელია, რომ იმ სოფლის მაცხოვრებლების ყოფილიყო. ამის დანახვაზე ჩვენ უკვე მივხვდით, რომ იქ რაღაც ხდებოდა. ქიმერიძეების ეზოში შესასვლელთან დაგვხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ზორბა ბიჭები, რომლებიც აშკარად იყვნენ პოლიციიდან. როდესაც ჩვენ მათ კითხვები დავუსვით - ვინ იყვნენ ისინი, იცნობდნენ თუ არა ქიმერიძეების ოჯახს, გამოვკითხეთ ამ ოჯახის წევრები სახელები, მათ არაფერი იცოდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც, ან პოლიციელი იყო, ან ნაცმოძრაობის აქტივისტი და ამ ადამიანებმა არ შეგვიშვეს პანაშვიდზე.

მოგვიანებით, როგორც იქნა მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი თანმხლები სამი ქალბატონი შესულიყო ქომერიძეების სახლში, თუმცა ნანა კაკაბაძეს ამ ადამიანებმა პოლიციური მანერით დაუპირეს გაჩხრეკვა. ჩვენ ამის უფლება არ მივეცით იმიტომ, რომ გაურკვეველია რა უნდა ჰქონოდა ნანა კაკაბაძეს ისეთი, რომ მისი შესვლა არ შეიძლებოდეს ოჯახში. ბოლოს ეს ქალბატონები შევიდნენ.

ჩვენ კი, გარეთ მყოფები ვეუბნებოდით ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ შიგნით არ გვიშვებდნენ, რომ მათ ოჯახებსაც როდესაც მიადგებათ ასეთი ზიანი და მაშინ თავის თავზე იწვნევენ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანი საკმაოდ დარცხვენილი და თავდახრილი იდგა, თუმცა ზოგიერთები მაინც ძალიან აქტიურ პოზიციაზე იყვნენ.

დაახლოებით რამდენი იყვნენ ეს ადამიანები, ვინც თქვენ სამძიმარზე არ შეგიშვათ?

- 20-30 კაცი იყო. მათ შორის იყო სულ 3-4 ადამიანი, რომელიც ძალიან დამორცხვებული იყო და ხმას არ იღებდა. როგორც მივხვდი, ესენი იყვნენ იმ სოფლის მკვიდრი პიროვნებები, რომლებიც დანარჩენებივით კარგად ჩაცმულები არ იყვნენ. დანარჩენები კი იყვნენ ისეთი ტიპები, რომლებსაც სახეზე აწერიათ, რომ პოლიციელები არიან.

თუ სცადეთ ამ ადამიანებთან კონტაქტში შესვლა?

- დიახ, ჩვენ ვეკითხებოდით, რატომ იქვეოდნენ ისინი ასე, რატომ არ გვიშვებდნენ სამძიმარზე. იცით როგორი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მათ უნდოდათ ჩვენ რაღაცნაირად გამოვეწვიეთ ძალადობაზე. ახლა ბატონ ნოდარ მგალობლიშვილისგან რომელ ძალადობაზეა საუბარი, გინდაც ჩემგან, ან იქ მყოფი ჩვენი თანხმლები პირებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირად არ გვიცდია, რომ ძალის გამოყენებით შევსულიყავით. უბრალოდ ვცდილობდით დაგვერწმუნებინა ის ადამიანები, ვინც იქ არ გვიშვებდა, რომ მათი საქციელი არ არის სწორი.

საერთოდ ამ ყველაფერმა ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა გასული საუკუნის 30-იანი წლები დააბრუნა საქართველოში. დააბრუნა კი არა, მიმაჩნია, რომ იმაზე უარესი რეჟიმი შექმნა იმიტომ, რომ მაშინ ფორმალურად სასამართლო მაინც ერქვა იმ ე.წ. „ტროიკებს“ . ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ქიმერიძის გვამს არანაირი ექსპერტიზა არ სჭირდება. ექსპერტიზა საჭიროა მაშინ, როდესაც გარეგნულად ფიზიკური ზემოქმედების ნიშნები არ ეტყობა, აქ კი პირდაპირ ჩანს, რომ ეს კაცი საშინლად არის ნაწამები.

ბატონო თემურ, მართალია, რომ სოლომონ ქიმერიძის დედას სურდა გვამზე ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ გარდაცვლილის მეუღლე იმდენად არის დაშინებული, რომ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა?

- ჩვენი თანმხლები ქალბატონები, ვინც მოახერხა სამძიმარზე შესვლა, ყვებოდნენ, რომ ქიმერიძის დედას უთქვამს, ხაშურში წაიღეთ გვამი და ექსპერტიზა ჩაატარეთო. შემდეგ გვერდით ოთახიდან მოესმა ქიმერიძის ქვრივის ხმა, ეს ქალბატონი შევიდა თავის რძალთან და იქიდან სულ სხვა აზრზე გამოვიდა. ეს ოჯახი დატერორებულია და ყველაფერზე თავს იკავებს.

და ბოლოს, ბატონო თემურ სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქიმერიძის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა ქვიშხეთიდანქართული ოცნებისწევრები გამოყარეს. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ეს არის სრული ტყუილი, მაგრამ მოდით ჯერ იმას ვიკითხავ - საიდან გაჩდნენ იქ „რუსთავი2“-ის და „პირველი არხის“ გადამღები ჯგუფები. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ქვიშხეთში წასვლა გადაწყვიტეთ დაახლოებით ერთ საათით ადრე და ამის შესახებ ინფორმაცია არ გაგვივრცელებია. სხვათაშორის იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი კამერაც იყო. გამოდის, რომ ჩვენ ყველას გვისმენენ და შემდეგ ამის მიხედვით მოქმედებენ.

რაც შეეხება თითქოსდა იქიდან ვინმეს გამოგდებას, ერთი გადაბრუნებული სიტყვა ჩვენ არავისგან არ მოგვისმენია. სხვათაშორის, არც პოლიციელებს არ მოუთხოვიათ ჩვენგან, რომ იქაურობა დაგვეტოვებინა, უბრალოდ ისინი სამძიმარზე არ გვიშვებდნენ, თორემ გამოყრაზე საუბარიც ზედმეტია.