ქუთაისელებს ის არ ეყოფოდათ, რომ ბუნებრივ აირში გაზრდილ გადასახადს ახდევინებდნენ და ახლა შეურაცხყოფასაც აყენებენ. ამ საქმეში მეთოდურად ოსტატდებიან სემეკის თანამშრომლები, რომელთაც ოპოზიცია თავხედობაში სდებს ბრალს.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ სემეკის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს ქუთაისის მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს. „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციამ 22 თებერვალს გაზის ტარიფის თემაზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქუთაისის სხვადასხვა რაიონებში განსხვავებული ტარიფი მოქმედებს. ამის შესახებ პარტიამ სემეკს მიმართა.
გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით კი, იგი აღნიშული ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ იყო, ამიტომ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ბუნებრივ აირზე მაღალი ტარიფი ერიცხება, ჩალაგაშვილმა მოუწოდა, ქუთაისში სემეკის ოფისისითვის მიემართათ და პირობა დადო, რომ ამ ხარვეზს აუცილებლად გამოასწორებდნენ.
როდესაც რამდენიმე მოქალაქემ ქუთაისის სემეკს მიაკითხა, მათ იქ ცინიკურად შეხვდნენ და საკმაოდ თავხედური პასუხები გასცეს. მოქალაქეებს საშუალება არ მიეცათ, სემეკის თავმჯდომარეს შეხვედროდნენ, რათა პრობლემის მოგვარება მისთვის ეთხოვათ. მეტიც, მათი პრობლემის არსიც კი არ მოისმინეს ისე გამოისტუმრეს უკან“, - განაცხადა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძემ.
მისი თქმით, „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია ამ ფაქტთან შეგუებას არ აპირებს და დაზარალებული მოსახლეობის დასაცავად კანონით დაშვებული ყველა მეთოდით იბრძოლებს“.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ქუთაისში სოლომონ მეორის მე-4 შესახვევის (ე.წ. წყალწითელას პანსიონატის დასახლებაში) მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებმაც გაზიფიცირება საკუთარი ხარჯებით მოახდინეს, გაზის ტარიფი 0,53-დან 0,59 თეთრის ჩათვლით ერიცხებათ.
ზვიად წაქაძე სემეკსა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებდა, აღნიშნულ ფაქტზე დროულად მოეხდინათ რეაგირება და ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეები თანაბარ პირობებში ჩაეყენებინათ. ამის სანაცვლოდ სემეკმა ქუთაისელები დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააყენა.
ის, რაც ქუთაისელებს აღელვებთ, მარტო მათი პრობლემა არ არის, საქართველოში ბუნებრივი აირის ყველა ახალ აბონენტს 59-თეთრიანი ტარიფი დაუწესეს. საქმე ისაა, რომ გაზის ტარიფს 2008 წლიდან სემეკი აღარ განსაზღვრავს. ენერგეტიკის მინისტრის ალეკო ხეთაგურის ბრძანებით, ტარიფი დერეგულირებულია. კერძოდ, 2008 წლის 24 ივლისის N73 ბრძანების თანახმად, „ბუნებრივი აირის მიწოდების საქმიანობა გამოცხადდა დერეგულირებულად, ხოლო ნაწილობრივ დერეგულირებულად 2008 წლის 1-ელ აგვისტომდე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისათვის“.
როგორც კი ტარიფის დერეგულაცია მოხდა, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მოსახლეობას ტარიფი გაუძვირა და მას სხვა კომპანიებიც აყვნენ. განსაკუთრებული პროტესტის გამო ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა, კომპანიებს ძველ ტარიფზე დაბრუნება მოსთხოვა და გარკვეული დროით კვლავ 50 თეთრზე დააბრუნეს ახალი აბონენტები. თუმცა, ისევე როგორც ყველა სფეროში მომხმარებელი მოატყუეს და ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაზრდილი ტარიფი დააკისრეს.
ამჯერად, ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანიები გაზიფიცირებისთვის ინვესტიციებს დებენ და მათ ტარიფის გაზრდის უფლება აქვთ. როგორც ჩანს, ხეთაგურს დაავიწყდა, რომ ხელისუფლებას წინ 2 საეტაპო არჩევნები აქვს მოსაგები...