ხელისუფლება ებრძვის ყველაფერს, რაც საქართველოს განვითარებას უკავშირდება

ხელისუფლება ებრძვის ყველაფერს, რაც საქართველოს განვითარებას უკავშირდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნუგზარ წიკლაური "ალი და ნინოს" სკულპტურის დაზიანებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ყველაფერს ებრძვის, რაც საქართველოს წინსვლასა და განვითარებას უკავშირდება.

"მაშინ, როდესაც მთელი ბათუმი დატბორილია და ათასობით ადამიანი უშედეგოდ ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას, ხელისუფლებაში მყოფმა ველურებმა მოახერხეს განახლებული ბათუმის უმშვენიერესი სიმბოლო - "ალი და ნინოს" სკულპტურა დაემსხვრიათ. ერთი ადამიანის სულიერი სიმდაბლისა და პირადი ბოღმის გამო, ხელისუფლება ებრძვის ყველაფერს, რაც საქართველოს წინსვლასა და განვითარებას უკავშირდება - ებრძვის ახალციხის რაბათს, ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, კიდევ მრავალ შენობა-ნაგებობას", - განუცხადა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

მისივე თქმით, "ამ ხელისუფლების კულტურული სახე არის "ერმაკოვის ბუტკები" და ჩაზნექილი სკამები".

"არანაირი კულტურული სიახლე ქართულ საზოგადოებას არ შეუძლიათ შესთავაზონ, მაშინ, როცა იმაში, რომ "ალი და ნინოს" სკულპტურა დაემსხვრიათ, უკანონოდ, საკრებულოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს გადასახადების გადამხდელებმა 250 000 ლარი გადავიხადეთ", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.