ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების პერიოდში დაწყებული საქმე გრძელდება სწორად

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების პერიოდში დაწყებული საქმე გრძელდება სწორად

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, MAP-ი არ არის და არ უნდა იყოს ერთადერთი მექანიზმი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და დეპუტატების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი და ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია. "ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა, როგორც თავდაცვის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების პერიოდში დაწყებული საქმე და უელსის სამიტზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია, სადაც პრეზიდენტი წარმოადგენდა საქართველოს, გრძელდება სწორად. კარგია, რომ ცენტრის გახსნაც და აღებული ვალდებულება შესრულდა. ახლა წინ კიდევ ბევრი ვალდებულებაა შესასრულებელი, მათ შორის ინსტიტუტების მშენებლობა ქვეყანაში, დემოკრატიის განვითარება და არავითარ შემთხვევაში ინსტიტუტების საქმეში ჩარევა. მე ასევე ვისაუბრე საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება MAP-ს, მისი თქმით, MAP-ი არ არის და არ უნდა იყოს ერთადერთი მექანიზმი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. MAP-ი შეიძლება იყოს შემადგენელი ელემენტი საერთო პროცესის, მაგრამ წინასწარ არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ MAP-ით მიიღწევა საბოლოო წევრობა ნატო-ში. ჩვენ საკმარისად ბევრი მივიღეთ უელსის სამიტზე. ახლა უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მინისტერიალზე წელს, დეკემბერში და შემდგომ უკვე ვარშავის სამიტზე, კიდევ უფრო სერიოზული პროგრესი მივიღოთ", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.