გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენერალურ მდივნს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა.
არაოფიციალური ვახშმის დაწყების წინ საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში მიღწეული პროგრესი შეაფასეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს დელეგაციასთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ავღანეთში, ნატო-ს მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილეს.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „ბორდერიზაციის“ პროცესზე და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზეც ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ, იენს სტოლტენბერგთან ერთად, კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი და ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრასაც გამართავენ, რის შემდეგაც პრეზიდენტის სასახლეში, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.