საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი სტუმრობს. სტოლტემბერგი თბილისში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა. ნატოს გენერალურ მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დახვდნენ.

იენს სტოლტენბერგის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი.