ივანიშვილის ბიზნესპარტნიორების ოჯახის წევრებს პრობლემები რუსთავშიც დაეწყოთ

ივანიშვილის ბიზნესპარტნიორების ოჯახის წევრებს პრობლემები რუსთავშიც დაეწყოთ

11-წლიანი არსებობის შემდეგ, რუსთავის კერძო სკოლა “მილენიუმი” აღსაზრდელების გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს, ავტორიზაციის ჯგუფმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. შედეგად, “მილენიუმის” 152 მოსწავლე იძულებული გახდა სხვა სკოლებში გადასულიყო. კერძო სკოლის 49 პედაგოგმა მრავალი ათასი უმუშევრის ბედი გაიზიარა.

“მილენიუმს”  რუსთავში კარგი რეპუტაცია თავისი აღსაზრდელების მიღწევებით ჰქონდა. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ოლიმპიადებში თითქმის ყველა საგანში, სკოლის აღსაზრდელები მნიშვნელოვან გამარჯვებებს აღწევდნენ. 

თუმცა “მილენიუმის“ დირექტორის თქმით, ეს მიღწევები სკოლაში მისულ ჯგუფს ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა ავტორიზაციისთვის.

“მათი ინტერესის ობიქტი იყო არა ის, თუ რა შედეგზე იყო სკოლა გასული, არამედ თითიდან გამოწოვილი ხარვეზების აღმოჩენა, რომელიც სკოლას პრობლემებს შეუქმნიდა. თუ სხვა სკოლებში 2 საათი მუშაობდა ეს კომისია, ჩვენთან 2 დღე თავი არ აუწევიათ. მათ ხარვეზად დააფიქსირეს შემდეგი საკითხები: რატომ არ გვქონდა მე-12 კლასის ჟურნალში შეტანილი აბიტურის საათი მაშინ, როდესაც ჩვენ მე-12 კლასი საერთოდ არ გვყავს. წერდნენ ასევე, რომ არ გვქონდა 15–წუთიანი შესვენება. ასევე, ჩვენ ჟურნალის შენიშვნების გვერდზე გამორჩენილი იყო ჩემი ხელმოწერა; კათედრის გამგის ხელმოწერა არ იყო კათედრის სხდომის ოქმზე.

მსგავსი წვრილმანი ხარვეზები სხვაც დაგვიფიქსირეს, მაგრამ მე მაინტერესებს: ნუთუ ამ ხარვეზების გამო შეიძლება შეწყდეს სკოლის ფუნქციონირება?

მათი მხრიდან შენიშვნების მიღების შემდეგ ჩვენ გავასწორეთ ყველა ეს ხარვეზი.

ასევე, პრობლემად გვიწერდნენ  “უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების წერილობითი ფორმით არარსებობას. მაშინ, როდესაც სკოლას აქვს სამედიცინო კაბინეტი, ყავს კვალიფიციური ექიმი და გვაქვს საჭირო მედიკამენტები – კომისია წერილობითი ფორმით ამ მექანიზმების არარსებობაზე გვედავებოდა.

ჩვენ ეს მექანიზმებიც მოვიძიეთ და დავწერეთ. ასევე შევიძინეთ სკოლის გარე თვალთვალის კამერები. ბიბლიოთეკაში დავამატეთ სასკოლო სახელმძღვანელოები “ – საუბრობს “მილენიუმის ” დირექტორი, ელზა ლეკვეიშვილი. მისი თქმით, ავტორიზაციის კომისიამ კერძო სკოლას მანდატურის არყოლაც ხარვეზად ჩაუთვალა.

“მანდატურის საკითხთან დაკავშირებით, მინდა ერთ უცნაურ გარემოებაზე გავამახვილი ყურადღება. ჩვენ გადავწყვიტეთ აგვეყვანა ერთი მანდატური. შესაბამისი ხელშეკრულაც გავაფორმეთ, თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერის მეორე დღეს მანდატურის სამსახურიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ორი მანდატური უნდა აგვეყვანა. ორ  მანდატურს კი ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდებოდა, ამიტომ დავრჩით მანდატურის გარეშე. მე არ ვთვლი, რომ 152–ბავშვიან სკოლას ორი მანდატური ჭირდება. ის ერთი მანდატურიც სამი თანამშრომლის ხელაფსისი დაკლების ხარჯზე უნდა აგვეყვანა.

კომისიას სხვა შენიშვნებზეც საუბრობდა, თუმცა ამ შენიშვნების გათვალისწინებით მაქვს ეჭვის საფუძველი, რომ ჩვენი სკოლის მიმართ სხვა ნიშნით მოხდა ავტორიზაციის შეჩერება” – დასძენს ლეკვეიშვილი.

ამ საქმეში საინტერსოა ერთი დეტალიც. გასულ წელის 8 სექტემბერს

“მილენიუმმა ” ავტორიზაცია უკვე გაიარა. სკოლას ავტორიზებულის სტატუსი ჰქონდა, თუმცა ავტორიზაციის ჯგუფი 4 თვეში ისევ თავზე დაადგათ.

“გარკვეული ეჭვები მაქვს, რაც ჩემი მეუღლის საქმიანობას უკავშირდება.

ის  ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპანიას. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ის არ არის პოლიტიკაში ჩართული ადამიანი.

ბოლო ორი თვეა მესმის გარკვეული ჯგუფებისგან საუბრები, რომ საინტერესოა, თუ რატომ მოუხშირა ჩემმა მეუღლემ რუსთავში სტუმრობას. ასევე ამბობენ, რომ ვინიშნები “ქართული ოცნების” რუსთავის ოფისის ხელმძღვანელად. რაც, ცხადია, არ არის სიმართლე. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ის რუსთაველია და რუსთავში თავისი სამშენებლო კომპანიის პროექტის მიმდინარეობას აკვირდება. საკუთარ ქალაქში ჩამოსვლის ნებართვას კი ვერავისგან აიღებს.

ეს საუბრები მე ეჭვის საფუძველს მაძლევს. ეჭვს  ავტორიზაციის კომისიის მუშაობაც მიმძაფრებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათი მითითებული ხარვეზი გავასწორეთ, მათ ეს არ გაითვალისწინეს” – ამბობს ელზა ლეკვეიშვილი.

სოციალურ ქსელში და მედიაში განათლების სამინისტრო საზოგადოებას უხსნის, რომ “მილენიუმს” ავტორიზაცია აღმოჩენილი ხარვეზების გამო შეუჩერდა. სამინისტრო კერძო სკოლის მოსწავლეებს არწმუნებს, რომ მათ სხვა სკოლებში გადასვლისას პრობლემები არ შეექმნებათ. თავად სკოლის დირექტორი კი საქმის სასამართლომდე მიყვანას გეგმავს.

ჩვენი ინფორმაციით “მილენიუმის ” მსგავსად პრობლემები ჰქონდა რუსთავის კერძო სკოლა “ლაზარესაც”. აღნიშნულმა სკოლამ ავტორიზაცია გაირა, თუმცა მისი საქმე ბეწვზე ეკიდა, რადგან “ლაზარეს” სამთავრობო წრეში “კრიშა” არ ჰყავს.

“მილენიუმის“ პრობლემების შემდეგ სადარდებელი გაუჩნდა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან, როგორც ბიზნესმენთან უკვე, წლებია თანამშრომლობს. მათ აინტერესებთ, თუ ვინ იქნება შემდეგი...