ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობის ახალ სტარეტეგიას, რომელიც პროგნოზებსა და გეგმებზე დაფუძნებულ დოკუმენტებს გულისხმობს კიდევ ერთი, 5-პუნქტიანი გეგმა დაემატა. სააკაშვილის მტკიცებით, წარმოდგენილი გეგმა საფუძველი იმისა, რომ ქვეყნის წინსვლა უფრო მეტი ოჯახის წინსვლად იქცეს.
პრეზიდენტის მიერ დასახელებული გეგმის პირველი ასპექტი დასაქმებას მოიცავს. სააკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის არ არსებობს იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე იმ ადამიანების დასაქმება, რომლებსაც სურთ მუშაობა, მაგრამ სტაბილური სამსახურის შოვნას ვერ ახერხებენ.
„მესმის, რომ ადამიანს, რომელსაც ოჯახი ჰყავს სარჩენი, სკოლაში ან უმაღლესში შვილი ჰყავს გასაშვები, ეშინია ხვალიდნელი დღის, იმიტომ რომ არ აქვს სტაბილურობისა და პერსპექტიულობის განცდა და არ აქვს სამსახური, მაგრამ მინდა თითოეულ ასეთ ადამიანს მივმართო - ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ფრაზა - ნუ გეშინიათ! - პრეზიდენტის ერთსაათიან მოხსენებას ლაიტმოტივად გასდევდა. რთული სათქმელია ამით მხოლოდ უმრავლესობის წევრთა გამხნევებას ცდილობდა, თუ საკუთარი თავისაც. რადგან მის 50 წუთიან სიტყვას აკლდა ძველებული ცეცხლი და არც უმრავლესობის ტაში და შეძახილები გამოიყურებოდა ძველებურად ომახიანად.
ნაკლებად მომხიბლავი ჩანდა ყველა ის ინიციატივაც, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან გაახმიანა. შესაძლოა იმიტომაც, რომ ეს უკვე მეათე გადამღერება მაინც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ძველი გეგმებისა, რომელსაც აგერ უკვე 8 წელია ვისმენთ და რომელსაც მმართველი პარტია ყოველთვის „ახალ და უნიკალურ“ ინიციატივად ასაღებს.
პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები, ვისაც სურვილი ექნება აითვისოს და შეისწავლოს ახალი პროფესია კერძო , თუ პროფესიულ სასწავლებლებში სახელმწიფოსგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
შემდეგ სკოლების მოდერნიზაციის თემას შეეხო და თქვა, რომ წელს სკოლებში დამატებით 11 ათასი ახალი კომპიუტერი შევა. წლის ბოლოსთვის ყოველ შვიდ მოსწავლეზე ერთი პერსონალური კომპიუტერი იქნება, ხოლო 2015 წელს ბავშვების 90%-ს ექნება თავისი პერსონალური კომპიუტერი.
პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი დრო ჯანდაცვის თემას დაუთმო. პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს წელს 650 ათასამდე პენსიონერი და 300 ათასამდე ბავშვი დაემატება.
,,დღეის მდგომარეობით შეუძლებელია ასაკით პენსიონერის დაზღვევა, რადგან სადაზღვევო კომპანიები თავს არიდებენ ამასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს. შესაბამისად, მკურნალობის მთელი ტვირთი მოდის მათი ოჯახის წევრებზე, რაც, თუ გავითვალისწინებთ გაზრდილ ფასებსა და უმუშევრობას, ხშირად ტრაგიკულ რეალობასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დაპირებულ 100 დოლარიან საპენსიო პაკეტში შეგვეტანა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯანმრთელობის დაზღვევის სახით. შედეგად, სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის ჯანმრთელობა დაზღვეული იქნება“,-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, თუ ადრე პენსიონერი მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამების შეზღუდული სერვისებით სარგებლობდა, მაგალითად, ქიმიოთერაპიის საჭიროების შემთხვევაში პროგრამა 500 ლარზე მეტს არ უთვლიდა - სადაზღვევო პაკეტით, დაზღვევის ლიმიტი მას 12 ათას ლარამდე გაეზრდება.
„პენსიონერთა ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის იყო წამლები - განსაკუთრებით ქრონიკულად დაავადებული პაციენტებისთვის. თუ დღემდე მხოლოდ 50 ლარის ნახევარს იხდიდა სადაზღვევო გეგმა, სექტემბრიდან ეს ლიმიტი გაიზრდება 4-ჯერ და 200 ლარი გახდება, ასევე, 100 ლარის ღირებულების მედიკამენტი ანაზღაურდება სადაზღვევო ვაუჩერით“,-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტს არც ის თემა დავიწყებია, რის გამოც თავად ისიც და მისი მმართველი გუნდიც საქართველოს მოქალაქეებს ყველა ამ სიკეთეს ხან 10-პუნქტიანი, ხან 50 დღიანი და ხანაც „ნაცმოძრაობისთვის“ ასე კარგად დაცდილ რიცხვთან 5-თან არის ასოცირებული.
პრეზიდენტის განცხადებით, წლევანდელი წელი საპარლამენტო არჩევნების და შესაბამისად მნიშვნელოვანი გამოცდის წელია.
,,პრინციპის საკითხია, რომ ეს იყოს ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, რომელიც საქართველოში ოდესმე ჩატარებულა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებითვე როგორც წინასაარჩევნო ისე უშუალოდ არჩევნების პროცესის მონიტორნიგის განსახორციელებლად, ხელისუფლება საერთაშორისო დამკვირებლებს მოიწვევს.