ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დააბრუნეს

ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დააბრუნეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერის დემონტაჟიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსული საჯარისო დანაყოფის ე.წ. მესაზღვრეებმა აღნიშნული ბანერი კვლავ ძველ ადგილას დააბრუნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს ადგილობრივებმა განუცხადეს, ბანერის სიახლოვეს შეინიშნება შეიარაღებული პირების სიმრავლეც.

წითელუბნის და ხურვალეთის მცხოვრებლები ამ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავს იკავებენ.

ამასთან, ხურვალეთის და წითელუბნის მიმართულებით არსებულ საგუშაგოებზე ქართველმა სამართალდამცველებმა დილიდან მედიის გადაადგილება კვლავ შეზღუდეს. როგორც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი იაგო საური აცხადებს, შეზუდვა გარკვეული დროით უსაფრთხოების გამო დაწესდა.

რამდენი ხნის განმავლობაში იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრის მიმართულებით გადაადგლება შეზღუდული, ჯერჯერობით უცნობია.

ხურვალეთისა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი რუსული საჯარისო დანაყოფის ე.წ. მესაზღვრეებმა დაახლოებით ერთი თვის წინ დაამონტაჟეს, თუმცა ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა მისი დემონტაჟი მოახდინა.