ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი დღეს გაიხსნება. ცენტრს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია 14:10 საათზე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გაიმართება. იქვე ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულსაც შეხვდება, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
აღნიშნული ცენტრის გახსნამდე ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გმირთა მოედანზე, პატივს მიაგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი დღესვე, საქართველოს პირველ პირებს – პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. დაგეგმილია აუდიენცია ასევე თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.