„აქ ზის კაცი და იქ ახალაიას ფეხის საწმენდი ტილო“-ეს იყო ქართული მართლმსაჯულების მისამართით თეა წულუკიანის მიერ ზუგდიდის სასამართლოში გაკეთებული ბოლო შეფასება. „კაცში“, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა ბრალდებულის სკამზე მჯდომი მისივე თანაპარტიელი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრი რევაზ ხულორდავა იგულისხმა, ხოლო საოლქო პროკურორის ფეხის საწმენდ ტილოდ ბრალმდებელი პროკურორი ვლადიმერ ქორთუა მიიჩნია.
ამ განცხადებამდე თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა მოსამართლე დავით კეკენაძეს მშიშარა უწოდა, რაც წულუკიანის გაძევების მიზეზი გახდა. თუმცა მოსამართლემ თეა წულუკიანის სქესი გაძევებამდე გაითვალისწინა და ქალბატონი საჯარიმო სანქციისგან „შეიწყალა.“ ამის მიუხედავად, მშვენიერი სქესის წარმომადგენელმა უკან არ დაიხია და დავით კეკენაძეს მყისიერად მიახალა, შეგიძლიათ დამაჯარიმოთო. საბოლოოდ, „ურჩი“ ქალბატონი ორმა მანდატურმა ხელკავით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად დარბაზი ხულორდავას თანაპარტიელებმა და სხვა სენაკელმა ოპოზიციონერებმაც დატოვეს.
თეა წულუკიანი: „რევაზ ხულორდავას საქმეს იხილავს მოსამართლე, რომელიც არის შევარდნაძის რეჟიმის გადმონაშთი, რომელმაც არ იცის სიმართლე და სამართალი. მას განსასჯელის სკამზე უზის მართალი კაცი რევაზ ხულორდავა, რომელსაც ახალაიას უწყება ედავება, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, სადაც ის ფიზიკურად არ იმყოფებოდა. ახალაიას უწყება პროკურორ ქორთუას წარმომადგენლობით, ვერ ამტკიცებს წარდგენილ ბრალდებას, არ ჰყავს არც ერთი ბრალდების მოწმე. ორივე მხარის, დაცვისა და ბრალდების მხარის მოწმეები ადასტურებენ იმას, რომ ხულორდავა იმ მომენტში იქ არ ყოფილა, მაგრამ სასამართლო პროცესი მაინც მიმდინარეობს. მე ვთვლი და ვუთხარი კიდევაც დავით კეკენაძეს, რომ მას ეშინია ვიღაცის და რაღაცის, რომ ის არის მშიშარა მოსამართლე. პროკურორი კი როლანდ ახალაიას დავალებებს ასრულებს და არ აქვს უნარი კანონის შესაბამისად მოიქცეს. ამის შედეგად მე ვეღარ გავაგრძელე სასამართლო პროცესზე დარჩენა.
რევაზ ხულორდავა არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმარი, პოლიტიკური პარტიის წევრი, მებრძოლი და შეურიგებელი ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს ხელისუფლებას და არჩევნების მოახლოების წინ თავიანთი ჭკუით გაანეიტრალეს. ხულორდავას მთელი ჩვენი პარტიული კოალიცია დაიცავს როგორც სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანს“.
ინციდენტი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლე კეკენაძემ ბრალდებულის ადვოკატის გიორგი სამუშიას შუამდგომლობა პროკურორის აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
გიორგი სამუშია, ადვოკატი: „პროკურორ ვლადიმერ ქორთუას აცილების საკითხი იმიტომ დავაყენე, რომ იგი მთელი პროცესების მიმდინარეობისას დაცვის მხარის მოწმეებს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ კითხვებს ხშირად უსვამდა. ამით, ის ტენდენციურობას გამოხატავდა და მოწმის ჩვენების ხარისხის სანდოობას მისი პარტიული კუთვნილების გათვალისწინებით საზღვრავდა. ახლადაღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე, დღეს საქმის გამომძიებელი პოლიციელების დაკითხვის შუამდგომლობაც დავაყენე, მაგრამ მოსამართლემ ესეც არ დამიკმაყოფილა. მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამომძიებელმა ირაკლი შამათავამ და პოლიციელებმა, რამაზ გვასალია და გიორგი ნანავამ ფაქტობრივი მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოახდინეს. რევაზ ხულორდავას დაკავება მოხდა მეუღლის საცხოვრებელ სახლში, სოფელ მენჯში და არა მის საკუთარ სახლში, როგორც ეს ბრალდების მხარის მიერ შედგენილ ოქმებშია აღნიშნული“.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. განსასჯელის დედა, მეუღლე, ახლო ნათესავი და მეზობელი ირწმუნებოდნენ, რომ მოქალაქე დავით მგალობლიშვილის დაჭრის დროს რევაზ ხულორდავა მეგობარ რობერტ შალამბერიძესთან ერთად საკუთარ სახლში იმყოფებოდა. ხულორდავას საქმეზე დაცვის მხარის მოწმეების შემდეგი მოსმენა 14 და 15 მარტს გაიმართება.
რევაზ ხულორდავა სენაკელმა სამართალდამცავებმა 20 ნოემბერს, მოქალაქე დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ხულორდავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.