ხერხი-5 - საქართველოს ხელისუფლება პარკების წინააღმდეგ

ხერხი-5 - საქართველოს ხელისუფლება პარკების წინააღმდეგ

თბილისში ისედაც მცირე გამწვანების განადგურება მზარდი ტემპებით მიმდინარეობს. ამჯერად ხელისუფლების მესვეურები ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის დასასვენებელ პარკს მიადგნენ. ოპოზიცია და არასამთავრობოები ამ ფაქტს აპროტესტებენ, თუმცა ნებისმიერი გამოსვლა დაკავებით სრულდება. 

ასე თუ გაგრძელდა, თბილისს რეალურად ფილტვების გარეშე დარჩენა ემუქრება. ბოლო ათწლეულებში, სრული უკანონობის ფონზე, დედაქალაქის მწვანე ზოლები კატასტროფულად განადგურებულია. ერთხელ გაიარეთ დასასვენებელ პარკებში და გული მოგიკვდებათ, ისეთი საგანგაშო მდგომარეობაა.

ვაკის პარკს მხოლოდ სახელიღა შემორჩა. რესტორნებმა, „ვისოლმა“, „ფრანგულმა სკოლამ“ და ა.შ. სარეკრეაციო ზონა ვიწრო ალყაში მოაქცია. სადაც ვერაფერი ააშენეს, შემოღობეს და ადამიანებს ტერიტორიაზე ფეხს არ ადგმევინებენ. ასეთია ე.წ. გოლფკლუბი „სამოთხეში“, რომელიც წლებია არ ფუნქციონირებს, მაგრამ ტერიტორიას მაინც „ამაგრებს“. საკითხავია, რა მაქინაციებით მოხდა ამ მიწის ხელში ჩაგდება.

წყნეთი–ბაგების მხრიდან უკვე მჭიდროდ მიადგნენ და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებს აშენებენ. ადამიანებს იქაც უკვე სამშენებლო გრუხუნში უწევთ „დასვენება“. ეს ის ადგილია, სადაც უამრავ მოსახლესთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა ნაკრებების წარმომადგენლები, მათ შორის რაგბისტები ვარჯიშობენ.

საინტერესოა, რომელ ქვეყანაში ააშენებინეს ქართულ მხარეს საელჩო მწვანე რეკრეაციულ ზონაში?

ამ ადგილებში იმდენი ხე გაიჩეხა და განადგურდა, რომ სამწუხაროდ, ამაზე ხმის ამოღებაც კი ვერავინ მოასწრო. ერთ–ერთმა ვეტერანმა სპორტსმენმა ამ ვანდალიზმზე რაღაც დაწერა პრესაში და „აორთქლებით“ ემუქრებოდნენ. ამასობაში, ჟანგბადი მართლაც აორთქლდა და თბილისი ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად გამოაცხადეს.

ყველას კარგად მოეხსენება, წლების განმავლობაშა რა უარყოფითი პროცესები მიმდინარეობდა მზიურის პარკში, იპოდრომზე, აღმაშენებლის ხეივანში, აეროპორტის გზაზე და სხვა ადგილებში. ბოლოს კიკვიძის ბაღის ჯერიც დადგა. თუ გინდათ გაიგოთ რას ნიშნავს ეს პარკი და ეს ხეები გარშემო მცხოვრები ადამიანებისთვის, გადით დილის საათებში და თავადვე დარწმუნდებით. უამრავი ადამიანი, ასაკოვნები, ქალები, ბავშვები სეირნობენ, ვარჯიშობენ და ცოცხალ ბუნებასთან სიახლოვეს ეზიარებიან. ამიტომ კიკვიძის პარკის განადგურება დანაშულია და ამის ჩამდენებს ადრე თუ გვიან კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ.

კიკვიძის ბაღს დიდი ტერიტორია ისედაც არ უკავია. უამრავი თავისუფალი ადგილია რაიონში და რაღა მაინცდამაინც პარკს მიადგნენ, ყოვლად გაუგებარია. ოპოზიცია და არასამთავრობოები დასმულ კითხვებზე პასუხებს ამაოდ ელიან. მათი თმით, ამ უბანში ეს ადგილი ერთადერთი გამწვანებული კუთხეა და შენობას არაერთი ნარგავი შეეწირება.

კერძოდ, ეკოლოგიის სამართლის ცენტრის წარმომადგენელთა განაცხადებით, სკვერებსა და პარკებში მშენებლობა კანონით აკრძალულია, ბოლო პერიოდში კი, თბილისში გამგეობისა და პოლიციის შენობებებს არაერთი პარკი შეეწირა.

ცენტრის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ვინაიდან შემოღობილია ტერიტორია, კანონის თანახმად, მშენებლობის ნებართვის შესახებ იქ უნდა იყოს განთავსებული საინფორმაციო ბანერი, რაც არ არის. მოსახლეობის განმარტებით იქ პოლიციის შენობის აშენება იგეგმება:

„ჩვენთვის არსებითი მნიშნელობა არ აქვს, რა ნაგებობა შენდება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ მშენებლობის და კანონიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარკებსა და სკვერებში მშენებლობა დაუშვებელია. არის თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება თბილისის სკვერებში, ბაღებში და სათამაშო მოედნების ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. არის პარლამენტის დადგენილება გამწვანების ზონების, პარკებისა და სკვერების დაცვის შესახებ. ასევე თბილისის მერიის დადგენილება. ყველა ამ ნორმატიულ აქტს და ქვეყნის ძირითად კანონს ეწინააღმდეგება, ის რასაც გეგმავენ“.

მისივე თქმით, კიკვიძის ბაღში თუ მშენებლობა არ შეჩერდა, ეს იქნება კატასტროფა, რადგან ნაძალადევის რაიონში, სადაც ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, კიკვიძის სკვერი ერთადერთია:

„ვითხოვთ, რომ შეწყდეს ყოველგვარი მშენებლობა. თბილისის ეკოლოგიისა და  გამწვანების სამსახურის ბალანსზეა ეს ტერიტორია. მათ ჩვენ წერილობით მივმართეთ და პასუხებს რომ მივიღებთ, ადმინისტრაციულ საჩივარს შევიტანთ და გავაპროტესტებთ გადაწყვეტილებას. აქ იგეგმება მრავალწლიანი ხეების მოჭრა და ეს არის დანაშაული“.

თბილისის საკრებულოს „რესპუბლიკელმა“ წევრმა თინა ხიდაშელმა მერიისგან კიკვიძის ბაღში მიმდინარე მშენებლობის შესახებ განმარტებები მოითხოვა. როგორც ხიდაშელმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, მან ოფიციალურად მიმართა მერიის გამწვანების, კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურს და მათგან დასკვნა მოითხოვა, რომლის საფუძველზეც კიკვიძის ბაღში ხეების მოჭრისა და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის შენობის მშენებლობის ნებართვა გაიცა.

ხიდაშელის თქმით, თუ ეს დასკვნა არ არსებობს, მაშინ კიკვიძის ბაღში მიმდინარე მშენებლობა უკანონოა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის, კოკი იონათამაშვილის შეფასებით კი, მიუღებელია ის კრიტიკა, რომელიც ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ისმის. მისი თქმით, კიკვიძის ბაღში რამდენიმე ხე მართლაც მოიჭრა, თუმცა სანაცვლოდ სხვა ხეები ირგვება.

ახლა დედაქალაქის ერთ–ერთ რიგით მაცხოვრებელსაც მოვუსმინოთ. გრიგოლ მექვაბიშვილი, 63 წლის: „ცოტაა თბილისში ადგილი? ნახევარი თბილისი დანგრეული და გაუბედურებულია და ორი ხე სადაც ნახეს, მაინცდამაინც იქ მოუნდათ აშენება. ისედაც გაუდაბნოებული და გაუბედურებული ლანდშაფტია თბილისის გარშემო, თუ არ ამწვანებთ, ძველს მაინც ნუ ერჩით! მე ყველა ხეს ველოლიავები ხოლმე, ხე სიცოცხლეა, არაფერი ისე არ ალამაზებს ქალაქს, როგორც მწვანე ნარგავი“.

აქტივისტების ერთი ჯგუფი უკვე ორი კვირაა კიკვიძის ბაღში მორიგეობს და ხეების გაჩეხვას აპროტესტებს. ერთ–ერთი მათგანი ლაშა ჩხარტიშვილია, რომელიც ბაღში დააკავე და ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს. 

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებამ“ ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება გააპროტესტა: „გავრცელებული ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, რომ ლაშა ჩხარტიშვილი ორმოში ჩავიდა და მუშებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, რამდენადაც ვიცით, ლაშა ჩხარტიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით გაასამართლებენ“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოალიცია თანადგომას უცხადებს და ბოლომდე დაიცავს „კონსერვატიული პარტიის“ წევრის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ეკოლოგიის ქვეჯგუფის თავმჯდომარის ლაშა ჩხარტიშვილის უფლებებს:

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება თავად ატარებდეს გარემოს დაცვის ღონისძიებებს, აკავებს იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებიან გარემოს დაბინძურებისკენ მიმართულ ყველა მოქმედებას. კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღება გარემოს მიმართ უდიერ დამოკიდებულებას და არ დაუშვებს სარეკრეაციო ზონებში ნებისმიერი სახის მშენებლობას“.

ასევე, „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დააკავეს არიან მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მიხეილ მესხი, დავით ფაცაცია, გიორგი აფხაიძე და გიორგი ფარესაშვილი.