„ალფას“ კლინიკაში სადაზღვევო პოლისის მქონე, ღია ჭრილობით დატანჯულ პაციენტს არ აწვენენ

„ალფას“ კლინიკაში სადაზღვევო პოლისის მქონე, ღია ჭრილობით დატანჯულ პაციენტს არ აწვენენ

ე.წ. „ხაჭოს აქციაზე“, სადაც „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები საკუთარ პროტესტს გამოხატავდნენ, ყავარჯენზე დაყრდნობილი 74 წლის მოხუცებული კაცი მომიახლოვდა და თავისი პრობლემის გაშუქება მთხოვა. ჩვენი საუბარი ბოდიშის მოხდით დაიწყო, რადგან მთხოვა, მისი ნაიარევი ფეხისთვის შემეხედა. მართლაც, იქ მყოფი ჟურნალისტებისთვის მძიმე სანახავი აღმოჩნდა ის, რაც ამ ადამიანს აწუხებდა - მარცხენა ფეხის ღია ჭრილობიდან სისხლი სდიოდა, რადგან ვენა გასკდომოდა, გარეთ გამოვარდნოდა და უფულობის გამო ვერსად ემკურნალა. ახლა კი განგრენის საშიშროების წინაშე იდგა. სადაზღვევო კომპანია „ალფას“ პოლისის ფლობის მიუხედავად, ახლადაშენებულ კასპის სავადმყოფოში მის მკურნალობას არავინ აპირებდა.    

„მიშას გაკეთებულ საავადმყოფოში არ მაწვენენ, ნაღდ ფულს მთხოვენ, აბა, ფული საიდან მექნება?!“ - კითხულობს მოხუცებული ლევან ქარქუსაშვილი და, როგორც ჩანს, მიშა სააკაშვილის იმედი კვლავაც აქვს.

გაირკვა, რომ კასპის რაიონის სოფელ ახალციხიდან თავისი გასაჭირის გასაზიარებლად თბილისში მეზობელი კაცის დახმარებით ჩამოსულიყო. ეგონა, სახალხო დამცველს მაინც ნახავდა და იმ უყურადღებობის გამო შესჩივლებდა, რაც კასპის საავადმყოფოსა და ადგილობრივ გამგეობაში მის მიმართ გამოიჩინეს. თუმცა სახალხო დამცველს ძველ მისამართზე, მაჩაბლის ქუჩაზე ვერ მიაკვლია და მის ახლანდელ მისამართზე, ვაკეში, წასვლა ვეღარ შეძლო.

„ყურადღება არსაიდან მაქვს, ჩემმა ახლობელმა ექიმებს თავად ჩაიტანა პოლიკლინიკაში ჩემი პოლისი, მაგრამ კასპის ახალ საავადმყოფოში ყური არ უგდეს. იქაური გამგეობაც არ მეხმარება, არც კი მიღებენ. ახლა წამოვედი, სახალხო დამცველს, ტუღუშს, ვეძებდი, პარლამენტის თავმჯდომარეც უნდა მენახა, არავინ არ შემხვდა. განცხადება დამაწერინეს და დამატოვებინეს. მარტო ვერ დავდივარ, ახლობელი კაცი წამომყვა. ახლა კი თქვენი იმედი მაქვს, იქნებ, გამოაქვეყნოთ, ან პატრული გამოჩნდეს და დამეხმაროს“, - აღნიშნა Presage.tv-სთან საუბარში ლევან ქარქუსაშვილმა.

ჭრილობის შესახებაც შევეკითხეთ. ფეხზე ვენა ჰქონია ამობერილი, ერთხელაც დაგორებული მანქანა დაჯახებია. ვენა გამსკდარა და სისხლი ჩაქცევია, ადგილობრივ პოლიკლინიკაში წასულა, ნაცნობ ექიმს კი გაუცინია, არაფერია, წითელმა ქარმა გაგიარაო.

„მოგვიანებით ჭრილობა გასკდა, დალპა და სისხლი გარეთ გამოდის. დაზღვევა მაქვს, მაგრამ კასპის საავადმყოფოში არ მაწვევენ, პოლიციაც ჩაერია ამ საქმეში, მაინც არ მაწვევენ, საავადმყოფოში ამის ექიმი არ გვყავსო. თანაც, ეს პოლისი არ ჭრის, ნაღდი ფული უნდაო. აბა, ნაღდი ფული საიდან მექნება?! სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვარ, თანაც ციხეში ვიყავი. ციხიდან რომ გამოვედი, 100 მანეთი ავიღე პენსია, გამომიწერეს რეცეპტი და 125 მანეთი დასჭირდა იმ წამლებს. ერთი თუმანი ვისესხე, სოფლიდან კასპში ავედი ექიმთან, გამსინჯა და ის ნასესხები ერთი თუმანი მივეცი, თანაც ვუთხარი, უნდა დაახურდავო-თქო, რადგან არც გზის ფული მაქვს, არც პურის ფული-მეთქი. გაეცინა და დაახურდავა“.

ციხეში რისთვის დაიჭირეს, არც თვითონ იცის. თუმცა ამბობს, სადაც ფულია, ის საქმე ჩახლართულია.

„რამე რომ მქონდეს დაშავებული, ხმას არ ამოვიღებდი. 2008 წელს სულ უბრალოდ დამიჭირეს, გლდანის ციხეში ვიყავი. არ მინდოდა, ძალიან მეშინოდა ნასამართლეობის. ახლა ვიძახი, თუ მიმიღო სააკაშვილმა, უნდა ვთხოვო, ეს ნასამართლოება მომიხსნას, რადგან ბრალი არაფერში მქონია. ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანმა ეს სახლის წართმევის გულისთვის გამიკეთა. არადა, ოჯახებით როგორ კარგად ვიყავით ერთმანეთთან?! მეუღლე რომ დამეღუპა, სახლი უნდა წაერთმიათ. ფული წაიღეს, ორი მანქანა გამიყიდეს, ციხიდან გამოვედი, ჩემს სახლში მივედი. რვა ოთახი მაქვს, კორიდორში ავედი, გასაღები გამოვაცალე და ჯიბეში ჩავიდე, იმ წუთში ოთხნი გამოვიდნენ მილიციიდან და წამართვეს ჩემი სახლის გასაღები. ორი გოგო მყავს, ერთი საბერძნეთშია, ერთი აქ არის გათხოვილი. ბიჭიც მყავს, მაგრამ უპატრონოდ ვარ, შვილებმაც თავი გამანებეს“.     

როგორც გაირკვა, მოხუცს სადაზღვევო კომპანია „ალფას“ პოლისი აქვს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სერთიფიკატი ლევან ქარქუსაშვილის, ანუ მის სახელზე იყო გაფორმებული. თუმცა, კასპის რაიონის კლინიკაში ამ პოლისს არ იღებენ.

„რა მჭირს, არ ვიცი. ექიმებიც არ მეუბნებიან არაფერს. თბილისში, არამიანცის საავადმყოფოს ექიმი გივი შარიფაშვილი (თბილისის 1 კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა ქირურგიისა და გადაუდებელი მიკროქირურგიის განყოფილება) უფრო გარკვეულია, რაც მჭირს, ჩემი დაავადების სახელიც მითხრა, მაგრამ არ მახსოვს, ბებერი კაცი ვარ“, - გვითხრა ლევან ქარქუსაშვილმა.

იმედია, კომპანია „ალფას“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე პირად კონტროლზე აიყვანს მსგავს შემთხვევებს. მით უფრო, რომ გასული წლის 9 დეკემბერს პაატა კურტანიძესთან ერთად კასპის კლინიკის პომპეზურად გახსნისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი კლინიკა არის სიმბოლო თანასწორობისა, რადგან აქ ნებისმიერი სოციალური საფეხურის წარმომადგენელს შეუძლია მოსვლა და მკურნალობა. მით უფრო, რომ მთავრობის ახალი ინიციატივის წყალობით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა და პენსიონერთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდებოდა.

პრეზიდენტს რომ დავესესხოთ, ასეთ კლინიკებში მკურნალობა ადრე მხოლოდ მთავრობის წევრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. „ახალი კლინიკა კი ძეგლი არ არის, ღმერთმა არ დაგაჭირვოთ და, თუ მკურნალობა დაგჭირდათ, გექნებათ საშუალება, კასპიდან გაუსვლელად მიიღოთ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება. ერთი წლის წინ, ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ კასპში ასეთი დონის თანამედროვედ აღჭურვილი კლინიკა გაიხსნებოდა?! სულ ახლახანს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა - დაიღუპა ბავშვი, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა და, რაკი აქ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების პერსპექტივა არ იყო, თბილისისკენ მოჰყავდათ. პაციენტი გზაში გარდაიცვალა,“ - აღნიშნა ახალი კლინიკით აღფრთოვანებულმა პრეზიდენტმა.

საინტერესოა, კასპის თანამედროვე კლინიკაში, რომელიც თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და 22 საწოლზეა გათვლილი, რატომ არ მოინახა ერთი ადგილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პოლისის მქონე ადამიანისთვის?! რატომ იმართლებენ თავს ადგილობრივი მედიკოსები, თქვენი დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოში ექიმი არ გვყავსო?! მაშინ, როცა კასპის ახალი სამედიცინო დაწესებულების გახსნისას დაარწმუნეს პრეზიდენტი, რომ საავადმყოფო  მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური გახლდათ, სადაც ლაბორატორიული და სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება იყო შესაძლებელი. თავის მხრივ კი, პაატა კურტანიძემ ახალი კლინიკის პრეზენტაციისას სიამაყით აღნიშნა, რომ კლინიკაში კადრების შერჩევა განსაკუთრებული სიმკაცრით მოხდა და მედპერსონალმა -  ექიმებმა, ექთნებმა, სანიტრებმა და მენეჯერებმა გადამზადების კურსებიც გაიარეს და შესაბამისი ხელფასებიც დაიმსახურეს. იქნებ, მედპერსონალის „გადამზადების კურსები“ ასეთი გაჭირვებული პაციენტისთვის მხოლოდ ნაღდი ფულის მოთხოვნაში არ გამოიხატოს?!