საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტზე რეაგირების მიზნით, ყველა საელჩო ინფორმირებულია

საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტზე რეაგირების მიზნით, ყველა საელჩო ინფორმირებულია

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედებით კიდევ ერთხელ დაირღვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და მოქალაქეთა უფლებები, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გორის რაიონში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს.

შესაბამისი განცხადება კობახიძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ძალისხმევას არ დაიშურებს.

"მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. ვგულისხმობ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საოკუპაციო ხაზის გადმოტანას, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან იმ პროვოკაციულ ქმედებას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარღვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, ჩვენი მოქალაქეთა უფლებები, ადგილობრივი მცხოვრებლების უფლებები, განსაკუთრებით საოკუპაციო საზღვართან ახლოს მცხოვრები ადამიანის უფლებები. ეს არის ჩვენი შფოთვის და განსაკუთრებული წუხილის საგანი", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ რეჟიმში მუშაობს, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ყველა საელჩო და პარტნიორები როგორც ბრიუსელში, ასევე ეუთოში, გაეროში.

"არის მოწოდება, რომ მოხდეს რუსეთის ფედერაციისადმი მიმართვა, რათა ეს ქმედებები იყოს აღკვეთილი და მშვიდობიან ფორმატში – ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ჩართვით, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ჩართვით, ფაქტზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფს, უსწრაფესი რეაგირება მოხდეს", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა.