ე.წ.კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული პირების თანამდებობებზე დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო.
"ამ საქმის პოლიტიზირება იმთავითვე სწორი არ იყო. თუკი სამართლებრივად შესაძლებელი იყო ამ ადამიანების დაბრუნება სამსახურში, ასეც უნდა მომხდარიყო. ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტი უნდა იყოს ჩამოცილებული და ადამიანების უფლება უნდა იყოს დაცული. თუ სამსახურებში აღადგინეს, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არავის დევნა არ მიმდინარეობს. სამართლებრივად რაც უნდა გადაწყდეს, ამას პოლიტიკურ კონტექსტებთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით მოხდებოდა. ამ ადამიანების სამსახურებში დაბრუნებასთან დაკავშირებით მედიით შევიტყე, თუმცა ვთვლი, რომ რაც უნდა გადაწყდეს სამართლებრივი პროცედურებით, ეს არავისთან წინასწარ არ უნდა იყოს შეთანხმებული", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტროში აღადგინეს.
თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი - ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ.
თინათინ ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენის ფაქტს გუშინ გამოეხმაურა.
თავდაცვის მინისტრმა განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა და ის მიზეზები განმარტა რის საფუძველზე მოხდა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების აღდგენის ფაქტი.
"1.თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული. 2. გემახსოვრებათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება. 3. ასევე გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს რომ საფუძველი - ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა. 4. ჩვენ, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ. 5. ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლი დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით", - წერს თავდაცვის მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.