შემოდიოდა სიკვდილი ცელით...

შემოდიოდა სიკვდილი ცელით...

თეატრალებში ყოველთვის გაკვირვებას იწვევდა ის ფაქტი, თუ რატომ იყო აკაკი ხორავა, ეს გოლიათური აღნაგობის მსახიობი, ასე შეშინებული საბჭოთა რეჟიმის მიერ?! რაიკომის ინსტრუქტორი კაბინეტს თუ მიუახლოვდებოდა, აკაკი ხორავა უმალვე ფეხზე წამოდგებოდა და კართან მიეგებებოდა. დიდი მსახიობის ასეთი უცნაური ეტიკეტი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას აღიზიანებდა. 

მოგვიანებით თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე კგბ-ში აკაკი ხორავას პირად საქმეს გასცნობია და მისი მოქმედებისთვისაც ახსნა მოუძებნია. კგბ-ს ჩანაწერებში ასეთი რამ ფიქსირდებოდა, თურმე ერთ-ერთი ოჯახის სუფრასთან ნასვამი აკაკი ხორავა ფეხზე ამდგარა და იუნკრების, ამ დახვრეტილი მებრძოლი ბავშვების, სადღეგრძელო დაულევია. ცხადია, მისი საქმე კგბ-ში იდო; მეტიც, ყველაფერი, რაც კი ოდესმე უთქვამს, მის საქმეში ჩაეკერებინათ. მათ შორის, მისივე ნათქვამი, რომ სტალინმა კოლექტივიზაციისას შეცდომა დაუშვა. კგბ-მ ისიც იცოდა, რომ თავის დროზე აკაკი ხორავა სენაკში მენშევიკებთან ერთად იარაღით იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ.

1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოიჭრა. ამას წინ უსწრებდა იუნკრების გმირული ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ: ტაბახმელა-კოჯრის ფრონტზე სანიტარულ ორთვალაზე მჯდომი მოწყალების დის, მარო მაყაშვილის დაღუპვის ამბავი, რომელიც დაჭრილი თანამოძმეებისკენ მიიჩქაროდა, ამ დროს კი ორთვალას მახლობლად გამსკდარი ჭურვის ნამსხვრევი თავად მას თავში მოხვდა და იქვე გამოასალმა სიცოცხლეს... მარო მაყაშვილის დაღუპვას მოჰყვა იუნკრების -არჯევან ანანიაშვილის, ალექსანდრე ახვლედიანის, პავლე იაკობაშვილის, დამცავი ბატალიონის ჯარისკაცის პავლე ბეშკენაძის და სხვათა გმირულად დაღუპვის ამბავი... 

მათი დაკრძალვის პროცესიას თავად კათალიკოსი ლეონიდე ხელმძღვანელობდა. ვეებერთელა სამხედრო ტაძარი ხალხს ვერ იტევდა. შუაში შემაღლებულზე ესვენა მარო მაყაშვილი, რომელსაც სუდარის ნაცვლად სამფეროვანი ქართული დროშა ჰქონდა გადაფარებული, რომლის კალთაც ქვემოთ განლაგებულ იუნკერთა კუბოებს ეფინებოდა. მოგვიანებით გმირების  საპატივსაცემოდ მათ ორმოცზე მისული ხალხი დაურბევიათ, ბევრი მათგანი კი დაუჭერიათ.

25 თებერვლიდან მოყოლებული, ბოლშევიკები სამი დღის განმავლობაში ძარცვავდნენ და კლავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ამ დროს კი ვინმე ეფიმოვი უსირცხვილოდ წერდა გაზეთ „ზარიას“ ფურცებზე, თითქოს წითელ არმიელებს ადგილობრივი მოსახლეობა წითელი დროშებითა და ყვავილებით ეგებებოდა, ისმოდა მისალმების შეძახილები. სინამდვილეში, ქუჩები დაცარიელებული იყო. ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებდა, რომ მაშინდელ ერევნის მოედანზე უძილობისგან თვალებჩაღამებული ორი მოხუცი დაინახა, იქვე შეწუხებული პოლონელიც გამოელაპარაკა და დაამშვიდა, სამ თვეში ჟორდანიას მთავრობა ისევ თბილისში იქნება და ესენი აქ მეტს ვერ გაძლებენო. მხოლოდ რუსი ქალების პატარა ჯგუფი ზეიმობდა, ხითხითებდნენ და უცდიდნენ თავიანი მოძმეების ქალაქში შემოსვლას. მართლაც, ლესელიძის ქუჩიდან ცხენოსანთა რაზმი გამოჩნდა და რუსულად შესძახა, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას, ურა! საპასუხო „ურას“ მთქმელი არავინ იყო, იმ რამდენიმე რუსის ქალის გარდა.

მრავალი ადამიანი დააკავეს, თუმცა თავიდანვე სიკვდილით ბევრი არ დაუსჯიათ. ლენინმა  ურჩია ქართველ კომუნისტებს, არ მიემართათ იმ ზომებისთვის, რომლებიც თავად გამოიყენა რუსეთში. ამიტომ რუსიფიკაცია თავდაპირველად შეფარულად მიმდინარეობდა.   

სამწლიანი დამოუკიდებლობის გამოცხადება საქართველოს ძვირად დაუჯდა. არადა, თავის დროზე ქართველებმა დამოუკიდებლობა პომპეზურად აღნიშნეს. მწერალთა კავშირმა მამა დავითზე ილიას, აკაკის და დიმიტრი ყიფიანს პანაშვიდი გადაუხადა და საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, 1918 წელს, ბოლშევიკების ჯარები პირველად შემოიჭრნენ, თუმცა ქართველებმა ისინი სასტიკად დაამარცხეს. რუსეში მაშინ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და საქართველოს დასაპყრობად მრავალრიცხოვანი ჯარის გამოგზავნა არ შეეძლოთ. თუმცა, ამან ხელი არ შეუშალა რუს კომუნისტებს, ფული და იარაღი დაერიგებინათ დეზერტირებისა და ბანდიტებისთვის, რომლებიც კომუნისტების საყრდენ ძალას წარმოადგენდა. 1920 წელს რუსეთში სამოქალაქო ომი თეთრგვარდიელების დამარცხებით დასრულდა და კომუნისტებმა აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის მოიცალეს. ფოილოს ხიდთან ქართველებმა კვლავაც სასტიკად დაამარცხეს მომხდურნი და ტყვედაც აიყვანეს. ტყვეთა შორის ყველა რუსი იყო. ამდენად, კომუნისტების განცხადება იმის თაობაზე, თითქოს 1920 წელს საქართველოს აზერბაიჯანლებმა შეუტიეს და არა რუსებმა, სიცრუე იყო. წითელ არმიელების ყველა საჯაროსო დანაყოფი რუსებით იყო დაკომპლექტებული.

ამასობაში აზერბაიჯანი გააწითლეს. ბაქო ვერ ეგუებოდა ახლად დამყარებულ კომუნისტურ რეჟიმს, ყველაფერი ჩაბნელებული და ჩალეწილი იყო, მაღაზიები დახურული, არაფერი იშოვებოდა. აზერბაიჯანიდან ყველა საქართველოში გარბოდა, რომელსაც სამოთხეს ეძახნენ. ნახევარი ბაქო კი ჩეკაში იჯდა-ზოგი საბოტაჟისთვის, ზოგი სიმდიდრისთვის, ზოგი სპეკულაციისთვის. ბაქოს დაკავების შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგა. ორჯონიკიძე იმ დროს ბაქოში იმყოფებოდა და მეთერთმეტე არმიით საქართველოზე სალაშქროდ ემზადებოდა, მაგრამ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარს, უმიზეზოდ ვერ გადალახავდა. არადა, საქართველოშო შემოსვლა უზომოდ სწყუროდა. ამიტომ საზოგადოებას ფსიქოლოგიურად ამზადებდა: თითქოს საქართველოში მუშებს ავიწროებდნენ, აწამებდნენ და მუშურ-გლეხური ხელისუფლება ასე გულგრილად არ უნდა ეცქირა მათი ტანჯვისთვის. ამიტომ მეთერთმეტე არმია საქართველოსკენ დაიძრა. მთელი საქართველო ფეხზე დადგა, თვით ქართველი ბოლშევიკებიც კი ფრონტზე მიდიოდნენ, რადგან სწამდათ, რომ ნამდვილი ბოლშევიკები საქართველოში არ შემოიჭრებოდნენ და ესენი მხოლოდ შავრაზმელი რუსი შოვინისტები იყვნენ.

ქართველების დამარცხების შემდეგ დაიწყო რეპრესიები. ანტისაბჭოურობა დასწამეს ბევრ ადამიანს. განსაკუთრებით, ინტელიგენციასა და სასულიერო პირებს დაერივნენ. მიხეილ ჯავახიშვილს თავისი მეგობრისთვის უთქვამს, საოცარია, კაცო, ქართველებსა და ევროპელებს პირველი ჯგუფის სისხლი გვაქვს, როგორც ჩანს, ეს ინდოევროპული სისხლი განსაკუთრებული არის, კულტურაც ამან შექმნა, საოცარია, სხვა ერებს არ აქვთ პირველი ჯგუფის სისხლიო. მისი „მეგობარიც“ წასულა და მწერალთა კავშირის თავმჯდომარის სახელზე დაუწერია განცხადება, მიხეილ ჯავახიშვილი ჩემთან ფაშისტურ იდეებს ქადაგებდაო. მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე საღი გონების კაცი ყოფილა, და უთქვამს, იცი, რას გეტყვი, ეს შენი განცხადება „ნიანგში“ წაიღე, ისეთი სასაცილოა, ხალხი იცინებსო. ისიც შეურაცხყოფილი გამოსულა და იმავე შინაარსის განცხადება უკვე ცეკაში უფრენია. მოგვიანებით ეს „დანოსი“ უკვე დაჭერილ მიხეილ ჯავახიშვილსაც წარუდგინეს, როგორც მისი ფაშისტური იდეოლოგიის პროპაგანდა. ამას დაემატა ბერიას მიერ მეტეხის ეკლესიის დანგრევის მცდელობა. მწერალთა ჯგუფი მასთან სათხოვნელად მისულა. მათ აუხსნეს ბერიას, რომ მეტეხის ეკლესია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ნიმუში იყო და მისი დანგრევა არ შეიძლებოდა, მიხეილ ჯავახიშვილს კი უთქვამს, ასეთ ძეგლს ევროპაში ოქროს ზარდახშაში ჩასვამდნენო. ამის შემდეგ ბერიამ განკარგულება შეცვალა, მაგრამ გულში ბოღმა ჩაიდო. მოგვიანებით იქ მყოფი ყველა მწერალი დახვრიტეს.

იმ წლებში იყო ღალატისა და თავდადების მაგალითები: ერთ-ერთი ჩეკისტი ქალი დატყვევებულებს მათრახით სასტიკად სცემდა, მეორე ჩეკისტმა, გვარად აბაშიძემ, მას მათრახი გამოართვა და დაჭერილებს უთხრა, მე არ დაგარტყამთ, მაგრამ თქვენ იყვირეთო. ეს იმიტომ, რომ ჩეკაში გაეგოთ, თითქოს იგი მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და „ხალხის მტრებს“ სცემდა.

რეპრესიის წლებში 12 ხულოელი გლეხი იმ მოტივით დახვრიტეს, სიმინდის ნაცვლად მოხარშული სიმინდი დათესესო. მოგვიანებით მათ კვალს თანასოფლელებიც გაუყენეს. არადა, ვინ დაიჯერებდა საბჭოურ პროპაგანდას, რომ გლეხი მოხარშულ სიმინდს დათესავდა?! 

ხევსურები ქაქუცას თანაუგრძნობდნენ, მაგრამ ზოგიერთებს ნაკლებად სჯეროდათ მისი გამარჯვების. ერთ-ერთ მათგანს ისიც კი ეთქვა ქაქუცასთვის, შენ ეგ ცხენი და უნაგირი რად გინდა, მაინც მოგკლავენ, მე დამიტოვეო. ქაქუცას მიუგია: სადაც მე მოვკვდები, ჩემი ცხენი და უნაგირიც იქ დარჩებაო. რეპრესიებს ბევრი ხევსური შეეწირა, არც იცოდნენ, რისთვის მიჰყავდათ, ერთს ისიც უკითხავს, გამაგებინეთ, ტროცკი საჭმელია თუ სასმელიო?! ქარელში ერთი მოქეიფე კაცი სიმთვრალისას დაიჭირეს - შენზე ამბობენ, ტროცკისტიაო. რისი ტროცკისტი, მე ტროცკისტი კი არა, მუცლისტი ვარ, თუ რამე გაქვს, დამალევინეთ ან დუქანში ვიქეიფოთო.

სხვათაშორის, ტროცკისტობის მოტივით სვანეთში გრიგოლ გუჯეჯიანი აიყვანეს. ბინა რომ გაუჩხრიკეს, ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძული“ აღმოუჩინეს. ჩეკისტებს წიგნების არაფერი გაეგებოდათ და რახან საიდუმლო ეწერა, იფიქრეს, რაღაც საიდუმლოებასთან არის დაკავშირებული წიგნის მფლობელის საქმიანობაო.

ვაჟა ფშაველას შვილი ლევან რაზიკაშვილი კი იმიტომ დახვრიტეს, რომ, როგორც ადგილობრივ კომისარს, ქაქუცას შეპყრობა დაავალეს, მან კი საქმე ისეთნაირად მოაწყო, თითქოს ქაქუცამ პირიქით დაატყვევა. ლევან რაზიკაშვილმა უფროსებს  მოახსენა, ქაქუცას დასაჭერად მივდიოდი, მაგრამ მე ჩამიგდეს ტყვედო. რა თქმა უნდა, ეს არავინ დაუჯერა და დახვრიტეს. რაც შეეხება ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრს, ფშაველ პოეტ მიხა ხელაშვილს, ვერსად რომ ვერ მოიხელთეს, ჩეკისტები მის მოხუც დედას დახვდნენ გზაში და ჯერ ხანჯლის წვერებით დაჩხვლიტეს, შემდეგ ტყვია ესროლეს და მოკლეს. მოგვიანებით კი მძინარე მიხა ხელაშვილი საკუთარ მეგობარსა და ნათლიმამას მოაკვლევინეს.

ისიც ცნობილია, რომ თელავის მილიციის მაშინდელი უფროსი ვინმე ჭურღულია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცოლ-შვილის ცეცხლზე შემოდგმას კასრით აპირებდა, მაგრამ ამ საშინელი განზრახვის აღსრულება გადაუფიქრებია. 1924 წლის აჯანყების დროს ბიძინა პირველის ხელმძღვანელობით 300 შეიარაღებული სვანი ჩავიდა თბილისში. მათ ბოლომდე იბრძოლეს, ბევრი მათგანი მშობლიურ კუთხეში ვერც  დაბრუნებულა და გმირულად დაცემულა ბრძოლის ველზე. რამდენადაც გასაოცარი უნდა იყოს, ფილიპე მახარაძე ტყვედ ჩაგდებული, გადარჩენილი სვანების დახვრეტის მოწინააღმდეგე ყოფილა. მართლაც, ისინი მაშინ არ დაუხვრეტიათ, მაგრამ 1937 წელს კვლავ გაუხსენეს საქმე, დაიჭირეს და დახვრიტეს კიდეც. საპყრობილეში მყოფი ბიძინა პირველისთვის უკითხავთ, ხვალ დასახვრეტად გაგიყვანენ, რაღას ვარჯიშობო? მას უპასუხია: იმას არ ვათქმევინებ, რომ ბიძინა პირველ ტყვიაზე მოვკალით, ტყვიები უნდა ვახარჯინო, ამიტომ ძლიერი უნდა ვიყო და ვვარჯიშობო.

საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, რომ ჩეკისტებს ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილიც აუყვანიათ. პატიმრები იხსენებდნენ: მეტეხის ციხეში კარი გაიღო და  ივანე ჯავახიშვილმა შემოანათა. იგი მხოლოდ ერთი ღამით იყო, ყველანი ვაფასებდით, კარგი ადგილი დავუთმეთ, რადგან ქვეყნის ბრწყინვალე საზოგადოება იყო იმ დროის ციხეებში, რომლებმაც ინტელიგენციის ფასი იცოდნენ. საკანში შესვლისას ივანე ჯავახიშვილს პატიმრებისთვის მიუმართავს: ყმაწვილებო, ახალგაზრდებო, დღეს ძალიან დაღლილი ვარ და ხვალიდან დავიწყებთ საქართველოს ისტორიის კურსსო, მაგრამ მალევე გაუყვანიათ და ყველას ეგონა, დასახვრეტად მიჰყავდათ. ეს მოხდა 1927 წელს. პატიმრები შეშფოთებულან, ჯავახიშვილს კი დაუმშვიდებია, საქართველოს ამაზე უარესი დღეებიც უნახავსო. სხვათაშორის, მოგვიანებით, როცა უნივერსიტეტიდან გაუშვეს და ლექციების წაკითხვა აუკრძალეს, მაშინაც ივანე ჯავახიშვილს სტუდენტებისთვის იგივე უთქვამს: უარესი დღეებიც უნახავს საქართველოსო. 

გასაბჭოებას მოჰყვა გადასახლებებიც. ბაბო დადიანი იგონებდა, რომ „ხალხის მტრები“ პირუტყვის გადასაზიდ ეშელონებში შეყარეს. ვაგონებზე კი ასეთი ცინიკური წარწერა იყო გაკრული: „დობროვოლნო“, თითქოს ნებით მიდიოდნენ შუა აზიაში გადასახლებაში. თხები გამოიყვანეს ყაზახების გომურებიდან და რეპრესირებულებს დაბინძურებული, სველი მიწურები დაუთმეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ გადასახლებული ქართველების სახელზე მეგობრებისგან უამრავი დეპეშა მიდიოდა, შემდეგი შინაარსით: „გილოცავთ დაბადების დღეს“. ასე შეფარვით ამცნობდნენ სასიხარულო ამბავს, რამაც ფოსტაში მომუშავე ყაზახები გააკვირვა და იკითხეს: თქვენ, ქართველები, სუყველა ერთ დღეს დაიბადეთ?