11 წლით შემცირებული სიცოცხლის ხანგრძლივობა

11 წლით შემცირებული სიცოცხლის ხანგრძლივობა

საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა წლიდან წლამდე მცირდება. თუკი რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი 76 წელი იყო, დღეს უკვე 65 წლამდე ჩამოვიდა. გარდა ამისა,  ჩვენი ქვეყანა მიეკუთვნება იმ ქვეყანათა ჯგუფს, სადაც აშკარად იკვეთება მოსახლეობის დაბერების ნიშნები. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ყოველ სამ წელიწადში საშუალოდ თითო წლით უფრო ხანდაზმული ხდება – ბერდება. 

საქართველოში მოსახლეობის საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად აღემატება სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. 2010 წელს, 1990 წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი (ანუ ასაკი, რომელთან შედარებითაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნახევარი უფროსია, მეორე ნახევარი კი – უმცროსი), 6,4 წლით გაიზარდა – 31.2 წლიდან 37,6 წლამდე. შედარებისათვის: იმავე პერიოდში სომხეთის მოსახლეობის მედიანური ასაკი გაიზარდა მხოლოდ 5 წლით (27-დან 32 წლამდე), აზერბაიჯანის მოსახლეობისა კი – 5,2 წლით (23,2 წლიდან 28,4 წლამდე).

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში ტიტულოვან ერთა შორის ქართველები ყველაზე ხანდაზმულად გამოიყურებიან. დღეისათვის აღნიშნული ინდიკატორით საქართველო “უსწრებს” სომხეთს 5.2 წლით, ხოლო აზერბაიჯანს – მთელი 9,2 წლით.

ქვეყნის მთელ რიგ რეგიონებში შეინიშნება დეპოპულაცია. განსაკუთრებით კატასტროფულია ამ მხრივ მდგომარეობა ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა თუშეთი, ხევსურეთი, რაჭა... მაგალითად, მოსახლეობის საშუალო ასაკი ონის რაიონში 46,4 წელია, ამბროლაურში – 47,4 წელი... შედეგი – დღეისათვის რაჭაში 2,5-ჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ამ ორი საუკუნის წინ, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში.

სოფლად ადგილებში წლიდან წლამდე მცირდება სასკოლო ასაკის ბავშვთა რაოდენობა.  ფაქტობრივად, ქვეყნის დემოგრაფიული პოტენციალი დღეის მდგომარეობით ორი ათეული წლის წინანდელთან შედარებით ¼-ით და მეტადაა შემცირებული. 0-15-წლიანთა რაოდენობა ამ ხნის განმავლობაში შემცირდა 1/3-ით, ხოლო 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 

ქვეყანა ითვლება დაბერებულად, თუ მასში 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 7%-ს აღემატება, საქართველოში ეს მაჩვენებელი 14,4%-ია, რუსეთში – 12%. ჩვენთან 1 პენსიონერზე მოდის 0,75 დაქირავებით დასაქმებული (რუსეთში – 1,7) მაშინ, როდესაც ოპტიმალური – 3,0-ია. 

“მოსახლეობის დაბერება, დემოგრაფული ფონის დამძიმება გავლენას ახდენს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებიდან დაწყებული და ეკოლოგიით დამთავრებული. იმის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად, რომ ჩვენთან საპენსიო ასაკი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მაღალია, ხოლო საშუალო პენსიის სიდიდე – ყველაზე დაბალი, აღნიშნულ გარემოებებშიც უნდა ვეძებოთ.

დემოგრაფიული ფონის დამძიმება გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიზმზეც – მოსახლეობის ერთი წლით დაბერება იწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების პოტენციალის თითქმის 2.5-პროცენტიან შემცირებას”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

სტრესული გარემო და უმუშევრობა - ეს არის ის მიზეზები, რისგამოც საქართველოში სიკვდილიანობის ასაკი გაახალგაზრდავდა, განსაკუთრებით კი მამაკაცებში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით 35-დან 39 წლის ასაკში 2006 წელს 668 ადამიანი დაიღუპა, 2007წელს - 655, 2008 წელს - 736, 2009 წელს - 776, 2010 წელს კი - 622 ადამიანი.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა 50-54 ასაკობრივ ჯგუფში. 2006 წელს 50-დან 54 წლის ასაკში სულ 1 864ადამიანი დაიღუპა, 2007 წელს - 1 808, 2008 წელს - 1 878, 2009წელს - 1 972, 2010 წელს კი - 2 155.

მნიშვნელოვნად გაიზარდა 55-დან 59 წლამდე და 60-დან 64წლამდე გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი. მაგალითად, თუ 2006 წელს 55-დან 59 წლამდე ასაკის 1 996 ადამიანი დაიღუპა, 2010წელს ეს მაჩვენებელი 2 705-მდე გაიზარდა. 60-დან 64 წლის ასაკში გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2006 წელს 1 886 ადამიანი შეადგინა, 2010 წელს კი - 3 112.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სიკვდილიანობის ასაკი გაახალგაზრდავდა და თუ ერთ დროს, სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკი დაახლოებით 76 წელი იყო, დღეს უკვე 65 წლამდე ჩამოვიდა.

“განსაკუთრებით სიკვდილიანობისშემთხვევები მამაკაცებში ფიქსირდება, მაგალითად, 2010 წელს სიკვდილიანობის კოეფიციენტი მამაკაცებში იყო 5%, ქალებში კი -1,3%. პენსიაა ერთადერთი, რაც ამ ადამიანებისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, ამიტომ მიმაჩნია, რომ საპენსიო ასაკი აუცილებლად უნდა დაწიონ. მამაკაცებმა პენსია 60 წლის ასაკში უნდა აიღონ, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისევ გაიზარდოს”, - აცხადებს დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე.

მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ჯუჯა სახელწიფოები უფრო გამოირჩევიან. მაგალითად, ანდორაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 83,51 წელია. ეს ქვეყანა არის ძალიან პატარა და სულ რაღაც 72 000 მოსახლე ცხოვრობს. მაკაოში სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 82,19 წელი, სან-მარინოში - 81,71 წლი. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა. მისი მოსახლეობა 30 000 კაცს შეადგენს.

დიდი ქვეყნებიდან აღსანიშნავია იაპონია, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 81,25 წელია, აგრეთვე შვედეთი (80,51 წელი) და ავსტრალია (80,49 წელი). საყურადღებოა, რომ დედამიწაზე 1800 წლისათვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 წელს არ აღემატებოდა, 2000 წლისათვის კი 69 წელი შეადგინა.