„საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პოლიტიკური მიზნით საჩუქრების გაცემის თემაზე კვლევის მასალებს აქვეყნებს. ორგანიზაციამ ამ პრობლემის კვლევა კდიევ ერთხელ მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ბოლოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება და დამატება შევიდა.
„ერთ-ერთი საინტერესო საკითხი პოლიტიკური მიზნით საჩუქრების გადაცემას ეხება. ცვლილებებამდე ასეთი ქმედება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იყო აკრძალული. ამიტომ ძალიან ხშირად წინასაარჩევნო პერიოდამდე პოლიტიკური გაერთიანებები მოხერხებულად იყენებდნენ კანონის ამ ხარვეზს და ამომრჩევლისთვის თავის მოწონებას სხვადასხვა ტიპის საჩუქრების გადაცემითა და უფასო სერვისების შეთავაზებით ცდილობდნენ. ამჟამინდელი კანონმდებლობა ასეთ ფაქტებს გამორიცხავს, თუმცა რამდენად ერთგვაროვნად და კეთილსინდისიერად მოხდება კანონის ინტერპრეტაცია, ამას დრო გვაჩვენებს.
ორგანიზაციის ექსპერტებიამბობენ, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-51 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აკრძალულია პარტიის მიერ ნებისმიერი პირის საშუალებით საჩუქრის გაცემა. ამასთანავე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი (1641), რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით. არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაითვლება. მაგალითად, სადღესასწაულოდ დასაშვებია მცირე ღირებულების საჩუქრების დარიგება წლის განმავლობაში 5 000 ლარის ფარგლებში.
ამის მიუხედავად დეკემბრის ბოლოსა და იანვარში პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების (ან პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირების) მხრიდან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემის ბევრი ფაქტი გამოვლინდა. შესაბამისად, კანონი მოითხოვს, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ თითოეული შემთხვევა გამოიკვლიოს და კანონის ფარგლებში სათანადო რეაგირება მოახდინოს. ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტების ნაწილი 2012 წლის 12 იანვრამდე მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსში შესული ზემოთ ნახსენები ცვლილებები სწორედ ამ დღეს ამოქმედდა). „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის მიხედვით, ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ გაცემული საჩუქრების საერთო ღირებულება 5000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
„საერთაშორიოს გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მოძიებული ინფორმაცია მოიცავს, როგორც 12 იანვრამდე, ისე 12 იანვრის შემდეგ მომხდარ ქმედებებს და როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, შესაძლოა სახეზე გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაული და ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევა.
„საერთაშორიოს გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელთა დასკვნით, ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებმა არაერთხელ დაარღვიეს კანონი და საქართველოს კონტროლის პალატამ რეაგირება უნდა მოახდინოს.
„ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სავარაუდო დარღვევის ფაქტზე ჩვენ მივმართეთ კონტროლის პალატას, მაგრამ არც ერთ ფაქტს დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.