რუსეთი აშკარად გამოხატავს მისწრაფებას იმ გეგმის განსახორციელებლად, რომელიც ენერგოდერეფნების კონტროლს შეეხება

რუსეთი აშკარად გამოხატავს მისწრაფებას იმ გეგმის განსახორციელებლად, რომელიც ენერგოდერეფნების კონტროლს შეეხება

ის, რისი მოწმენიც ვართ, ქართულ-რუსული ურთიერთობების თემას მნიშვნელოვანწილად სცილდება, - ასე აფასებს პარლამენტის ტერიტირიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელი გია ვოლსკი გორის რაიონში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას. დეპუტატის განცხადებით, საქმე უკვე ენერგოდერეფნების კონტროლს შეეხება.

"რისი მოწმენიც ვართ, მნიშვნელოვანწილად და ახლა უფრო განსაკუთრებით ქართულ-რუსული ურთიერთობების თემას სცილდება. აქ უკვე აშკარად იგრძნობა, რომ ჩართულია ის მილსადენი, რომელიც ალტერნატიულს წარმოადგენს. ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე ის მექანიზმი მყარდება, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შერთებული შტატები და ევროკავშირი ჯერ კიდევ 2006 წელს და 2007 წელს აფრთხილებდა. სამხედრო ბაზებით ჩრდილოკავკასიის ზურგის გაძლიერებასთან ერთად, რუსეთი არღვევს ყველა ხელშეკრულებას და უკვე აშკარად გამოხატავს თავის მისწრაფებას იმ სტრატეგიული გეგმის განსახორციელებლად, რაც ენერგოდერეფნების კონტროლს შეეხება. ეს ყველაფერი რუსეთს ჩამოწერილი ჰქონდა 2006 წელს, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც 2020 წლამდეა დამტკიცებული. ასე რომ, ჩვენ სწორედ ამ კუთხით უნდა ვიფიქროთ და საერთაშორისო თანამეგობრობაც უნდა დადგეს იმ პოზიციაზე, რომ რუსეთი ამ თავისი ოკუპაციით უპირისპირდება არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ინტერესებს", - განაცხადა ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტერიტირიული მთლიანობის აღდგენის დრობითი კომისიის ხელმძღვანელი მიმდინარე თვის ბოლოს გაერთიანებული სხდომის ჩატარებას გეგმავს. გია ვოლსკის თქმით, მას კონსულტაციები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პრემიერის საგანგებო წარმომადგენელთან, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი.