თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების მიერ ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი, ასევე 2015 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება.
შესაბამისი ცვლილებები "საგადასახადო კოდექსში" აისახება, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.
ამავე პროექტით, 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში, ელექტროენერგიის მიწოდებიდან წარმოშობილი ვალის მოვალესთვის პატიების შემთხვევა, მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებად არ ჩაითვლება და დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საფუძველი არ იქნება. ასევე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებიდან წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი.
პროექტის განხილვას და მიღებას მთავრობა პარლამენტისგან დაჩქარებული წესით ითხოვს.