„აღმაშფოთებელია ის, რასაც მეზობელი სახელმწიფო აკეთებს და ბოლომდე ვერ ამიხსნია რა არის ეს“

„აღმაშფოთებელია ის, რასაც მეზობელი სახელმწიფო აკეთებს და ბოლომდე ვერ ამიხსნია რა არის ეს“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მცოცავ ანექსიაზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გამოუცდელობისა და დაუდევარი ქმედებების შედეგი.

როგორც ექს-პრემიერი "გურია News"-თან ინტერვიუში აცხადებს, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საერთაშორისო საზოგადოება და მეზობელი ქვეყანა დაარწმუნოს, რომ საქართველო არასდროს შეეგუება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას.

„რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებ და ვიცი ყველაფერი. აღმაშფოთებელია ის, რასაც მეზობელი სახელმწიფო აკეთებს და ისეთი ტიპის პროვოკაციები, რაც ბოლომდე ვერ ამიხსნია, რა არის ეს, დაშინების პოლიტიკაა, თუ რა. 200-300 მეტრით ე.წ. საზღვრის გადმოწევა, ვთქვათ, ამით კოლოსალურად ვერავინ გამდიდრდება, მაგრამ ეს არის მძიმე და დანაშაულებრივი პროვოკაცია. მთავრობა აკეთებს ადეკვატურ რეაგირებას. ის, რაც შეგვიძლია, რეალობიდან. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, აკეთებენ თუ არა იმ მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ვთქვათ, განცხადებები ყველა დონეზე, ტუსკის ჩამოსვლა. მართალია ის ამისთვის არ ჩამოსულა, მაგრამ დაემთხვა ამ ყველაფერს. ყველაზე საოცარი რა გახლავთ - „თავისუფალი დემოკრატების“ 2 მინისტრი რომ აცხადებს, მათ დროსაც მოხდა ამის მსგავსი, საუბედუროდ. რა გააკეთეს უფრო მეტი, გინდა საგარეო, გინდა ევროინტეგრაციის მინისტრმა, რომ გამოდიან და... კონსტრუქციულობა, არგუმენტები და სინდისი არ უნდა დავივიწყოთ. პოლიტიკა იმის კი არ არის, რომ სინდისი გავირეცხოთ და რაც მოგვესურვება იმაზე ვისაუბროთ. პატარა ქვეყნის შვილები ვართ, ყველა ერთმანეთს ვხვდებით და ვუყურებთ. მთავრობა აკეთებს ძალიან მიახლოებულს იმასთან, რაც შეუძლია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევაფასოთ ყველა, მათ შორის, ჩვენი მთავრობაც და ხელისუფლებაც იმის მიხედვით, რეალობიდან გამომდინარე, რისი გაკეთება შეიძლება და რას აკეთებენ. ახლა ყველაზე მეტი კრიტიკოსები, ვინც ყველაზე მეტად აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათ გააკეთეს სწორედ ეს უბედურება, მათ დაგვიტოვეს. თუ არა მათი გაუგებარი, უაზრო ქმედებები, როგორც საბავშვო ბაღის ბავშვებს რომ ჩააბარებ ხელისუფლებას, მსგავსი სისულელეები აკეთეს. რაც არ შეეძლოთ, იქ რომ გაიქაჩნენ, სწორედ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღეს მათ გაუბედურებულ და გაპარტახებულ დატოვებულ შედეგებს ვიმკით. მათ მოახერხეს და მიიყვანეს აქამდე ეს საქმე. მათი უტვინობის და გამოუცდელობის, მათი დაუდევარი ქმედებების შედეგია და დღეს გამოდიან და კიდევ ეს ხალხი ხმაურობს. მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, რომ მაქსიმუმი გააკეთოს - მაქიმალურად საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობა, მაქსიმალურად უნდა ვითანამშრომლოთ და უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მეზობელიც და უფრო შორეულიც, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას“, - განაცხადა ივანიშვილმა.