ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე ადასტურებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას აპირებს.
როგორც არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შეტანის ზუსტი დრო არ იცის, თუმცა, ეს მალე მოხდება.
"ბუნებრივია, მაქვს გეგმები, პროგრამა. კანდიდატებს საკმარისი დრო მივეცით, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოონ. ჩემი მთავარი პრიორიტეტი ადამიანია. რაც შეეხება ფეხბურთს, საფეხბურთო თვალსაზრისით, უკეთესი შედეგები უნდა გვქონდეს, ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებმა დიდ შედეგებს მიაღწიონ", - განაცხადა არველაძემ.
მანვე ფედერაციის მიერ გაწეული გასული 6 წლის საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ფედერაციაში ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული.
"ამის არდანახვა სწორი არ იქნება და უსინდისობა იქნება. ეს ისეთი რამეა, რასაც განვითარება და გაგრძელება ყოველთვის სჭირდება", - აღნიშნა არველაძემ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.