ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი არის ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ნატოს გენერალურ მდივანს დახვდა.
როგორც თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, ვიზიტი არის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში. "ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მკაფიო დემონსტრირებაა იმის, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ალიანსის ქვეყნების და ნატოს დღის წესრიგში. ნატოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, დეტალურად გაეცნოს რეგიონში მიმდინარე პროცესებს, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, სტოლტენბერგის ვიზიტის დღის წესრიგში პროგრამის მიხედვით განსაზღვრულია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, ასევე მას საშუალება ექნება დაესწროს ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას.
ბერუჩაშვილის განცხადებით, სტოლტენბერგს ასევე საშუალება ექნება პირადად მოისმინოს დეტალური ინფორმაცია, როგორ ახორციელებს საქართველო უელსის სამიტის შემდეგ მიღებულ სპეციალურ პაკეტს. "ეს ვიზიტი იქნება ზოგადად მკაფიო დემონსტრირება იმ მაღალი ინტერესის, რომელიც აქვს ნატოს და ნატოს წევრ ქვეყნებს საქართველოს მიმართ", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგს ასევე ახლავს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი.