ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხლავა პროკურატურას ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელებთან შეთანხმებაში ადანაშაულებს.
როგორც ფირცხალავამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმის განხილვისას დღეს განაცხადა, რამდენიმე დღის წინ ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც მოთავსებულია 7 რიგითი სპეცრაზმელი ერთ საკანში, იმყოფებოდა პროკურატურის წარმომადგენელი. ფირცხალავას თქმით, მისი საკნის კარი ბოლომდე არ იკეტება და დაინახა თუ როგორ შედიოდა პროკურორი და ორ-ორად გამოჰყავდა ბრალდებულები. ბრალდებულები კი, როგორც ფირცხალავა აცხადებს, ბრუნდებოდნენ ჩვენების ფურცლებით, რომლის მიცემაც პროკურატურამ სასამართლოში დაავალა. ამის სანაცვლოდ კი ფირცხალავამ აღნიშნა, რომ მან მოისმინა საკნიდან ფრაზები, რომლის მიხედვითაც ბრალდებულები ამბობენ, რომ ადვოკატი, ვინმე იაგო ეუბნებოდათ, რომ ვინმე ჯარჯი – პროკურორი მათ შეღავათებს დაპირდათ. კერძოდ, ფირცხალავას თქმით, ბრალდებულები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, რომ ადვოკატმა აღნიშნა, რომ "ჯარჯიმ თქვა, ივლისი-აგვისტოა, ამ საქმით არავინ დაინტერესედებაო".
"ეს ჰგავს სიმართლეს. პროკურატურა აპირებს, რომ ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს, ნაწილს კი, განრიდება. ამის სანაცვლოდ კი მათი ჩვენებები, რომელიც დახურულ კარს მიღმა მისცეს, გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მოიტანონ და ჩადონ ჩვენს საქმეში. მე ვამბობ, რომ ეს ადამიანები, რიგითი სპეცრაზმელები არიან უდანაშაულოები, ისინი ჯერ დააკავეს, შემდეგ კი ცდილობენ მათ მორალურად გატეხვას", - განაცხადა ფირცხალავამ და აღნიშნა, რომ თუკი ინფორმაციები გამართლდება, იგი სასამართლო პროცესზე აღარ გამოცხადდება და ადვოკატზეც უარს იტყვის, მის ინტერესებს კი ფორმალურად დაიცავს სახაზინო ადვოკატი.
ფირცხალავას განცხადების გაკეთების შემდეგ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების უფლება ყველა ბრალდებულს გააჩნია. მოსამართლემ ფირცხალავას მისამართით კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენებები, მის მიერ განსახილველ საქმეს არ დაერთვება.
ფირცხალავას მიერ გაკეთებულ განცხადებას სასამართლოს სხდომაზე გამოეხმაურა საქმის პროკურორი. ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს ფირცხალავამ მიაწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება და მატროსოვის ციხეში შეთანხმებაზე მოლაპარაკებისთვის ბრალდების მხარის წარმომადგენელი არ ყოფილა. პროკურორის თქმით, ძნელია ფირცხალავას განცხადება დამაჯერებლად იქნას აღქმული, რადგან მისი საკნის კარი ღია ვერ იქნებოდა და ასეც რომ ყოფილიყო, ბრალდებული ფირცხალავა ვერ დაინახავდა რა ეწერა ფურცლებზე, რომელიც მისი თქმით, ბრალდებულებს ეჭირათ.