შაშკინი მიმინოშვილის წინააღმდეგ

შაშკინი მიმინოშვილის წინააღმდეგ

წლების განმავლობაში ეროვნული გამოცდები ქართული მედიის ყურადღების ცენტრში იყო და გამოცდების ეროვნული ცენტრის ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით  ყველა ნაციონალურ არხზე საგანგებო სიუჟეტი გადიოდა. პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან მსოფლიო ბანკის ანგარიშში საქართველოში გატარებულ რეფორმებს შორის უშუალოდ გამოცდების სისტემაში გატარებული რეფორმა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

მსოფლიო ბანკის ასეთი შეფასება საკმაოდ მნიშვნელოვანია და, წესით, ხელისუფლება ამას კარგად უნდა იყენებდეს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამაზე ხმა არავის, მათ შორის არც განათლების სამინისტროს ამოუღია.

თუკი იმ ფაქტორს გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალურ არხებზე მხოლოდ ის ინფორმაცია გადის, რაც ხელისუფლების ინტერესებში შედის, ადვილი წარმოსადგენია, რომ საინფორმაციო წყაროებში ეროვნული გამოცდების ცენტრის დაბლოკვა ხელისუფლების ინტერესების გამო ხდება.

რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ასეთი რეიტინგული ორგანოს დაბლოკვა, როდესაც პიარისთვის დაუმთავრებელ შენობებსაც კი რამდენჯერმე ხსნიან? 

Presage.tv-ის ინფორმაციით, ეს მხოლოდ განათლების მინისტრის გამო ხდება, რადგან მაია მიმინოშვილი უშუალოდ შაშკინს არ მოსწონს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გამოცდების რეფორმა განათლების რეფორმაზე გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა. ამის დამადასტურებლად არაერთი მაგალითის მოტანა შეიძლება. თუნდაც ის, რომ სკოლებში ძირითადად ვერ ხდება ვერც განათლების მიღება და ვერც თავად სკოლების მართვა. კიდევ ცალკე საკითხია ის, რომ შაშკინი დირექტორებსა და მასწავლებლებს როგორ ექცევა, როგორ ლანძღავს ნებისმიერ მათგანს, ვინც საკუთარი გუნდის წევრი არ ჰგონია.

ცხადია, თუკი ამ ეტაპზე მიმინოშვილის წინააღმდეგ რაიმე ქმედებები არ ხორციელდება, მხოლოდ მოახლოებული არჩევნების გამო ხდება. შაშკინი პრეზიდენტთან რაც არ უნდა დაახლოებული პირი იყოს, მის გამო სააკაშვილი არჩევნების წინ საზოგადოებას დამატებით ამ თემასაც არ მისცემს სალაპარაკოდ.

მაგრამ  როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, შაშკინს მიმინოშვილზე შურისძიება უკვე ჩაფიქრებული აქვს და ამის განხორციელებას არჩევნების შემდეგ გეგმავს. საქმე ის არის, რომ განათლების სამინისტროში მუშავდება გეგმა, რომელიც ეროვნული გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მხოლოდ საატესტატო გამოცდების შედეგებით მოხდება. ამის შესახებ თითქმის ყველა სკოლაში ლაპარაკობენ  გახარებული უფროსკლასელები.

ჩვენ ვცადეთ, ამის შესახებ კომენტარი რომელიმე უწყებაში მაინც მოგვეპოვებინა, მაგრამ განათლების სამინისტროს პრესსამსახური, როგორც წესი, არანაირ კითხვას არ პასუხობს. ეროვნული გამოცდების ცენტრის პრესამსახურის ხელმძღვანელმა კი მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს და მისთვის გაუგებარია, „ასეთი სისულელე საიდან მოვიტანეთ“.

თუმცა, თბილისის რამდენიმე სკოლაში, ბავშვები ერთობლივად რომ ვერ მოიგონებდნენ, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, „რაღაც სისულელეს“, ცხადია. ჩვენი წყარო კი დაბეჯითებით ირწმუნება, რომ განათლების სამინისტროში აშკარა დაპირისპირებაა და, შაშკინის ინტერესს ყველაზე წარმატებული რეფორმა ეწირება იმის გამო, რომ შაშკინს მიმინოშვილი თვალში არ მოსდის.