ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების მიმართ, ნაფიც მსაჯულთა მიერ გამამტყუნებელ ვერდიქტს, ბრალდების მხარე და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები დადებითად აფასებენ.
როგორც საქმის პროკურორმა ვერდიქტის გამოტანის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეს უფლება არ აქვს კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას 2/3-ზე ნაკლები წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯოს.
"მოსამართლის გადასაწყვეტია რამდენს მიუსჯის კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას, ნაფიცი მსაჯულები თუ დამამძიმებელ რეკომენდაციას გაუწევენ, მოსამართლეს უფლება არ აქვს 2/3-ზე ნაკლები მიუსაჯოს", - აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმის, გოგლა ჟვანიას განცხადებით, ის ელოდა გამამტყუნებელ განაჩენს.
"ამ საქმის მასალებს საკმაოდ კარგად ვიცნობ. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ზურას სიკვდილის გარემოებების დადგენის ძირითადი საქმე. მართალია დაცვის მხარე ყველანაირად ეცადა, აქეთკენ გადაეტანა აქცენტები, რეალურად ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანების მიერ გამოჩენილ გულგრილობაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ნაფიცმა მსაჯულებმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს",- აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ათი ხმით ორის წინააღმდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულები, გარდაცვლილი ექს-პრემიერის დაცვის ყოფილი წევრები კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დამნაშავედ სცნეს.