24 საათი ვიმუშავებთ, რომ შევინარჩუნოთ წესრიგი და უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლებები

24 საათი ვიმუშავებთ, რომ შევინარჩუნოთ წესრიგი და უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლებები

24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებლად უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლებების რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში, - ამის შესახებ კახა კახიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობაზე წარდგინისას განაცხადა.

კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იმ გუნდს, რომელმაც მას ნდობა გამოუცხადა.

"მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის დიდ ავანსად გაცემული ნდობა ჩემს მიმართ, მაგრამ ამავდროულად საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, რომ 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებლად უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლებების რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

კახიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრის პოსტზე წარადგინა.

"დიდი მადლობა ჩემს მეგობარს გიორგი მღებრიშვილს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი ჩაიბარა, ქვეყნის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის მინდა მას წარმატება ვუსურვო", - განაცხადა კახა კახიშვილმა.