თავის დროზე, როცა დავით გარეჯელი ჩრდილოეთის მხრიდან მიადგა იერუსალიმს (სავარაუდოდ, დამასკოს კარიბჭეს ან სტეფანეს კარს, იმავე ლომების კარიბჭეს), უდიდესი მოკრძლების გამო ვერ გაბედა დედამიწის ჭიპად წოდებულ იერუსალიმში შესვლა... სადაც მაცხოვარი დადიოდა, მის ნაკვალევზე მე, ცოდვილი, ვერ გავივლიო... გადმოცემა იმასაც გვამცნობს, რომ დავით გარეჯელმა კარიბჭიდან სამი ქვა წამოიღო კალათით. უფალი გამოცხადებია იქაურ პატრიარქს, წმიდა მამას მადლი მიაქვს, ორი ქვა გამოართვით და ერთი დაუტოვეთო. მდევრები ასეც მოქცეულან და დავით გარეჯელი ერთი ქვით წამოსულა საქართველოსკენ. ამჯერად სასწულმოქმედი ქვა საპატრიარქოს სიწმინდეებს შორის ინახება.
დღეს სულ უფრო აქტუალური გახდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამოსყიდვაზე საუბარი. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იერუსალიმში გაემგზავრა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმაც არ დაახანა და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გამოსყიდვაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფის შესახებ ამცნო საზოგადოებას.
თავის მხრივ, წმიდა მიწიდან დაბრუნებულმა პატრიარქმა თავმდაბლობისკენ მოუწოდა მრევლს და ბრძანა, რომ „შეჩვევა იცის წმინდა მიწამ. ამ დროს ადამიანს ავიწყდება, რომ ის წმინდა მიწაა და ხშირად იქ ჩვეულებრივად იქცევა. წმინდა მიწაზე არის დიდი სიწმინდე და მასთან ერთად დიდი ბრძოლებიც. კეთილი და ბოროტი განსაკუთრებით იბრძვის წმინდა მიწაზე“. ამიტომ უწმინდესმა დავით გარეჯელის თავმდაბლობის მაგალითი შეახსენა იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წელიწადს ჩადიან წმინდა მიწაზე, რაც არასწორია.
„უღირსად უნდა მიგვაჩნდეს ჩვენი თავი, რომ ასე ახლოს შევეხოთ სიწმინდეებს. უნდა გვახსოვდეს ჩვენი დიდი მამა დავით გარეჯელი, რომელიც ჩავიდა წმინდა მიწაზე და ღირსად არ ჩათვალა თავისი თავი, რომ ქალაქში შესულიყო,“ - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესის თქმით, იმედი გაუჩნდა, რომ დაბრუნდება ძველი დრო, როცა ქართველები წმინდა მიწაზე მოღვაწეობდნენ.
უწმინდესმა შთამბეჭდავი უწოდა მის ვიზიტს იორდანიაში და მისვლას მდინარე იორდანესთან: „ეს იყო საოცრება. უფალი იდგა ჩვენს შორის. ჩვენც შევედით მდინარე იორდანეში და ვეზიარეთ ამ დიდ მადლს. საოცარი იყო ასევე ჩვენი შესვლა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ეს საკმაოდ დიდი ტაძარია და ქართველ ხალხს ვერ იტევდა. „ქრისტე აღსდგა“-ს გალობდნენ და ყველა გაოცებული იყო ამის ნახვით – ეს იყო შეერთება ცისა და ქვეყანისა... ეს იყო ჩემი მეოთხე ჩასვლა და არც ერთი წინა მისვლა არ შეედრებოდა ამას. უფალი ძალიან ახლოს იყო საქართველოსთან და ვიგრძენი, რამდენად უღირსები ვართ ჩვენ“.
ასე რომ, წმიდა მიწა ქართულ ნაკვალევსაც ინახავს. წლობით გაწელილი საომარი პერიპეტიები ნაკლებად შეეხო ძველ იერუსალიმს. სამივე რელიგიის წარმომადგენლები - იუდეველები, მუსლიმანები და ქრისტიანები განსაკუთრებული სიფაქიზით ეპყრობოდნენ ამ ადგილს (განსხვავებით ახალი იერუსალიმისგან, სადაც განუწყვეტლივ ტერაქტებია). ვისაც იერუსალიმის ექსპედიციაში მიუღია მონაწილება, აღფრთოვანებულა წმიდა მიწაზე არსებული ქართული ძეგლებით. გადმოცემის თანახმად, ვახტანგ გორგასალსაც დაუდგამს ფეხი ქრისტეს მიწაზე, რაზეც ჯუანშერისეული „ვახტანგის ცხოვრება“ მოგვითხრობს. ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლის, პროფესორ თამილა მგალობლიშვილის აზრით, „ისტორიულ წყაროში მითითებული ფრაზა - ვახტანგმა დაიპყრო იერუსალიმი, მაჰმადიან დამპყრობთაგან ამ ადგილების გათავისუფლებას მაინცდამაინც არ უნდა ნიშნავდეს. დაპყრობაში, სავარადუდოდ, შეიძლება იგულისხმებოდეს ქალაქის დაპყრობა გრანდიოზული მშენებლობებით. მართლაც, არაერთი ტაძრი აგებულა ვახტანგ გორგასლის დროს. მეხუთე საუკუნის ქართველი თეოლოგისა და ფილოსოფოსის, პეტრე იბერის მიერ ქართული ძეგლების აღმართვა წმინდა მიწაზე სხვა არაფერია, თუ არა, საქართველოდან ძლიერი მხარდაჭერის გამოძახილი. ვახტანგ გორგასალმა თავად დაამკვიდრა იერუსალიმური ტრადიცია ქართულ ეკლესიაში. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმა მხოლოდ ეპარქიებისა და ახალი საეპისკოპოსოების დაარსებას როდი ითვალისწინებდა. მისი მეფობისას ქართულ ენაზე უთარგმნიათ იერუსალიმური ძეგლები - ლექციონარი, მრავალთავი, იადგარი.
გორგასალმა ჯვრის მონასტრის დასაცავად ქართველ ჯარისკაცთა რაზმი დატოვა, რომელთაც იქ ქართული სოფელი მალხა დააარსეს. სხვათაშორის, იერუსალიმში ჩასული მე-18 საუკუნის მეცნიერი, ტიმოთი გაბაშვილი (რომლის ხელნაწერები და იერუსალიმური ჩანახატები ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება, სადაც აღწერილია იერუსალიმური ქართული ქონება) შენიშნავს, რომ მალხელი ქართველები თავს გურჯებად მიიჩნევდნენ. თუმცა მათი უმრავლესობა უკვე მაჰმადიანია და გაარაბდა. დღესდღეობით, სოფელი მალხა აღარ არსებობს. იქ 60-იან წლებში გზატკეცილი გაიყვანეს, სოფელი აყარეს და მცხოვრებლები სხვადასხვა ადგილას გადაასახლეს.
ქრისტეს საფლავის კლიტე დროდადრო ქართველებს ეპყრათ. ჯვრის მონასტრის ასაგებად გოლგოთელი ქართველების მიერ გრანდიოზული სამუშაოები მიმდინარეობდა, რასაც ჩვენი მეფეებიც უწყობდნენ ხელს. ბაგრატ მეოთხე განუწყვეტლივ ჩადიოდა იერუსალიმში. ძნელბედობის ჟამსაც კი არ ივიწყებდნენ ქართველი მეფეები მატერიალური დახმარების გაწევას წმიდა მიწაზე მყოფი ქართველებისთვის. მაინც როგორ მოხვდა იერუსალიმური სიწმინდეები ქართველთა ხელში?!
როგორც თამილა მგალობლიშვილმა აღნიშნა: „თავდაპირველად, წმინდა ადგილები რომის კოლონიის შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ - ბიზანტიის. სწორედ ბიზანტიის დროს იწყება ქრისტიან პილიგრიმთა (მლოცველთა) ჩასვლა დაუსახლებელ წმიდა მიწაზე და იქ დამკვიდრება. ასე მოხვდნენ ჩვენი წინაპრები იერუსალიმში.
გოლგოთა, ქრისტეს საფლავი, კლიტენი, ღვთისმშობლის საძვალე, ბეთლემის ღვთისმშობლის მონასტერი, ადამის საფლავი ქართველებს რომ ეკუთვნოდა, ამას არაერთი წყარო ადასტურებს. მათ შორის, მეხუთე-მეექვსე საუკუნეებისა და მომდევნო დროის ბიზანტიური დოკუმენტები. როცა არაქართულენოვანი ხელნაწერები ამას გაუწყებს, სკეპტიკოსსაც კი ვეღარ შეეპარება ეჭვი. სამწუხაროდ, ბიზანტიური, ოსმალური, არაბული, სომხური დოკუმენტებისგან განსხვავებით, ქართულ წყაროებში ამ საუნჯის შესახებ მცირე ინფორმაცია არსებობს, ეს ჩვენი დაუდევრობის გამოხატულებაა. თუ სომხური წყაროები ყოველივეს დაწვრილებით აღნუსხავს, ქართული წყაროები, მცირე გამონაკლისთა გარდა, გამოირჩევა ზოგადი ხასიათით. არადა, დასახელებულ ადგილებში უამრავი ქართული წარწერაა, თანაც - არაპილიგრიმული და უძველესი. მეექვსე საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი, პროკოფი კესარიელი და ამავე ხანის ბიზანტიური წყარო, საბა განწმენდილის ანდერძის სახით, ადასტურებს ქართველთა გავლენას წმიდა ადგილებზე. საინტერესოა, რომ ჯვრის მონასტერში ბიბლიური ლოტის მღვიმის არსებობაზეც მიგვითითებს უცხოური აპოკრიფები.
მკვლევარების აზრით, ჯვრის მონასტრის ქვედა ფენა (იგივე ლოტის მღვიმე), რომელსაც ბერძნები საგულდაგულოდ მალავენ და ქართველებს არ ათხრევინებენ, ქართველი ფილოსოფოსის და უფლისწულის პეტრე იბერის აშენებულია. სავარაუდოდ, პეტრე იბერს იმიტომ უნდა აეშენებინა იქ ჯვრის მონასტერი, რომ ეს წმიდა ადგილი იყო. აპოკრიფთა მიხედვით, ბიბლიური აბრაამის ძმისწულმა, ლოტმა (რომელსაც ცოლი გაუქვავდა) ცოდვების მოსანანიებლად, აბრაამის ბრძანებით, დარგო სამი რტო. ამ სამი რტოსგან აღმოცენდა ხე, რომელიც სოლომონ მეფემ ტაძრის მშენებლობისთვის მოჭრა, მაგრამ არ გამოადგა. საგულისხმოა, რომ ქრისტე სწორედ ამ ხეზე აცვეს ჯვარს. ამ აპოკრიფული ლეგენდის მიხედვით, ჯვრის მონასტრის ხსენებული ადგილი უწმინდესია, რადგან გოლგოთა ჯვრის ხის აღმოცენების ადგილად მიიჩნევა. 1038 წელს პროხორი აღმშენებელი შავშელი მინაწერში აღნიშნავს: მე აღვაშენე ეს მონასტერი ჯვრის ადგილზე. ამის შემდეგ, ყველა წყარო, მათ შორის, მე-12 საუკუნის სკანდინავიელი მოგზაური, ზევულფი, ასევე, სლავი მოგზაური დანიელი მოიხსენიებენ, რომ იერუსალიმში არსებობს ულამაზესი ჯვრის მონასტერი, რომელიც იქ აშენდა, სადაც ის ხე ამოვიდა, რომელზედაც ქრისტე ჯვარს ეცვა. ფაქტობრივად, სიმბოლურად გოლგოთის გადმოადგილება ხდება ჯვრის მონასტრისკენ, რაც უკავშირდება ქართველებს. ამის შესახებ პროხორე შავშელის გარდა, მოგვითხრობს ტიმოთე გაბაშვილიც: ტაძარი ლოტის მღვიმის ადგილას აიგო.
ორი გოლგოთის არსებობამ არ უნდა გაგაკვირვოთ. პალესტინაში არსებობს ქრისტეს ორი საფლავი - ერთი ბრიტანელების და მეორე - ნამდვილი. ორი გოლგოთის არსებობაც ამის ანალოგიაა, მაგრამ რეალურია ის, სადაც ქრისტე ნამდვილად ეცვა ჯვარს, თუმცა ქართული გოლგოთა აბსტრაქტული ადგილია, რომელიც ქართველებმა უწმინდეს ადგილად გადააქციეს, როცა ბიბლიური ლოტის სახელს დაუკავშირეს.
საუკუნეთა განმავლობაში, ეს წმინდა ადგილები ხელიდან ხელში გადადიოდა. მაგალითად, მე-13 საუკუნეში შეკედლებულმა სომხებმა მასპინძელ ქართველებს იაკობის მონასტერი აართვეს. ქრისტეს საფლავის კლიტენიც ვერ შევინარჩუნეთ და, ოსმალთა დაპრობითი ომებიდან მოყოლებული, დღემდე, კლიტეთმყრობელნი მაჰმადიანები, კერძოდ, ოსმალები არიან.
თუ ჩვენმა წინაპრებმა არაბთა, მონღოლთა ბატონობის ჟამს, დაშლილი საქართველოს პირობებშიც, მე-16-მე-17 საუკუნეებში შეინარჩუნეს იერუსალიმი, საქართველოს რუსეთთან შეერთებისას ქართველები ვეღარ იხდიდნენ ოსმალთა ბეგარას და მიტოვებულ ეკლესიებს ბერძნები, სომხები და ფრანცისკანელები დაეპატრონენ. თუმცა, მე-18 საუკუნეში იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსს, რომელიც სამჯერ სწვევია საქართველოს, ქართველებისგან წაუღია ჯვრის მონასტრის დასაბრუნებელი ვალი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ თანხის გადახდის შემდეგ, ბერძნებს ტაძარი უნდა დაეცალათ, მაგრამ, მოგვიანებით, გასაბჭოებული საქართველოს მემკვიდრეები ვეღარ ჩავიდნენ იერუსალიმში და ქონებაც დაიკარგა.
ისე, ქართველებზე მეტად, რუსებს გასჩენიათ საქართველოს იერუსალიმური ქონების ხელში ჩაგდების სურვილი, თუმცა ბერძნებს „უმარჯვიათ“...
ბოლო ხანს წმიდა მიწაზე, იერუსალიმის მახლობლად, სოფელ უმლეიზონში ახლახანს აღმოჩნდა ქართული მონასტრის ნაშთები. ვენერა მილოსელის ხელმომტვრეული ქანდაკების არ იყოს, რომელიც მე-19 საუკუნეში შემთხვევით აღმოაჩინეს და, კირქვის სხვა ნიმუშებისგან განსხვავებით, საკირეში დასაწვავად რატომღაც ვერ გაიმეტეს, ქართული მონასტრის მიკვკლევაც ასე მოულოდნელად მოხდა. იერუსალიმის მუსლიმანებით დასახლებულ უბანში ერთ-ერთ პალესტინელ ექიმს სახლის აშენება განუზრახავს. ბულდოზერს თლილი ქვები ამოუყრია. ნაკვეთის მფლობელი დაკავშურებია ისრაელის ძეგლთა დაცვის ინსპექციას, კერძოდ, ჯონ ზელიგმანს. ზელიგმანს შეუსწავლია ახლად აღმოჩენილი ტერიტორია და მონასტრის კრიფტისთვის, ანუ საძვალისთვისაც მიუგნია. საფლავის ქვის უნიკალური წარწერა ძველი ქართული დამწერლობითაა შესრულებული და ასომთავრულად მოგვითხრობს: „ესე სამარხოი იოჰანე ფურტაველი - ეპისკოპოსისაი, ქართველისაი“. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ეს გახლავთ პირველი მოწმობა იმისა, რომ მეხუთე საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრს ეწოდებოდა ქართველი, რაც ბერძნულ წყაროებში იბერიელად დასტურდება. ხსენებული წყარო ფასდაუდებელია იმით, რომ აქამდე ქართველობის აღმნიშვნელი ცნება მე-10 საუკუნეზე ადრინდელი არ გაგვაჩნდა. ეს სამარხი კი მეხუთე საუკუნის ქართული ძეგლია. მეცნიერთა ვარაუდით, ასეთი დახვეწილი არქიტექტურის მქონე სამარხი, გადახურული თაღითა და მოზაიკის იატაკით, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მონასტერი საკმაოდ დიდი იქნებოდა.
ხელოვნებათმცოდნე და ფოტოხელოვანი, ამჟამად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ცხადაძე, რომელმაც წმიდა მიწიდან საინტერესო ფოტომასალა ჩამოიტანა, იხსენებს იერუსალიმის როკფელერის მუზეუმში დაცულ ამ სამარხისა და მასში ჩასვენებულ ქართველ ეპისკოპოს იაჰანესთან დაკავშირებულ ისტორიას. იოანე ფურტაველის წმიდა ნაწილები მუზეუმის თანამშრომლებს გამოუკვლევიათ და დაუდგენიათ, რომ ქართველი ეპისკოპოსი, დახლოებით 66-67 წლის ასაკში მძიმე ტკივილებით, სახსრების გალევით გარდაცვლილა. საქმე ისაა, რომ იერუსალიმის ჰავას ძნელად ეგუებოდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ იმდენად დიდი ყოფილა ქართველთა მოწიწება წმინდა მიწის მიმართ, რომ არაფერს ერიდებოდნენ და იქ მაინც მკვიდრდებოდნენ. იერუსალიმი ცნობილია 50 დღიანი (ებრაულად ხამსინი) უდაბნოს ქარით, რომელსაც უწვრილესი ქვიშა მოჰყვება. ამ დროს მოსახლეობას დიდი რაოდენობით წყლის დალევას ურჩევენ, თუმცა ამინდი რა მოსატანია იმ წინააღმდეგობასთან შედარებით, რომლის გადალახვაც ქართულ დელეგაციას ქართულ ეკლესიებში შესვლისას ბერძნებთან უწევდა. ფრანცისკანელები (იტალიელები და ესპანელები) შედარებით ლმობიერნი არიან ჩვენს თანამემამულეთა მიმართ. ალბათ, სინდისის ქენჯნას განიცდიან იმის გამო, რომ ქართველთა ტაძრებში მოღვაწეობენ. ქართული ექსპედიციის ხელმძღვანელ თამილა მგალობლიშვილთან პირადი საუბრისას უთქვამთ კიდეც, რომ დიდი დანაშული მიუძღვით ქართველობის წინაშე; მე-19 საუკუნის ბოლოს ფრანცისკანული მონასტერი ისე დავაშენეთ ქართულ ნამონასტრალს, არცკი დავინტერესებულვართ, რა არქეოლოგიური მასალა იმალებოდა მიწის ქვეშო.
მართალია, 36 ქართული მონასტერი დარჩენილია წმინდა მიწაზე, მაგრამ მონასტერში არ უნდა ვიგულისხმოთ მაინცდამაინც ურთულესი კონსტრუქციის მქონე შენობა, რადგან მცირე ნაგებობებსაც ამგვარად მოიხსენიებენ. როგორც დავით ცხადაძემ აღნიშნა, მაცხოვრის საფლავის სვეტები ქართული წარწერების სიმრავლით გამოირჩევა. ჩვენი ეკლესიები იერუსალიმის მიწაზე მაშინ შენდებოდა, როცა საქართველოში მცხეთის ჯვარი არ იყო აშენებული. ქართველთა მოღვაწეობა წმინდა მიწაზე ადასტურებდა ახლო აღმოსავლეთზე ჩვენს დიდ გავლენას. სამომავლოდ სწორედ აქაა საკვლევი პეტრე იბერის კვალი. როგორც ცნობილია, პეტრე იბერი აშენებდა მონასტრებს იერუსალიმში, იუდეის უდაბნოში, იორდანიაში. დავით ცხადაძე იხსენებს, რომ ჩვენმა დელეგაციამ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის გეგმასაც მიაგნო, სადაც აღნიშნული იყო, რომ იერუსალიმის მთავარი სიწმინდეები, მაცხოვრის საფლავით დაწყებული, გოლგოთით დამთავრებული, ქართველებს ეკუთვნოდათ. კურიოზულია, მაგრამ გეგმაში მითითებულია, რომ, მაცხოვრის საფლავსა და გოლგოთას შორის ერთ პატარა კელიაში ქართველი მზარეული - ბერი კერძებს ამზადებდა. ამბობენ, ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის ქვემოთ, შესაძლებელია, დიდი შოთას საძვალე აღმოჩნდეს. მართალია, ეს დავით ცხადაძეს ეეჭვება, მაგრამ იმის თქმა კი დანამდვილებით შეუძლია, რომ ჯვრის მონასტერში, და არა მხოლოდ იქ, გაცილებით სერიოზულ ნიმუშთა მიკვლევაა მოსალდნელი. საუბარია ლოტის მღვიმეზე.
„გაოგნებული ვარ, მაშინდელი ქართველები ისე ინტენსიურად ჩადიოდნენ წმინდა მიწაზე, გეგონებათ, კოსმოსის ეპოქაში ცხოვრობდნენ. ქართველთაგან მიტოვებული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის რამდენიმე ფრესკა საქსონიის პრინცს 1910 წელს მოუჭრია და გაუტანია. მათ კვალს ქართველებმა უცხოეთში მიაგნეს და აუქციონზე გაყიდვის ნაცვლად, საქართველოში დააბრუნეს. ამ საქმეში ბადრი პატარკაციშვილი დაგვეხმარა და ფრესკები - „ელიას ამაღლება“ „ელია და ელისე წინასწარმეტყველები“, კიდევ ერთი დაჭრილი ფრესკა, რომელზეც, სავარაუდოდ, წმიდა სებასტიელი მოწამეა გამოსახული, ასევე, ღვთისმშობლის ხატი საქართველოში ჩამოვაბრძანეთ იმ დრომდე, ვიდრე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართული წირვა-ლოცვა არ აღდგება. სხვათაშორის, ჯვრის მონასტერში ქართველების შემდეგ მონაზვნური ცხოვრება არ გაგრძელებულ,“ - აცხადებს თამილა მგალობლიშვილი.
იერუსალიმური პრობლემა სახელმწიფოებრივ რანგში აყვანას, ბიზნესმენთა და მეცნიერთა ერთობლივ თანამშრომლობას რომ საჭიროებდა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. მე-18 საუკუნის დასაწყისში იერუსალიმში მოღვაწე მართა მონაზვნის მიერ გრიგოლ იმერთა კათალიკოსისადმი გაგზავნილი წერილიც ამ პრობლემას ეხმაურებოდა: „თუ აქაურობას არ მიხედავთ, მაშინ რისი მფლობელები იქნებით. ამასთან რა გასაჭირია, რომ აქაურობა ასე დაკარგეთ. თუ იერუსალიმი დაგვეკარგვიან, რასღა სჯული და ან რასღა პირჯვარის წერა გექნებათ“.