საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების წარმომადგენლებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან არსებული დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, როგორც შუამავალი მხარე რუსეთსა და საქართველოში შორის, შვეიცარია აპირებს გადაამოწმოს ეს ყველაფერი და რუსეთის პოზიცია მოისმინოს ბანერებთან დაკავშირებით.
„დეტალური ინფორმაცია მივიღეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ახალი ბანერების შესახებ, რომელიც საქართველოს საზღვართან რუსულმა მხარემ ჩადგა და საზღვრის იქით სუფსის მილსადენი მოექცა. ინფორმირებულები ვართ ამის შესახებ, როგორც შუამავალი მხარე, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებს. ვაპირებთ, გადავამოწმოთ ეს ყველაფერი და ასევე, გავაანალიზებთ საქართველოს მესიჯს. მოვისმენთ რუსეთის პოზიციას ამ ბანერებთან დაკავშირებით. გაკვირვებულები ვართ, რუსეთის ამ ქმედებით, სამწუხარო ქმედებაა“, - განაცხადა ბეხლერმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები აღმართა. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.