ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არანაირი საუბარი აფხაზეთის მონაკვეთზე სატრანზიტო რკინიგზის აღდგენაზე არ შეიძლება იყოს, როდესაც საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები.
კვირიკაშვილის თქმით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატში აფხაზეთის რკინიგზის საკითხის შესაძლო განხილვა, გამორიცხულია.
„ეს არის გამორიცხული. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატური ქმედებები, როდესაც ხელი ეწერება ინტეგრირების ხელშეკრულებას ჩვენს რეგიონებთან, გამორიცხულია რაიმე ტრანზიტის აღდგენაზე საუბარი. რაც შეეხება მთლიანობაში ტექნიკური საკითხების განხილვას, როგორიც მაგალითად ლარსის საბაჟოზე ავტომობილების გადასვლა–გადმოსვლის საკითხია, ასეთი საკითხები აქამდეც იდგა, თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ვნახეთ ბოლო დღეების ქმედებები, რაიმე ეკონომიკური საკითხების განხილვისთვის ძალიან არასახარბიელო ფონია შექმნილი“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.