"კორპორატიული ბილეთები"- „ეს ნორმალური პროცესია...მას მიიღებს ყველა სამინისტრო“

ვიცე- პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სახელმწიფო უწყებების მიერ ფეხბურთის ფედერაციიდან უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების მოთხოვნაში "სენსაციურს" ვერაფერს ხედავს. როგორც კალაძემ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავს მატჩებზე მთავრობისა და სახელმწიფო უწყებებისთვის ყოველთვის ხდება "კორპორატიული ბილეთების" გამოყოფა.

'ეს სიახლე არ არის. ეს ნორმალური პროცესია, რაც ყველა თამაშზე ხდება ხოლმე. არსებობს კორპორატიული ბილეთები და აქ სენსაციური არაფერი არ არის. თუ არ ვცდები, 22 ათასი ბილეთის გარდა, რომელიც გულშემატკივრებისთვის იყო განკუთვნილი, არსებობდა 5-6 ათასი კორპორატიული ბილეთი, რომელიც უეფამ გამოყო მთავრობისთვის. შესაბამისად, მას მიიღებს ყველა სამინისტრო, რომელსაც აქვს გაგზავნილი მოთხოვნა", - განაცხადა კალაძემ უბილეთოდ დარჩენილი გულშემატკივრების პრეტენზიებზე კომენტირებისას, რომელთა ინფორმაციითაც, ბილეთების ნაწილის გაყიდვა არ მოხდა სხვადასხვა სამინისტროსთვის მათი გამოყოფის მიზნით.