"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული საბჭოს წარმომადგენლების განცხადებას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის კედელზე რამდენიმემეტრიანი ბანერი გამოაკრეს. ბანერზე გამოსახულია შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მისი მოადგილე გიორგი თორთლაძე, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და გორის ვიცე მერი ნუკრი ჯოხაძე. აღნიშნულ ბანერზე მოზრდილი ასოებით არის წარწერა: "ბიუჯეტის ქურდები".
შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი თოთლაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ კორუფციასთან მისი კავშირი და "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაკეთებული ბრალდებები აბსურდია და მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია მიიღო, სიცილს ვერ იკავებს.
რაც შეეხება გორის საკრებულოს თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს, რომლის სურათიც ასევე აღნიშნულ ბანერზეა, კობერიძე აღშფოთებას ვერ მალავს და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აღვირახსნილ ქმედებას საზღვარი აღარ აქვს.
ბანერზე ასევე გამოსახულია გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილი სურათი. იგი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრალდებას კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით აბსურდს უწოდებს. გამგებლის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაც 9 წლის განმავლობაში ვერ შეძლო და გორის რაიონში პროექტები ვერ განახორციელა, მათ 9 თვის განმავლობაში შეძლეს.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ ნეპოტიზმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, ონიაშვილი აღნიშნულ ფაქტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ კადრების შერჩევა მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით ხდება. მისი დის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში დასაქმებასთან დაკავშირებით კი, ონიაშვილი ამბობს, ა(ა)იპ-ის თავისი ხელმძღვანელი ჰყავს და თავად იღებს გადაწყვეტილებას ვინ დაასაქმოს სამსახურში.