გია გაჩეჩილაძის, ქეთათო ჩარკვიანისა და რობი კუხიანიძის ერთობლივ მუსიკალურ პროექტთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ აგორებული სკანდალი იმით დასრულდა, რომ ქეთათო ჩარკვიანი პროექტს გამოეთიშა. საქმე ეხებოდა სიმღერას, რომელიც გია ყანჩელის მუსიკაზე აიგო და შემდეგ, როგორც ამბობენ, პოლიტიკური ტექსტებით გაჯერდა.
როგორც ტელეკომპანია „რეალტივის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში თქვა, გიორგი გაჩეჩილაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ სატელევიზიო პროექტსა და მუსიკალური ნომრების ჩაწერაში კოლეგებს მონაწილეობა ისე მიაღებინა, რომ მათთვის პროექტის პოლიტიკურ დატვირთვასა და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ კამპანიაზე არაფერი უთქვამს.
დღეს კი, ამ პროექტის პრიოდუსერი გიორგი ასანიშვილი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს პროექტი, არა თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფინანსდება, არამედ საერთოდ არ არის დღემდე დაფინანსებული.
გიორგი ასანიშვილი: ეს პროექტი უკვე ორი წელია იწერება, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხსენებაც კი არ იყო, როგორც პოლიტიკოსის. ახლა ეს კუდი მოაბეს, რომ რაღაც ეჭვები გაჩენილიყო, თითქოს ივანიშვილი აფინანსებს. რეალურად უნდათ პროექტს ის ადამიანები გამოაცალონ, რომლებიც მასში არიან დაკავებულები. სამწუხაროდ დაფინანსება ჯერჯერობით არ გვაქვს და თუ იქნება ამას ნამდვილად არ დავმალავთ, პირიქით ძალიან გაგვიხარდება და იმასაც გავახმოვანებთ ვისგან იქნება.
-როგორც ვიცით, ქეთათო ჩარკვიანმა უკვე დატოვა პროექტი, ერთ-ერთ ინტერვიუში ის აცხადებდა, რომ ზოგადად, პოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობა მისთვის მიუღებელია.
-დიახ, მან უარი განაცხადა და უკვე არ მონაწილეობს ამ პროექტში. თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა, რადგან მისი შემცვლელი, შეიძლება ითქვას უკვე ვიპოვეთ.
კითხვაზე თუ რატომ აგორდა ამხელა სკანდალი ამ სიმღერის ირგვლივ პრიოდუსერმა გვიპასუხა: იმიტომ რომ ისეთი ქვეყანა შგვიქმეს, სადაც სიმღერაც კი საშიშად იქცა. ეს არის მუსიკა, რომლისაც უკვე ეშინია ამ მთავრობას. ვთვლი, რომ აბსურდია, მუსიკოსმა იფიქროს იმაზე რა უნდა იმღეროს, რა მოეწონება მთავრობას და რა არ მოეწონება, ასეთი რამე ბრეჟნევის დროსაც არ ხდებოდა, საბჭოთა კავშირში.