თბილისის საქალაქო სასამართლოს "რუსთავი 2" დღეს შუამდგომლობით მიმართავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია სამი საკითხის გადაწყვეტას ითხოვს: მოხდეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება, საქმე სასამართლომ განიხილოს ზეპირი მოსმენით და კოლეგიალურად - ანუ გადაწყვეტილება ერთის ნაცვლად სამმა მოსამართლემ გამოიტანოს.
"რუსთავი 2"-ის იურისტებს იმედი აქვთ, რომ შუამდგომლობა დაკმაყოფილდება.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, "რუსთავი 2-ის" პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაედო. სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ქონება სრულად დაყადაღდა და ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანიის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აკერძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. ასევე დაყადაღებულია "რუსთავი 2"-ის სახელზე გაფორმებულ ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
"რუსთავი 2"-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.
სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა "რუსთავი 2"-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.
არხის მეწილეები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო - 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი.