მთა არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, ამიტომ მთაში მცხოვრებ ხალხს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მათზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში მყოფი მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.
როგორც შუამთობის დღესასწაულზე მყოფმა პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის მთის გაძლიერება და შენარჩუნება. პრემიერ-მინისტრმა მთის კანონის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან მაღალმთიანი აჭარის და საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის გასაძლიერებლად სხვადასხვა პროგრამა ამოქმედდება.
"ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მთის გაძლიერებაა, მთის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დავიწყეთ სამი წლის წინ მთის პროგრამები და ჩვენ დაპირებისამებრ გვინდა გაცნობოთ, რომ უკვე მივიღეთ მთის კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა და მომავალი წლიდან განსაკუთრებულად შეღავათიან და ხელშემწყობ პროგრამებს დავიწყებთ აჭარის მაღალმთიანეთსა და საქართველოს ყველა მთიან რეგიონში. მჯერა, რომ ეს იქნება დიდი სტიმულის მიმცემი აქ მცხოვრები ხალხისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობის დღესასწაულს ესწრება.