ე.წ.კორტების საქმის პროკურორი თამარ აღლემაშვილი ამავე საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ დავლიანიძის ჩვენებას ეხმაურება, სადაც მოწმე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ ირაკლი ქადაგიძეს ადანაშაულებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აღლემაშვილმა განუცხადა, დავლიანიძე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირების, მათ შორის ქადაგიძის, ირაკლი ფარცხალავას და გიორგი ცააძის ინფორმატორი იყო და გარკვეული დავალებების სანაცვლოდ "ჰეროინს" იღებდა. აღლემაშვილის თქმით, დავლიანიძემ ირაკლი ქადაგიძის დავალებით კორტების საქმეზე ცრუ მოწმეობის დავალება შეასრულა და ამის სანაცვლოდ ასევე "ჰეროინი" მიიღო.
"2006 წლის 2 მაისს საღამოს საათებში მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა ირაკლი ქადაგიძემ და სთხოვა მასთან მისვლა. მალხაზ დავლიანიძე მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში და შეხვდა ირაკლი ქადაგიძეს. ქადაგიძემ შეხვედრისთანავე უთხრა დავლიანიძეს, რომ მის თანამშრომლებს მოუვიდათ ,,იაღლიში" - სპეცოპერაციის შედეგად მოკლული იყო ორი ადამიანი და საჭირო იყო ,,იაღლიშის" გამოსწორება. დავლიანიძე ირაკლი ქადაგიძის დავალებით უნდა ყოფილიყო ცრუ მოწმე და გამომძიებლის მიერ დაკითხვისას უნდა ეთქვა, რომ თითქოსდა სპეცოპერაციის ჩატარებისას იმყოფებოდა აღნიშნულ ადგილზე და უშუალოდ დაინახა, როგორ ისროდნენ BMW-ს მარკის ავტომანქანაში მსხდომი პირები პოლიციელების მიმართულებით. მალხაზ დავლიანიძემ დავალება შეასრულა, რისთვისაც გასამრჯელოს სახით პირადად ირაკლი ქადაგიძისგან მიიღო ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი", - განაცხადა პროკურორმა და აღნიშნა, რომ 2006 წლის 2 მაისს მალხაზ დავლიანიძის და ირაკლი ქადაგიძის შეხვედრის ფაქტი დადასტურებულია გამოძიების პროცესში მოპოვებული შსს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა რეგისტრაციის ელექტრონული ბაზიდან ამოღებული უტყუარი მონაცემებით.
მისივე ინფორმაციით, ამ მონაცემების თანახმადაც დასტურდება, რომ ირაკლი ქადაგიძის მიერ დაშვებული საშვით მალხაზ დავლიანიძე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში 2006 წლის 2 მაისის 21:35 საათიდან 3 მაისის 00:40 საათამდე.
მისივე თქმით, მოწმე აცხადებს, რომ ქადაგიძემ შესთავაზა მოეხდინა გარკვეული პირების პროვოცირება იმისათვის, რომ მათ ჩაედინათ ქურდობა, ხოლო კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მოახდენდნენ დანაშაულში მონაწილე პირების ადგილზე ლიკვიდაციას.
"ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ, მალხაზ დავლიანიძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ჰქონდა სისტემატური კავშირები იმჟამინდელ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამდებობის პირებთან, მათ შორის: ირაკლი ქადაგიძესთან, ირაკლი ფირცხალავასთან და გიორგი ცააძესთან. მალხაზ დავლიანიძე აღნიშნულ პირებს აწვდიდა ინფორმაციებს სხვა პირთა დანაშაულების შესახებ და ამავე დროს მათგან იღებდა სხვადასხვა სახის დავალებებს, რომელთა შესრულების სანაცვლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხსენებული მაღალჩინოსნები მას გადასცემდნენ ნარკოტიკულ საშუალებას ,,ჰეროინს". გარდა ამისა იყო შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მალხაზ დავლიანიძე შეაჩერეს სამართალდამცველებმა, მან დაურეკა ირაკლი ქადაგიძეს, სთხოვა დახმარება და ამ ზარის განხორციელების შემდეგ ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს. მოწმის გადმოცემით ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ჩატარებამდე ის დაიბარა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ და შესთავაზა მოეხდინა გარკვეული პირების პროვოცირება იმისათვის, რომ მათ ჩაედინათ ქურდობა. ხოლო ამ ინფორმაციის წინასწარმცოდნე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მოახდენდნენ დანაშაულში მონაწილე პირების ადგილზე ლიკვიდაციას. აღნიშნულ დავალების შესრულებაზე მალხაზ დავლიანიძემ ირაკლი ქადაგიძეს უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ,,არ სურდა ასეთ საქმეში გარევა", - აცხადებს აღლემაშვილი.
მალხაზ დავლიანიძის ჩვენებას ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგაც". ორგანიზაციის განცხადებით, მალხაზ დავლიანიძე, ირაკლი ქადაგიძის ინფორმატორი არ ყოფილა.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ქადაგიძის მიმართ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ, პატიმრობაში მყოფმა მალხაზ დავლიანიძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. კერძოდ, ბრალდების მხარის მოწმემ აღნიშნა, რომ ირაკლი ქადაგიძესთან და კრიმინალური პოლიციის სხვა თანამშრომლებთან 2006 წელს თანამშრომლობდა ნარკოტიკების სანაცვლოდ.
დავლიანიძე ამჟამად პატიმრობაშია და გუშინ დაიკითხა.