დიტო გელოვანი: უსისხლო ნაგვების ჯგუფი

დიტო გელოვანი: უსისხლო ნაგვების ჯგუფი

...მაშინ, საბჭოთა ჟურნალისტს წაუყვანია მუშებთან ამერიკელი და მიუმართავს – აი, თქვენ თვითონ გასინჯეთ, გამოთქვამენო თუ არა პროტესტს.

ამერიკელს გადაუწყვეტია მუშების გაღიზიანება და უთქვამს – ყველა მუშას ხელფასი უნდა დაგიკლონო. საშინელი ტაშისცემა და „ვაშას“ ყვირილი ატეხილა. გაოცებულ ამერიკელს დაუმატებია – საერთოდ, ყველას ხელფასი უნდა წაგართვანო. ისევ ტაშისცემა და „ვაშას“ ყვირილი. მთლად დაბნეულა უცხოელი – სამსახურიდანაც და ბინიდანაც უნდა გაგყარონო. ამაზეც ტაშისცემითა და „ვაშას“ ძახილით გაყრუებულა იქაუობა. უკანასკნელი ღონე მოუკრებია ამერიკელს და დაუყვიია – ხვალ ყველანი უნდა ჩამოგახჩონო. ისევ ვაშას“ შეძახილი და ტაში. მაგრამ მუშებს შორის ვიღაცას ხელი აუწევია და სიტყვა უთხოვნია. გადარეულა სიხარულით ამერიკელი – ეს მაინც განაცხადებსო პროტესტს. წამომდგარა ის მუშა და უკითხავს – სახრჩობელას თოკი ჩვენ უნდა მოვიტანოთ თუ პროფკავშირი მოგვცემსო.

(აკაკი ბარაძე, „მწერლობის მოთვინიერება“)

 

ეს ძველისძველი და ჩვენთვის მაინც აქტუალური ანეკდოტი, რომელიც აკაკი ბაქრაძემ მოყვა, გიგი უგულავაზე გამახსენდა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ანეკდოტი ამერიკელით იწყება და პროფკავშირით მთავრდება, ბარემ აქვე გეტყვით, რომ გასულ კვირაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აშშ-ში ვიზიტით გაემგზავრა და ახლაც იქ არის. ეტყობა, პეტრიაშვილს საკუთარი პრესსამსახურიც აქვს, რადგან პეტრიაშვილის პრესსამსახურის გარდა არავინ დაყრიდა ხმებს, შეხვედრები ექნება სენატში, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტშიო; დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან და სენატორ ჯონ ტერისთანო; ასევე – ამერიკის პროფკავშირების კონფედერაციების ხელმძღვანელობასთანო. შეხვედრების დროს საუბარი შეეხება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს და პროფკავშირების როლის გაძლიერებასო.

 

ზის ახლა ალბათ პეტრიაშვილი მსუქანა იტალოამერიკელ ძიებთან, მიირთმევს მაკარონს და იზიარებს გამოცდილებას. იზიარებს და უზიარებს კიდეც.

 

მაგრამ,როგორც გითხარით, ის ანეკდოტი გიგი უგულავას დავუკავშირე, ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს პროფკავშირები კი იმდენად უკბილოდ სასაცილო ვინმე–რამეა, რომ, ჯობს მაგაზე ნუ მოვცდებით. ვინც არ მოცდება, ის მოიგებსო – ხომ გაგიგიათ? და, რაჭველი რომ გამამაძაღლდებაო... – ესეც ხომ გაგიგიათ?

 

მოკლედ, გიგი უგულავა, ტაში და ვაშა.

 

„თბილისის მერი, გიგი უგულავა ავჭალაში მცხოვრებ მდინარაძეების ოჯახს ესტუმრა და ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელი 350 000-ზე მეტი აბონენტი ფიქსირდება და თითოეული მათგანი კუთვნილ ვაუჩერს უახლოეს დღეებში მიიღებს. ვაუჩერების დარიგება დღეს თბილისიდან დაიწყო“ – ჩემი მეგობარი სააგენტოს მასალების კითხვას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ხანდახან „კურიერის“ და „ქრონიკის“ ყურებაც ღირს და მე ვუყურე, როგორ ესტუმრა გიგი უგულავა ავჭალაში მცხოვრებ მდინარაძეების ოჯახს და როგორ გადასცა ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი პირადად ოჯახის დიასახლისს. დიასახლისს ტაში არ შემოუკრავს და არც ვაშა უთქვამს, მაგრამ თქვა: „ეს ვაუჩერი დიდი შეღავათია ჩვენი ოჯახისთვის“.

 

სასისკი უყვარს ჩემ ბროლიასო და, საიდან მოვიტანო ამ შუაღმისას სასისკი, კალბასს არ შეჭამსო? ნამეტანი უყვარს კალბასიო და, აჰ – კალბასი დიდი შეღავათია ჩემთვისო... თავისთავად, ოცლარიანი ვაუჩერი ვერაფერიშვილი შეღავათი იქნება ვაკიჯვრიდან ავჭალაში ჩამოსახლებული მდინარაძეებისთვის, მაგრამ მთავარი ხომ ვაუჩერი არ არის? მთავარი გაგებაა!

 

შეღავათი კი ალბათ ის იყო, რომ ოჯახის უფროსი ან სამსახურში დააწინაურეს და ანაც, სამსახურიდან არ გაათავისუფლეს. ჯიბეში ჩაუდეს ვაუჩერი და არ ჩაუდეს იარაღი. ამ ქვეყანაში კაცი ციხეში რომ არ ზის, უკვე დიდი შეღავათია და თუ სამსახურიც აქვს – ძალიან მითუმეტეს.

 

ძალიან სასაცილო სარეკლამო რგოლი იყო (სიუჟეტს ვერ ვუწოდებ), მაგრამ ჩვენ სინამდვილეში უფრო სასაცილოებიც გვინახავს. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამინისტროსა და შსს–ს სარეკლამო რგოლებს აფხაზი და ოსი სეპარატისტები, უცქერენ თავდაცვის, სიცილით იჟლიტებიან. ხოლო ეს კარგია – სიკვდილი სეპარატისტებს!

 

კარგით, ეგ იქით იყოს, მაგრამ არც ისე იქით.

 

ხანდახან წამომივლის ხოლმე და რაღაცეებს და რაღაც–რაღაცეებს ფილმებს ვუკავშირებ. ერთი კვირის წინ „ცისფერი მთები“, „უძინართა მზე“ და „იღბლიანი ჯენტლმენები“ გამახსენდა, ახლა კი გამახსენდა 70–იანი წლების მიწურულის ერთი ამერიკული ფილმი, რომელიც მე მგონი, ჩემს მეტს არავის ახსოვს. ისე, მეც არ მახსოვდა, მაგრამ უცებ წამომიტივტივდა. ამ ფილმის სახელწოდებაა „თხის რქა პირველი“ („კაზეროგ აძინ“ – ჩემ კოლეგა კრემლის აგენტებს ასე უფრო გაახსენდებათ).

 

ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: ამერიკული „ნასა“ ჩვენ დროში (ანუ 70–იანებში) ახორციელებს გრანდიოზულ პროექტს – სამმა ასტრონავტმა მარსზე უნდა დაადგას ფეხი, მაგრამ პროექტიის მიზანი არის არა მარსის განაშენიანება, არამედ კომუნისტების გულის გახეთქვა და ამიტომ ასტრონავტები მართლა კი არ სეირნობენ მარსზე, არამედ მათ აიძულებენ იმსახიობონ – მოწყობილია სპეციალური პავილიონი და იქიდან მიდის რეპორტაჟი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ მოვჭრი. სიმართლე რომ არ გამჟღავნდეს, ასტრონავტებს კლავენ, მაგრამ ერთი მათგანი გადარჩება, საკუთარ პანაშვიდზე საკუთარი ფეხით მივა და...


და მიშა ავღანეთში რომ იყო, რემბოს რომ თამაშობდა, ეგ ფილმი გამახსენდა და მერე ბიჭებიც დაიღუპნენ.

 

„საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბაზა "შუკვანზე" ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. საქართველოს მთავარსარდალმა, ოფიციალური მიმართვის შემდეგ, ჯარისკაცებთან ერთადაც ისადილა. დღესვე ჰელმანდში მიხეილ სააკაშვილმა ქართველ სამხედროებთან ერთად ჯავშანტექნიკით კონკრეტული მონაკვეთის პატრულირება მოახდინა“ – აი, ამ ნიუსის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა ის ფილმი, ხოლო ასოციაციები „კურიერმა“ გამიძლიერა – იშვიათად, რომ რომელიმე პრეზიდენტა ავღანეთში ჩასვლა გაბედოსო,ხოლო ვისაც გაუბედავ, ნახევარ საათზე მეტ ხანს არც დარჩენილა, საქართველოს პრეზიდენტი კი ორი საათის განმავლობაში პატრულირებას ახორციელებდაო.

 

ამბობენ, რომ სწორედ იმ პატრულირების დროს აფეთქდნენ ქართველი ჯარისკაცები. ამბობენ, რომ საპატრულო გასვლა სპეციალურად სააკაშვილისთვის მოეწყო და მოუმზადებელი იყო. ამბობენ, რომ სააკაშვილმა იცოდა, მაგრამ მალავდა, ამბობენ, რომ... ბევრ რამეს ამბობენ და შესაძლოა სულ ტყუილადაც, მაგრამ უბედურება ის არის, რომ არავის გაუკვირდება, სიმართლე რომ იყოს, რადგან თავად სააკაშვილია უბედურება.

 

„...სააკაშვილმა შეხვედრაზე ჰელმანდის პროვინციაში ქართველ ჯარისკაცებთან სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ „თალიბები“ ასაფეთქებელ მოწყობილობებს მისი იქ ყოფნის პერიოდშიც ამონტაჟებდნენ. „თუმცა, მაშინ ჩვენმა სამხედროებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მათ თავდასხმა მაინც მოახერხეს. ასეთ დროს ყველაზე მეტად ვფიქრობ მათ ოჯახებზე. ამდენი წელია, პრეზიდენტი ვარ და ყველაზე მძიმე ჩემთვის დღემდე ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაგებაა...“

 

ამ ხნის კაცი ვარო – იტყვიან ხოლმე. ამდენი წელია პრეზიდენტი ვარო – იმან, და პრეზიდენტობის მეხუთე წელს იყო, ბიჭები საფლავში არ იყვნენ გაციებულები, გოგონებს ცრემლი არ შეშრობოდათ თვალზე, ბავშვები და მოხუცები ჯერ კიდევ ვერ მოსულიყვნენ გონს, როდესაც გორთან ნაგორავებმა სააკაშვილმა ნაგორავები ადგილების სამკურნალოდ ბერლინიდან მასაჟისტი ჩამოიყვანა და ზურგი დააკბენინა. და თუ ვინ უმკურნალა დაკბენი ადგილებს, ამის შესახებ ჟამთააღმწერელი დუმს და არც მკურნალობის მეთოდებს ამხელს. ისე კი, ამბობენ, ევროპისა და ფილადელფიის საუკეთესო ოჯახები ნაკბენების დასაამებლად ტყავის შორტებში გამოწყობილ ხელმათრახიან დიაცებს იძახებენო. ამ ჩვენ ლიბერასტებს რას გაუგებ? იქნება და, ტყავის ქურთუკიან, ხელმათრახიან მუტრუკებს ამჯობინებენ!

 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი ბიჭების სული. ავღანელების დაწყნარებისა არ მჯერა, მაგრამ იქნებ ქართველები... გავბრაზდეთ მაინც!

 

„საქართველო, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო ასე ახლოს არასოდეს ყოფილა უსაფრთხოებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა გორში დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა“ – იტყობინებოდა „ინტერპრესნიუსი“.

 

ბევრჯერ მითქვამს, ახლაც ვიტყვი და ყოველთვის გავიმეორებ: რაც უფრო ახლოს იქნება თბილისთან რუსეთის ჯარი, მით უფრო მეტად იქნება დაცული მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოება. სააკაშვილისაც და, მასთან ერთად, სხვებისაც. მაგალითად, ნუგზარ წიკლაური, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

არაფერი ვიციო – უთქვამს წიკლაურს და გაჩენის დღე დაუწყევლია – ერთხელ დაიბადო და ისიც, ერთუჯრედიანიო. ისე, რომელი უფრო ცუდია, ერთუჯრედიანი თუ იმბეცილი? „კარგი იქნება, თუ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ და არა მე“ – არ გეგონოთ, რომ მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტები ვაშაძის უწყებაში იმბეცილებისა და ერთუჯრედიანების შედარებითი დახასიათების წამოსაღებად გადაამისმართა. მიუნხენის შეხვედრას გულისხმობდა, სადაც გიულისა და ნანას ბიჭები იგორ ივანოვს შეხვედრიან და, სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, „შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა“. იმავე სარწმუნო წყაროს ცნობით, „შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პროსახელისუფლებო ექსპერტები“, ანუ, ალბათ, თავხელიძე, ჩოლოყაშვილი, ჩიტიძე და ჯაფარიძე. იქნებ, სხვებიც იყვნენ, მაგალითად ჯანდიერი, ბარნოვი და მასხარაშვილი, მაგრამ არ ვიცი. თუმცა, მოდით, ნუ ვუწოდებთ მათ ექსპერტებს და ერთი, საერთო გვარით მოვიხსენიოთ – ან თავფეხიძეები, ან ჩოყლოყაშვილები და ანაც მასხარასშვილები.

 

უსისხლო რევოლუცია მოვახდინეთო... უსისხლოთა რევოლუცია იყო. სად აქვთ სისხლი, მაგ... წაკლაურს თუ ტვინი არ აქვს, მალაშხიას თუ ჯიგარი არ აქვს და ბაქრაძე თუ ქლიბია, თავფეხიძეს რატომ უნდა ჰქონდეს სისხლი და სისხლის ჯგუფი?

 

კარგი, დამსახურებული ქართული გვარები ჩამოვთვალე, მაგრამ მთავარი ხომ გვარი არ არის? მთავარი გაგებაა და გვარი რომ მთავარი იყოს და იქვე სახელიც შესაბამისი რომ ჰქონდეს... სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ინებეთ, მეგობრებო:

 

„საქართველოში 8 ილია ჭავჭავაძე, 55 აკაკი წერეთელი და 7 ლუკა რაზიკაშვილი ცხოვრობს. სტატისტიკა გამოჩენილი ქართველების თანამედროვე სეხნიებისა და მოგვარეების შესახებ „ინტერპრესნიუსს“  იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილებამ მიაწოდა. განყოფილების სტატისტიკით, საქართველოში ასევე ცხოვრობს – 109 - ანა კალანდაძე; 51 - მიხეილ ჯავახიშვილი; 54 - ივანე ჯავახიშვილი; 160 - ნინო რამიშვილი; 1 - ილიკო სუხიშვილი; 8 - ლადო ასათიანი; 26 - ნიკოლოზ ბარათაშვილი; 59 - თენგიზ აბულაძე; 45 - ელენე ახვლედიანი; 12 - აკაკი ბაქრაძე; 4 - იაკობ გოგებაშვილი; 5 - კონსტანტინე გამსახურდია; 8 - დავით გურამიშვილი; 26 - ცოტნე დადიანი; 2 - ჰამლეტ გონაშვილი; 1 - ლადო გუდიაშვილი; 77 - ნოდარ დუმბაძე; 6 - სერგო ზაქარიაძე; 8 - ნატო (ნატალია) ვაჩნაძე; 11 - რეზო თაბუკაშვილი; 28 - მედეა ჯაფარიძე; 8 - მიხეილ თამარაშვილი; 1 - ექვთიმე თაყაიშვილი; 27 - გიორგი ლეონიძე; 2 - გალაკტიონ ტაბიძე; 15 - აკაკი შანიძე; 1 - სოფიკო ჭიაურელი; 7 - მიხეილ ხერგიანი“.

 

ქვეყანაში, რომელშიც 8 ილია ჭავჭავაძე, 12 აკაკი ბაქრაძე და 26 ცოტნე დადიანი ცხოვრობს, პარადი ერთადერთ მიხეილ სააკაშვილს მიჰყავს. 160 ნინო რამიშვილი გვყოლია, მაგრამ მაინც ნინა წკრიალაშვილს დაკრულზე ვცეკვავთ; 4 იაკობ გოგებაშვილია და 8 დავით გურამიშვილი, გვყავს 11 რეზო თბუკაშვილი და 54 ივანე ჯავახიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კი დიმიტრი შაშკინია. ჩვენ რომ ხალხი ვიყოთ, ერთადერთი ექვთიმე თაყაიშვილიც ეყოფოდა საქმეს. საქმეს, რომელიც ლუკას ჰქონდა და კვლავაც აქვს.

 

ზოგიერთის საქმისა და საქმეების შესახებ ნიუსი მოგვითხრობს: „ამერიკულ საგანმანათლებლო ცენტრ „ლანგეითში“ ამერიკის მეგობართა კლუბმა ამერიკის პრეზიდენტის დღე აღნიშნა. ამერიკის ისტორიისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხებზე აშშ-დან მოწვეულმა ექსპერტმა, ბრაიან სმიტმა და აშშ-ის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორმა, ვასილ კაჭარავამ ისაუბრეს. „ლანგეითის“ ხელმძღვანელის, მარი ჩანგიანის განცხადებით, ისევე, როგორც აშშ-ში საქართველოშიც ამერიკის ყველა დღესასწაული აღინიშნება. ამერიკის მეგობართა კლუბის დამაარსებლის, ილია ზუკაკიშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიებების აღნიშვნა ორ ქვეყანას ერთმანეთთან უფრო აახლოებს“.

 

რამე რო იყოს, ილია ზუკაკიშვილის თქმით, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ილიაობას არ აღნიშნავენ? ან, მარი ჩანგიანის თქმით – მარიამობას. ვასილკაჭარავობა რომ არ აღინიშნება, ეს ზუსტად ვიცი.

 

ახლა, აქ ჩამოთვლილ პატივცემულებს ისევე აინტერესებთ ამერიკის პრეზიდენტის დღე, როგორც მე დღე, როდესაც მიშა სააკაშვილმა პირველად დაინახა ალანა გაგლოევა. ძაანაც კიდიათ, მაგრამ უთხრეს საქმეს ჭირდებაო და...

 

საქმეს ჭირდებაო და, მთელი გასული კვირის განმავლობაში მინისტრები, დეპუტატები და მათთან გათნაბრებული პირები – “რუსთვი–2“–ის და დანარჩენი „რუსთავების“ ჟურნალისტები თავებს მკერდით იწონებდნენ, ხოლო მკერდს – ყაყაჩოთი. ისე გამოვიდა, რომ გასულ კვირაში ვინც ყაყაჩოთი არ დადიოდა, იმისთვის სულერთი იყო კოჯორსა და ტაბახმელაში დაღვრილი სისხლი. საქმეს ჭირდებაო და, გასული კვირა ოკუპაციის კვირეულად გამოცხადდა. საქმეს ჭირდებაო და, უკვე რამდენიმე წელია რუსები შეიძულეს. სააკაშვილმა საარჩევნო კლიპში ცრემლი რომ გადმოუშვა, არჩევნებს ჭირდებოდა და მდინარაძეების ოჯახისთვის 20–ლარიანი ვაუჩერი დიდი შეღავათი რომ არის, ეგეც საქმეს ჭირდება.

გააჩნია, ვის საქმეს...

 

ზუსტად ორი წუთის წინ მომიტანეს ელექტროენერგიის ვაუჩერი, რომლის უკანა გვერდზე ხაჩიძისა და ვარძელაშვილის მთავრობა მწერს: „ეს ვაუჩერი არის მთვრობის მოკრძალებული თანადგომა, რაც, ვიმედოვნებთ, ჩვენს ოჯახებს ცივი ზამთრის გადატანაში მცირედით მაინც დაეხმარება. გარდა ამისა, ეს ვაუჩერი არის საშუალება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ხალხმა ერთმანეთსაც გაუწოდოს დახმარების ხელი...“

 

როდესაც შუქს ვანთებთ, ნაგვის ფულს კი არ ვიხდით, არამედ ჩვენი უტვინობის საფასურს ვუხდით ნაგვებს.

 

ვარძელაშვილი და ხაჩიძე მწერენ, ეს ვაუჩერი ჩვენს ოჯახებს მცირედით მაინც დაეხმარება ცივი ზამთრის გადატანაშიო. კურტანიძე და ნაყოფია მეუბნებიან, ეს ვაუჩერი არის საშუალება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ხალხმა ერთმანეთსაც გაუწოდოს დახმარების ხელიო.

 

„აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილები ნეთბუკებით დასაჩუქრდნენ. განათლების სამინისტროს ცნობით, "ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს უმასპინძლა. მინისტრის მოადგილემ, ნოდარ სურგულაძემ მე-2, მე-3 კლასელ წარჩინებულ 20 მოსწავლეს საჩუქრად ნეთბუკები გადასცა...“

 

გასულ კვირაში აჩუქეს, მომავალ კვირაში დაამადლებენ, ორიოდე კვირის შემდეგ კი 400–ლარიან ჯარიმებს გამოუწერენ ბრაკშობილი ნეთბუქების დაზიანებისთვის, რადგან „ალგორითმის“ გამოშვებული პროდუქცია ისეთივე ხარისხიანია, როგორც ნინო ჩხეიძის ნამღერი.

 

მანდატურები და კომპანია „ლუკოილ ჯორჯია“ ჩვილ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. ქართველმა მანდატურებმა და რუსმა მენავთობეებმა მთელი დღე ჩვილ ბავშვებთან ერთად გაატარეს – ეს ღირსშესანიშნავი ფაქტი გასულ კვირაში მოხდა. ბავშვებს მთელი დღე ეძინათ და მანდატურებმა ვერავინ დასაჯეს. ბავშვებს ეძინათ და ძილში ლაპარაკობდნენ: „თქვე ჩემისებო, რატომ ყიდით საწვავს ასე ძვირად? რით ვერ გაძღა თქვენი მუცელი?“

 

თბილისში წლის ბოლოსთვის უსახლკაროებისთვის კიდევ ორი სამსართულიანი სახლი აშენდება და მასში თბილისში მცხოვრები 17 და 7 დევნილი ოჯახი შესახლდება. ამით ძალიან ამაყობს შტატივების სათვალიანი ჭანჭიკი, ზაზა გაბუნია – ჩვენ მივაღწიეთო. ჯანდაბას, ეგრე იყოს,მაგრამ ეჭვი მაქვს, „დექსუსიც“ მიაღწევს იმას, რომ მას ააშენებინებენ და იმ უსახლკარო 17 და 7 დევნილ ოჯახს ვურჩევ, ფული ახლავე გაამზადონ, თუ აქვთ და თუ არ აქვთ, ახლავე შეეგუონ, რომ 2013 წელს კვლავაც ღია ცის ქვეშ, დევნილობაში შეხვდებიან.

 

გასულ კვირაში  სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. გვახსოვს საჰაერო შეტევები გორზე, იღუპებოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები... იყო ბევრი სისხლი, მაგრამ სააკაშვილი Facebook-ის პირადი გვერდის დაბომბვამ რომ გაამწარა – მტრისას!!!

 

„ვისაც პუტინი მოგწონთ, მისი გჯერათ ან ფიქრობთ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მისეული ხედვა შეგიძლიათ მიიღოთ, გთხოვთ ამის შესახებ ხმამაღლა თქვათ და აქეთ იქით კუდს ნუ აქიცინებთ“ – ჩვეული უზრდელობით განაცხადა პედაგოგების შვილმა და შვილიშვილმა.

 

კუდს ვინ აქიცინებს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. თუმცა, რა არის საკითხავი? სააკაშვილი აქიცინებს კუდს და სოდს, ჩვენი დანაშაული კი ის არის, რომ უკვე 9 წელია, ვაქიცინებთ სააკაშვილს.

 

გასულ კვირაში თავს დაესხნენ ალექსანდრე ანქვაბს. დაესხნენ და დაესხნენ, მაგრამ შეშფოთებული ანქვაბი არავის უნახავს. სამაგიეროდ, უსასტიკესი და უღრმესი შეშფოთება გამოხატა ნესტან კირთაძემ და...

 

არ მითხრათ, ახლა, ნესტან კირთაძე არ აქიცინებსო.

აქიცინებს და მერე როგორ!

მაგრამ ქიცინის ჩემპიონი მაინც დავით დარჩიაშვილია.

 

„ახალი პოლიტიკური კოალიციის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის ჰიპოთეტური დაშვების შემთხვევაში, ძლივს დამარცხებული კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის რევანშს ველი“ – ეს სიტყვები დავით დარჩიაშვილს ეკუთვნის.

 

კორუფცია არავის დაუმარცხებია, ორგანიზებული დამნაშავეობა ყვავის. თუმცა, რევანში მაინც იქნება და სიტყვა „რევანში“ არ არის ის სიტყვა, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა ვიხმაროთ.

 

ეს იქნება, კულტურულად რომ ვთქვათ, ვიღაცისა და ვიღაც ვიღაცეების დედის ტრიპერი და მამის კოლიტი.

 

პროცესი იქნება უსისხლო. სად აქვთ მაგ ნაგვებს სისხლი და სისხლის ჯგუფი?!

 

ნ.მ.ჩ.ტ.ე.მ. და ა.ა. (ნაციონალების მიერ ჩატარებულ ტერორს ერთი მიზანი და ამოცანა აქვს) სკკპ მიერ ჩატარებულ ტერორს ერთი მიზანი და ამოცანა ჰქონდა – დაენერგა საყოველთაო შიში, საბოლოოდ დაეთრგუნა ყოველგვარი პროტესტის სურვილი, შეექმნა ტოტალური მორჩილების ატმოსფერო. ეს სრულიად არის განხორციელებული დღეს. ახლა სკკპ მიზანი და ამოცანაა, შეინარჩუნოს მიღწეული და კიდევ უფო გააღრმაოს იგი. ეს არის პარტიის საქმე.

(აკაკი ბარაძე, „მწერლობის მოთვინიერება“)