უკრაინა გმობს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დადებულ "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას" და აღნიშნული ნაბიჯი მიაჩნია რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად და უგულვებელყოფად. ამის შესახებ საუბარია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"ტერიტორიების მიტაცება იმ რაიონებში, რომლებიც ესაზღვრება დასახლებულ პუნქტებს წითელუბანსა და ორჭოსანს, რაც ამ დღეებში განხორციელდა, ადასტურებს რეგიონში რუსეთის მცოცავ ანექსიას. საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარვევა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე აგრესია თანამედროვე მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას არღვევს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ უკრაინა გმობს ამგვარ ქმედებებს, რომლებიც ინსპირირებეულია რუსეთის მხრიდან და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო საზოგადოებას ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის (საქართველოს) ანექსიის წინააღმდეგ კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს.